Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ორი წლის ასაკში ბავშვი, რომელიც ვერ ლაპარაკობს, თუ ცნობს ასოებსა და ციფრებს, ეს არის ატიპური განვითარება,“ - თამარ გაგოშიძე

„ორი წლის ასაკში ბავშვი, რომელიც ვერ ლაპარაკობს, თუ ცნობს ასოებსა და ციფრებს, ეს არის ატიპური განვითარება,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა და ბავშვის განვითარების ტრაექტორიებზე ისაუბრა:

„მშობლებს ხშირად აქვთ კითხვები: რა არის ტიპური განვითარება? რა არის ატიპური განვითარება? რა არის განვითარების დაყოვნება? რითი განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან? მოკლედ რომ ვისაუბროთ, მაგალითს მოვიყვან. როდესაც სახლს ვაშენებთ, მისი აშენება გარკვეული თანმიმდევრობით ხდება. ვცდილობთ, რომ კარგად გავაკეთოთ ფუნდამენტი, იმიტომ, რომ ფუნდამენტის გარეშე სახლი დაინგრევა. შემდეგ ამოგვყავს სართულები. მშენებლობას აქვს თავისი წესი. ბავშვის განვითარებაც ასეთია. ჯერ იყრება ფუნდამენტი.​ ეს არის მისი შეგრძნებები და მოძრაობები. ის გარემოს ასე შეიმეცნებს.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ტიპური განვითარების დროს პროცესები თანმიმდევრულია:

„მხოლოდ ამ ფუნდამენტის შემდეგ ბავშვი სახელს არქმევს იმას, რასაც ხელი მოჰკიდა, რაც გააგორა, რაც ჩაკბიჩა. ელემენტარული პროცესები ყალიბდება და ამის მერე ყალიბდება ენობრივი პროცესები. ჩვეულებრივი ტიპური განვითარება ასეთი თანმიმდევრობით არის. მას მერე, რაც ბავშვი ენას ითვისებს, მას უკვე ესმის მითითებები, უყალიბდება ნებელობა, იწყებს ასოების და ციფრების გარჩევას. ასეთი თანმიმდევრობით ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური განვითარება.“

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ ზოგადი კანონზომიერების პროცესში გარკვეული შეფერხება განვითარების დაყოვნებაზე მიგვანიშნებს:

​შეიძლება ზოგადი კანონზომიერების პროცესში რაღაც აირიოს. ეს არევა შეიძლება იყოს განსხვავებული. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ფუნდამენტი კარგად ვერ ჩაიყაროს. ასეთი ტიპის განვითარების დროს ხდება რაღაც პროცესების დაყოვნება, ვერ ეტევა პროცესები დროში. თუ ბავშვმა დროზე არ გაიარა, ხელი არ მოჰკიდა დროზე და კარგად ვერ შეიმეცნა საგნები შეგრძნებებით, სახელის დარქმევაც გვიან იქნება. ამას ვუწოდებთ ჩვენ გარკვეული სფეროს განვითარების დაყოვნებას. არის ისეც, რომ ყველა სფეროში ხდება ასეთი დაყოვნება. ამას გლობალურ დაყოვნებას ვუწოდებთ.“

„არის განვითარების ფორმა, როდესაც რაღაც სართულები სწრაფად შენდება. ფუნდამენტი ჩაყრილია და უცბად მესამე სართული შენდება, პირველი-ორი არ არის. ეს მესამე სართული ცაშია გამოკიდებული და მალევე ჩამოინგრევა, ცხადია. ამას ჩვენ ვუწოდებთ ატიპურ განვითარებას. აღმოჩნდება, რომ ორი წლის ასაკში ბავშვი, რომელიც ვერ ლაპარაკობს, ცნობს ასოებს და ციფრებს, როდესაც არ უნდა ცნობდეს ამ ასაკში. ეს არ არის ტიპური განვითარება. აუტიზმის სპექტრის აშლილობების შემთხვევაში გვაქვს შემთხვევები, როდესაც რაღაც უნარები ძალიან სწრაფად განვითარდა და რაღაცები არ ვითარდება,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

წაიკითხეთ სრულად