Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთ დღეს მივხვდი, რომ ჩემს შვილს სუნთქვა არ შეუძლია, ეს იყო შოკისმომგვრელი,“ - ნუცა ქავთარაძე შვილის დიაგნოზის შესახებ საუბრობს

„ერთ დღეს მივხვდი, რომ ჩემს შვილს სუნთქვა არ შეუძლია, ეს იყო შოკისმომგვრელი,“ - ნუცა ქავთარაძე შვილის დიაგნოზის შესახებ საუბრობს

ტელეწამყვანმა ნუცა ქავთარაძემ ახალბედა დედებს თავისი რთული გამოცდილება გაუზიარა, როდესაც მან შვილის ფარულად მიმდინარე დაავადების შესახებ მიიტანა ეჭვი, თუმცა მისი არავის სჯეროდა:

„როდესაც სანი დაიბადა, ძალიან ვღელავდი. სულ მეგონა, რომ რაღაც სჭირდა. არ მყავდა თანამოაზრეები. დედაჩემი, ჩემი მეუღლე, გარშემომყოფები მამშვიდებდნენ, რომ გამივლიდა. მე ვატყობდი, რომ ბავშვს რაღაც სჭირდა. მოვიარე არაერთი ექიმი. ის ექიმებიც მეუბნებოდნენ, რომ ეს უბრალოდ ჩემი განცდები იყო, სანამ ერთ მათგანს არ მივაგენი, რომელმაც მომისმინა და დამიჯერა. საუბარია პილოროსტენოზზე, რომელიც თავს იჩენს ჩვილებში სამ-ოთხ თვემდე.“

ნუცა ქავთარაძის თქმით, სანის დიაგნოზი მწვავე რეფლუქსი იყო, რომელსაც მკურნალობა არ სჭირდება:

„სანის დაბადებიდან ორ კვირაში დაუდგინდა მწვავე რეფლუქსი. ეს არ არის სანერვიულო. მკურნალობაც კი არ სჭირდება და თავისით გაივლის. მეც სამი თვის მოლოდინში ვიყავი. სანის სხვა დაავადებისთვის გავრცელებული სიმპტომი არ ჰქონდა. როდესაც სანი იყო თვის და თხუთმეტი დღის მას დაემართა სპაზმი. ერთ დღეს მივხვდი, რომ ჩემს შვილს სუნთქვა არ შეუძლია, რომ ამოისუნთქოს, ის ვეღარ სუნთქავდა. ეს იყო შოკისმომგვრელი. ახლაც მიჭირს ამაზე გულგრილად საუბარი. ეს იყო ძალიან რთული. ესეც დაბრალდა იმას, რომ მას ჰქონდა რეფლუქსი. ეს სპაზმები ერთი კვირის განმავლობაში რვაჯერ განმეორდა. არ ვიცოდი, რა მექნა.“

„ამ დროს აღმოვაჩინე პედიატრი, რომელმაც მომისმინა. ახალბედა დედებს მინდა ვუთხრა, რომ როდესაც გაქვთ შეგრძნება, რომ თქვენს შვილს რაღაც აწუხებს, აუცილებლად ენდეთ თქვენს თავს და ნახეთ ადამიანი, რომელიც თქვენ გენდობათ, მოგისმენთ, მიგიყვანთ სწორ დიაგნოზამდე. აღმოვაჩინეთ, რომ სანის აქვს პილოროსტენოზი. საბოლოო ჯამში ყველაფერი ისე დასრულდა, რომ თვის და 21 დღის სანის ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სხვანაირად ეს დაავადება არ იკურნება. ის განსაკუთრებით ბიჭებშია ხშირი. პედიატრი თემურ მიქელაძე არის ის ადამიანი, რომელთაც ერთადაც აღმოვაჩინეთ ეს დაავადება,“ - აღნიშნულ საკითხზე ნუცა ქავთარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად