Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

მეცნიერები დედებს ყავის მიღებაზე ლიმიტის დაწესებისკენ მოუწოდებენ

მეცნიერები დედებს ყავის მიღებაზე ლიმიტის დაწესებისკენ მოუწოდებენ

დედების დიდ ნაწილს ყავა ძალიან უყვარს. ყავის ჭარბი რაოდენობით მიღება დედობის ერთ-ერთ „გვერდით მოვლენად“ ითვლება. ქალბატონები ხშირად ხუმრობენ, რომ დედობის ტვირთის გასაძლებად ყავის მიღება აუცილებელია.

შფოთვა დედების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი გამუდმებით ფიქრობენ, რა აქვთ გასაკეთებელი დღის განმავლობაში, აწყობენ მომავალი დღის გეგმებს და ბავშვებს ღამეებს უთენებენ. სწორედ ამიტომ დედებს ყავის მიღება ხშირად ესაჭიროებათ.

ზოგჯერ ქალბატონებს სათვალავი ერევათ და ვერ იხსენებენ, რამდენი ჭიქა ყავა დალიეს დღის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ყავა დედებს ძალიან უყავრთ, მეცნიერები ქალბატონებს ურჩევენ მიღებული კოფეინის რაოდენობა შეამცირონ, რადგან მას ადამიანის ორგანიზმზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

New York Post-ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ უახლეს კვლევაში აღნიშნულია, რომ ყავის მოყვარულებს თირკმლის დაავადებების განვითარების მაღალი რისკი აქვთ. მართალია, დედები ყველაზე მეტად შვილების ჯანმრთელობაზე ღელავენ, მაგრამ საკუთარ თავზე ფიქრიც მნიშვნელოვანია. ბავშვებს გვერდით ჯანმრთელი დედები სჭირდებათ.

კვლევის პროცესში მონაწილეების სისხლში მეტაბოლიტების რაოდენობას განსაზღვრავდნენ. ყავის მოყვარულების სისხლში ყავასთან დაკავშირებული ორი მეტაბოლიტი აღმოაჩინეს, რომლებიც თირკმლის ქრონიკულ დაავადებასთან არის კავშირში.

Healthline-ის ინფორმაციით, კოფეინი სწორედ იმ პრობლემების გამომწვევია, რომელთა მოგვარებას დედები ყავის დალევით ცდილობენ. მართალია კოფეინი ადამიანს აფხიზლებს, მაგრამ ის ამას ტვინის ქიმიური ნივთიერების დაბლოკვით ახერხებს, რომელიც დაღლილობის შეგრძნებას გიჩენთ. კოფეინის მიღება ხელს უწყობს ადრენალინის გამოყოფასაც, რის გამოც დედებს ღამე ხშირად შეშფოთებულებს ეღვიძებათ. ამგვარად, მანკიერი წრე იკვრება, რომლისგან თავის დაღწევა რთულდება.

ყავა სერიოზულ დამოკიდებულებასაც იწვევს და ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას. ზოგჯერ დედებს ყავის გარეშე ფუნქციონირებაც კი არ შეუძლიათ და მის მირთმევამდე თავის ტკივილი და კანკალი აწუხებთ. ეს არ გულისხმობს იმას, რომ დედებმა ყავის დალევაზე უარი უნდა თქვან, თუმცა გარკვეული ლიმიტის დაწესება აუცილებელია.

წყარო:​ Moms.com 

წაიკითხეთ სრულად