Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არასწორად არის მიღებული ნორმა, რომ სასკოლოდ ვემზადებით 4-5 წლის შუალედში, ჭეშმარიტი სასკოლო მზადება ხდება 0-3 წლის კატეგორიაში,“ - დიანა ტარიელაშვილი

„არასწორად არის მიღებული ნორმა, რომ  სასკოლოდ  ვემზადებით 4-5 წლის შუალედში, ჭეშმარიტი სასკოლო მზადება ხდება 0-3 წლის კატეგორიაში,“ - დიანა ტარიელაშვილი

ადრეული და სკოლამდელი ბავშვის განვითარების სპეციალისტი დიანა ტარიელაშვილი ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მშობლებმა შვილის სასკოლო მზადება 0-3 წლის ასაკში უნდა დაიწყონ:

„ჩვენს საზოგადოებაში არასწორად არის მიღებული, სამწუხაროდ, ნორმა, რომ ვემზადებით სასკოლოდ 4-5 წლის შუალედში. ჭეშმარიტი სასკოლო მზადება ხდება ​0-3 წლის კატეგორიაში. აქ ხდება ფუნდამენტების ჩადება. აუცილებელია, ბავშვს სიყვარული წიგნებისადმი ჩავუნერგოთ მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ხოხავს, ცოცავს ან ზის. როდესაც ბავშვი უკვე დაიწყებს სიარულს, მისი გაჩერება ერთ ადგილზე იქნება შეუძლებელი, მისი დაინტერესება სტატიკური გამოსახულებებით, გრაფიკული ნახატებით იქნება რთული.“

დიანა ტარიელაშვილი მშობლებს ურჩევს, ბავშვს წიგნები ექვსი თვის ასაკიდან აჩვენონ:

„ბავშვს ექვსი თვიდან ვაჩვენოთ წიგნები. სამ წლამდე ასაკში კონცენტრაციაზე მუშაობა ბავშვებს ძალიან უჭირთ. შევეცადოთ პირველ წიგნებში იყოს მინიმალისტური ნახატების ერთობლიობა. ვთქვათ, ფერებზეა წიგნები. წიგნში უნდა იყოს მაქსიმუმ სამი გამოსახულება ერთი ფერის. არ უნდა იყოს ძალიან ბევრი გამოსახულება, რადგან ბავშვს უჭირს რაღაც ერთზე კონცენტრირება. მერე ვზრდით, მრავალფეროვან ილუსტრაციებს ვთავაზობთ, მაგრამ თავიდან ბავშვებს უჭირთ კონცენტრაციაზე მუშაობა. ​ხმოვან წიგნებს რაც შეეხება, შევეცადოთ, რომ ხმოვანი წიგნები იყოს მინიმალური რაოდენობის, რადგან ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ წიგნი არის გამოსახულება და ტექსტი. არ უნდა ველოდო რაღაც ანიმაციებს, სიმღერებს და მუსიკას იმ წიგნიდან. უნდა ვიცოდე, რომ წიგნი არის სტატიკური გამოსახულება. წიგნში უნდა ჩავრთო ჩემი ტვინი, ჩემი აზროვნება, ჩემი შემოქმედებითობა, რომ წარმოვიდგინო ის ინფორმაცია, რასაც ვხედავ.“

დიანა ტარიელაშვილი მშობლებს ბავშვის სივრცითი უნარების გასავითარებელ პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევს:

„როგორ ხდება სივრცითი აზროვნების უნარის განვითარება? ვთქვათ, ბავშვი არის ექვსი თვის. ის ექვსი თვისთვის უკვე დაჯდა, დამოუკიდებლად ზის. ამ დროიდან უკვე ჩვენ მას ვთავაზობთ პირამიდას. ბავშვს ვთავაზობთ, რომ პირამიდიდან მოხსნას ერთ-ერთი რგოლი. ის ხედავს, რომ ხელის მანევრირებით ახერხებს რაღაც ღერძიდან მოხსნას და მოგვიანებით დასვას. ეს არის სივრცითი აზროვნების განვითარება. ​სწორი სათამაშოების შეთავაზებით ბავშვი გრძნობს, რომ ის ვითარდება.“

„წლამდე 30 წუთი საკმარისია, შემდეგ ვზრდით დროს. ​უკეთესი იქნება, თუ აქტიურ თამაშებს ლოგიკაზე, აზროვნებაზე, მეტყველებაზე გამოვიყენებთ დღის პირველ ნახევარში. დღის მეორე ნახევარში უფრო ვხატავთ, ვძერწავთ. მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა, როდესაც მიდის სათამაშოების მაღაზიაში, გაითვალისწინოს ის, რომ მისი შვილი არის ერთი წლის და რომელი სათამაშო სჭირდება მას, მიუხედავად იმისა, რომ იქ სათამაშოს, შესაძლოა, ეწეროს ექვსი წლიდან. თუ მშობელმა იცის, რომ ბავშვს სჭირდება ნატიფი მოტორიკის განვითარება, აუცილებლად სჭირდება წვრილი დეტალები. მან უნდა შეიძინოს პირამიდა, მოზაიკა, ლეგო და შესთავაზოს ბავშვს, აუცილებლად მეთვალყურეობის ქვეშ,“ - აღნიშნული საკითხების შესახებ დიანა ტარიელაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ საუბრობს.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად