Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მივხვდეთ სწორად ვიკვებებით თუ არა? - პედიატრი ყარამან ფაღავა

როგორ მივხვდეთ სწორად ვიკვებებით თუ არა? - პედიატრი ყარამან ფაღავა

​​პედიატრი ყარამან ფაღავა სწორი კვების მნიშვნელობაზე საუბრობს და მნიშვნელოვან რჩევებს გვაძლევს, თუ როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი საკვები:

„რასაკვირველია, საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, ხან ასე უნდა გაამზადო, ხან ისე. გარკვეული წესები არის. ზეთში როდესაც ხარშავ რამეს, ზეთზე თერმული ზემოქმედებით ლიპიდების ზეჟანგები წარმოიქმნება. ლიპიდების ზეჟანგები კანცეროგენია. შებოლილი საჭმელი. ზოგიერთს გვიყვარს, მეც მიყვარს, მაგრამ ესეც კანცეროგენია. ზედმეტად შემწვარი, აი, ქერქი რომ არის კარტოფილის ძალიან შემწვარი, ესეც კანცეროგენია. მომზადების წესი მნიშვნელოვანია. ყველაზე უკეთესი საჭმელი უმი საჭმელია, ასევე ორთქლზე დამზადებული და მოხარშული. პატარა ნიუანსები არის მნიშვნელოვანი.“

​ყარამან ფაღავას თქმით, მარილის მოხმარებისას ზომიერების დაცვა აუცილებელია:

„ერთი ამბავიც არის - მარილი. ზოგიერთი ძალიან ჭარბად აყრის მარილს. ვინც ამას შეეჩვევა, მერე გემრიელად ეჩვენება. ყველაფერი შეჩვევაზეა. არის ერთი ძალიან საინტერესო ეპიდემიოლოგიური მონაცემი. ჩრდილოეთ და სამხრეთ იაპონიაში შეადარეს არტერიული წნევის სიხშირე და სისხლჩაქცევების მაჩვენებლები. ორივე მათგანი 4-5-ჯერ უფრო ხშირია ჩრდილოეთში. ისინი ბევრ გაყინულ და დამარილებულ თევზს ჭამენ. მარილი, პირველ რიგში, ზემოქმედებს წნევაზე.“

ყარამან ფაღავა შაქრის მავნე თვისებების შესახებაც საუბრობს:

„შაქარი საერთოდ არ არის ბუნებრივი საკვები. მარილს და შაქარს აქვს ერთი უპირატესობა, საჭმლის შენახვისთვის ვარგა. თუ ფაღარათი აქვს დიდს ან მოზრდილს, ამ დროს მარილები იკარგება და მარილიანი საკვები უნდა მიირთვას. თუ ბავშვი არ ჭამს, დღეში ერთხელ ჭამს, ​ჰიპოგლიკემია დაემართა, იქ სწრაფად საჭიროა შაქრიანი საკვები. ისე შაქარი იწვევს სიმსუქნეს, კბილების გაფუჭებას, დიაბეტს. ეს არის რისკ-ფაქტორები, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვუქმნით ჩვენს თავს.“

ყარამან ფაღავას თქმით, იმის გარკვევა სწორად ვიკვებებით თუ არა, საკმაოდ მარტივია:

„როგორ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ სწორად ვიკვებებით თუ არა? არის ძალიან მარტივი დასკვნა. ​სწორად ვიკვებებით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი წონა წესრიგშია, თუ არ გვაქვს საკვებთან დაკავშირებული დაავადებები (ანემია, ავიტამინოზი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები), თუ არ გვაქვს ნაოჭიანობა, კანის ფერის ცვლილება, თმის მტვრევადობა. გუნება-განწყობა თუ კარგია, ე.ი. სწორად ვიკვებებით. ჩვილ ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია წონის მატების მრუდი.“

„სწორი კვება ჯანმრთელობის საწინდარია. ხშირად ვამბობ, რომ ჯანმრთელობა შესანიშნავი რამ არის, მაგრამ მთავარი სამიზნე ცხოვრებაში ჯანმრთელობა არ არის. ჯანმრთელობა არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენი თავის რეალიზაცია მაქსიმალურად მოვახდინოთ.​ საკვების მიღებაში საკრარული ელემენტებიც არის, გაგახსენებთ: საიდუმლო სერობა, ტრაპეზი, ახლობლებთან ურთიერთობა, შეხვედრა, ერთად პურის გატეხვა. საკვების მომზადება სიყვარულის გამოვლინებაც არის. თუ მეუღლე ცდილობს გემრიელი საჭმელი გაგიკეთოს, გასიამოვნოს, ესეც ხომ სიყვარულის გამოვლინებაა. საკვები, კარგი კვება მარტო ჯანმრთელობა კი არ არის, ეს არის გრძნობები,“ - აცხადებს ყარამან ფაღავა.

წყარო: ​pulsi TV

წაიკითხეთ სრულად