Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობელს ჰგონია, რომ ბავშვი დანაყრდა, მაგრამ სწორედ აქედან მივდივართ მეტაბოლურ სინდრომებზე, შაქრიან დიაბეტზე,“ - თემურ მიქელაძე

„მშობელს ჰგონია, რომ  ბავშვი დანაყრდა, მაგრამ სწორედ აქედან მივდივართ მეტაბოლურ სინდრომებზე, შაქრიან დიაბეტზე,“ - თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში სწორი კვებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ნეგატიურად შეაფასა მშობლების მხრიდან ბავშვების ჭარბად გამოკვების ტენდენცია, რომელიც, პედიატრის თქმით, მეტაბოლურ დარღვევებს იწვევს:

„სწორედ ასეთი მიდგომებით არის მეტაბოლური დაავადებების სიჭარბე ქვეყანაში, ჭარბწონიანობის, შაქრიანი დიაბეტის. ყველაფერში აუცილებელია ზომიერება. ზომიერება არ ნიშნავს იმას, რომ დღეში საკვები მივცეთ სამჯერ. შეიძლება მისცე ხუთჯერ, ექვსჯერ. ყველაფერი უნდა გადანაწილდეს დროულად. ნებისმიერი საკვები უნდა იყოს ბალანსირებული. ​სწორი კვება არის საწინდარი სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკის. ყველა საკვებს გააჩნია თავისი ეპიგენეტიკური ეფექტები. მაგალითად, ქოლესტერინის შემცველობა დედის რძეში არის ძალიან მაღალი. აღმოჩნდა, რომ მაღალი ქოლესტერინი იცავს მოზრდილ ასაკში ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაციული განვითარებისგან. აღმოჩნდა, რომ დედის რძეში მაღალი ქოლესტერინი იშემიური დაავადებების, ათეროსკლეროზის განვითარების რისკს ამცირებს.“

თემურ მიქელაძის თქმით, როდესაც ბავშვი ამოჩემებულად მხოლოდ კონკრეტულ საკვებს მიირთმევს და დაბალანსებულად არ იკვებება, მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგება:

„მშობელს ჰგონია, რომ ეს ბავშვი დანაყრდა, მაგრამ ​სწორედ აქედან მივდივართ მეტაბოლურ სინდრომებზე, შაქრიან დიაბეტზე და ა.შ. წახალისება არამარტო კონკრეტული საკვები საშუალებებით, არამედ სათამაშოებითაც არ შეიძლება. ალბათ, გინახავთ, ბავშვმა ოღონდ ჭამოს და ზის პლანშეტთან. ახლა თუ მისცემთ ბავშვს რაღაც კონკრეტულ სათამაშოს, მერე ორჯერ მეტ სათამაშოს მოითხოვს. მთავარია, არ გავწეროთ, რომ ბავშვმა საკვები მაინცდამაინც 11 საათზე , 3 საათზე, 7 საათზე მიიღოს. ნახევარი საათის, ერთი საათის ვარირება არ არის პრობლემა.სჯობს ბავშვი დავაყოვნოთ და მოშივდეს, რეალურად მიიღოს საკვები.“

„იმისთვის, რომ ბავშვმა მიიღოს საკვები, მშობლებმა მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმონ უშუალოდ ბავშვთან ურთიერთობას. ​დედის მიერ მომზადებულ საკვებს, უშუალოდ ბავშვთან ერთად მომზადებულ საკვებს ის უფრო კარგად მიიღებს. ხშირად გინახავთ, დედა პლანშეტითაა დაკავებული, თან ტელევიზორს უყურებს, თან ცალი ხელით ურევს რაღაცას. ამ დროს რა კონკრეტულ ინგრედიენტს დავამატებთ, კაცმა არ იცის. თუ ვიქნებით ბავშვზე ორიენტირებული, მაქსიმალურად ყველაფერს გავუკეთებთ ბავშვს,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად