Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არ დამიძალებია ბავშვებისთვის საკვები… სულ მინდა, რომ ყველა კმაყოფილი იყოს,“ - როგორია ოთხი შვილის დედის, თაკო ტაბატაძის საოჯახო რუტინა

„არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არ დამიძალებია ბავშვებისთვის საკვები… სულ მინდა, რომ ყველა კმაყოფილი იყოს,“ - როგორია ოთხი შვილის დედის, თაკო ტაბატაძის საოჯახო რუტინა

ოთხი შვილის დედა, მსახიობი თაკო ტაბატაძე საოჯახო რუტინისა და ბავშვების კვების რაციონის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, თითოეულ ბავშვს საკვებს ინდივიდუალურად უმზადებს, რათა ყველა კმაყოფილი დარჩეს:

„გაგიზიარებთ ჩემს საოჯახო ფუსფუსსა და დილას. სახლში ბევრი ბავშვია და სულ მინდა, რომ ყველა კმაყოფილი იყოს. ოთხ ბავშვს რომ ერთი საკვები მოუმზადო და კმაყოფილი იყოს ოთხივე, ძალიან უცნაური იქნება. არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არ დამიძალებია ბავშვებისთვის საკვები. ვცდილობ ხოლმე, რომ რაღაც ალტერნატივა შევთავაზო. ხშირად არის ამაზე საუბარი, რომ ჭარბი წონისკენ მიდრეკილება ხშირად თურმე ბავშვობაში დაძალებით იწყება.“

თაკო ტაბატაძის თქმით, ბავშვების რაციონში უპირატესობა ხილს, ბოსტნეულს და ხორცს ენიჭება:

„უპირატესობას ვანიჭებთ ხილს, ბოსტნეულს, ხორციც არის ჩვენს რაციონში, მაგრამ ეს უკვე შუადღეს და საღამოს. დილით ყოველთვის ვიწყებთ შვრიის ფაფით, თუ უარს არ მეტყვიან გოგონები. გვაქვს ალტერნატივა წიწიბურა. შვრიის ფაფა რომ არ მოგვბეზრდეს, ვამდიდრებთ სხვადასხვა ინგრედიენტებით. კვებას და კვებას შორის, როდესაც ბავშვს მოშივდება და წახემსების სურვილი აქვს, ნახშირწყლებს და ცომეულს რომ არ მიეძალოს, მაგიდაზე სულ არის ხილი და ბოსტნეული. ჩემი და ჩემი მეგობრის აღმოჩენაა, რომ თურმე სულგუნს საოცრად უხდება ბროწეულის სოუსი. ბავშვებიც დიდი სიამოვნებით მიირთმევენ. ეს არის ჩემი დესერტი, რომელიც არის უგემრიელესი. კარგია, თუ დავამატებთ ნუშს, ცოტა მზესუმზირაც ძალიან უხდება. ნინის რაციონია ავოკადო და კვერცხი. ავოკადო მოვიგონეთ, იმიტომ, რომ რაღაც პერიოდი ჰქონდა, რომ არ მიირთმევდა დიდად საჭმელს. ძალიან ვეცადეთ, რომ რაღაც მოგვეფიქრებინა, რომელიც მოეწონებოდა. გავსინჯეთ ავოკადო, რომელიც ძალიან მოეწონა ჩვენს ძვირფას ნინის. ბავშვებს უყვართ საუზმის მომზადებაში მოხმარება. ეს სიფერადე ჩემი მარკეტინგული ხრიკია.“

„ძალიან ხშირად ვსეირნობთ, იმიტომ, რომ პატარებისთვის აუცილებელია სუფთა ჰაერი. მიუხედავად იმისა ქარია, ცივა თუ წვიმს, მაინც ვსეირნობთ. გუბეებში გვიყვარს ძალიან ხტუნვა. ოთხი შვილი, ამათი აქტივობებზე წაყვანა-წამოყვანა საუკეთესო ვარჯიშია. ძალიან უყვართ ცეკვა. კონცერტიც კი გვქონდა ერთად მე და ჩემს გოგონებს,“ - აღნიშნულ საკითხზე თაკო ტაბატაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად