Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი დაბადებიდან პიროვნებაა. ღმერთმა მისცა მას თავისუფლება, შენ როგორ უზღუდავ თავისუფლებას?!“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„ბავშვი დაბადებიდან პიროვნებაა. ღმერთმა მისცა მას თავისუფლება, შენ როგორ უზღუდავ თავისუფლებას?!“ - დეკანოზი შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელიამ მშობლებისა და შვილების ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. დეკანოზმა აღნიშნა, რომ მშობლები ხშირად შვილებს პიროვნებებად არ აღიარებენ, რაც ბავშვისადმი არასწორი დამოკიდებულების გამოვლინებაა:

„ბავშვი დაბადებიდან პიროვნებაა. მას თავისი ინდივიდუალური მე აქვს. ​მშობლები შვილებს პიროვნებებად არ აღიარებენ. სულ უყურებენ, როგორც ბავშვებს. ერთ-ერთ ქვეყანაში ვიყავით და იქ ერთი ქალბატონი მესაუბრებოდა, საქართველოში შვილი მყავს, აქედან ვეხმარებიო. ვუყურებ ამ ქალს, 65-70 წლის არის. თქვენი შვილი რამდენი წლისაა-მეთქი, ვკითხე. 42 წლის არის ჩემი ბიჭიო. პატარა ბიჭი ჰყავს, 42 წლის ბიჭს საკუთარი თავის რჩენა არ შეუძლია. ​დედაც უყურებს ისევ როგორც ბავშვს, ისევ მისახედია, ისევ საპატრ​ონოა. ასე უდგებიან ამ ყველაფერს. შვილიც პიროვნებაა, მას უნდა მისცე თავისუფლება, ღმერთმა მისცა მას თავისუფლება, შენ როგორ უზღუდავ თავისუფლებას?“

მამა შალვა კეკელიას თქმით, თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ყველაფრის უფლება მივცეთ:

„თავისუფლება იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება მისცე საკუთარ შვილს. შენ უნდა იცოდე მას რა სჭირდება. ისე უნდა მოექცე მშობელი შვილს, ისე უნდა გააკეთებინო რაღაც, რომ თითქოს მან მიიღო გადაწყვეტილება, თვითონ გააკეთა. ​ისე უნდა შეუტრიალო ეს საქმე, რომ ვითომ მან გააკეთა. სტიმული უნდა მისცე ბავშვს, უნდა შეაქო, რაღაცას რომ გააკეთებს. საყვედურიც უნდა უთხრა შვილს, საყვედურის გარეშე არ შეიძლება. რაღაც ფორმებია მოსაძებნი ურთიერთობაში. როდესაც ამით გაზრდი შვილს, როდესაც გააცნობიერებ, რომ ისიც ღირსეული პიროვნებაა, მერე უკვე ყველაფერი სხვანაირად იქნება. ეს დაკარგა ჩვენმა თაობებმა, ამაში განადგურდა. დაუშვა ბავშვმა შეცდომა, არაუშავს. შენც მიეცი უფლება, მერე დაელაპარაკე, აუხსენი.“

„დედაჩემი ჩემთვის არის ყველაფერი. დღესაც „დედიკოთი“ მივმართავ. სიტყვას აქვს საოცარი ძალა. მე ძალიან არ მომწონს, როდესაც მშობლებს სახელებით მიმართავენ. ეს რამოდენიმე წლის წინ შემოვიდა, დაიწყეს მშობლისთვის სახელით მიმართვა. გააქრეს ეს დამოკიდებულება. „დედიკოზე“ ლამაზი რა უნდა იყოს? დედას სახელით რატომ უნდა მიმართო? ერთადერთი მყავს ხომ დედიკო და მამიკო, ამაზე ძვირფასი რა უნდა იყოს?! რა მნიშვნელობა აქვს, რა ასაკში ხარ?! 90 წლის რომ იყო და დედიკო გყავდეს, ბედნიერი კაცი ხარ. შენ შენი შვილი მამიკოთი რომ მოგმართავს, ამაზე ტკბილი და ამაზე გემრიელი, არ ვიცი რა არის. აქედანაც​ დაიწყეს მშობელსა და შვილს შორის გაუცხოვება. მშობელს უნდა ჰქონდეს შვილთან თანატოლის დამოკიდებულება, მაგრამ შვილს არასდროს უნდა ჰქონდეს მშობელთან თანატოლის დამოკიდებულება. არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის მშობელია. შვილის ღირსება ის არის, რომ შენ მთელი ცხოვრება იცი, რომ ის შენი მშობელია,“ - აღნიშნულ თემაზე დეკანოზმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​მედია-კავშირი ობიექტივი


 

წაიკითხეთ სრულად