Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ლობიო ჩვეულებრივი საკვებია, ძალიან ცდებით,“ - გიორგი ღოღობერიძე ლობიოს 5 სასარგებლო თვისების შესახებ

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ლობიოს შესახებ 5 სასარგებლო ფაქტზე ისაუბრა:

„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ლობიო ჩვეულებრივი საკვებია, ძალიან ცდებით. 100 გრამი ლობიო რომ ავიღოთ, აქედან 10 გრამი ცილაა. ლობიო არის ცილოვანი საკვები. ერთი ცუდი თვისება აქვს ლობიოს. სამწუხაროდ, ის არ შეიცავს ცხრავე ესენციურ ამინომჟავას, რომელიც უნდა მივიღოთ გარედან. თქვენ შეგიძლიათ ეს მარტივად გამოასწოროთ, თუ ლობიოს მომზადების დროს კერძს დაამატებთ ნიგოზს. ამ შემთხვევაში ლობიო იქნება იდეალური, სრულფასოვანი ცილოვანი საკვები.

ლობიოში ბევრი ფოლიუმის მჟავაა, რომელიც ახდენს ჩვენს ორგანიზმში უჯრედების წარმოქმნას. ლობიოში ბლომად გვაქვს რკინაც. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მოზარდზე, მისი სხეული რადგან იზრდება, რკინაზე მოთხოვნილება მეტი აქვს. თუ ვსაუბრობთ ასაკოვან ადამიანზე, მის ორგანიზმში რკინის ათვისება ძნელდება. თუ საქმე ეხება საკვებს, რომელიც რკინას შეიცავს, ერთ-ერთი იქნება ლობიო.

ლობიოში დიდი რაოდენობით არის რთული ნახშირწყლები. ისინი ეხმარებიან ჩვენს ნაწლავებს სწორ პერისტალტიკაში, აყალიბებენ სწორ ბაქტერიულ ფლორას, ორგანიზმში შეიწოვებიან ეტაპობრივად. ლობიოში ძალიან ბევრი ანტიოქსიდანტია. სწორედ ისინი გვიცავენ ჩვენ ჟანგბადის თავისუფალი რადიკალებისგან.

სამწუხაროდ, ლობიოში არის ორი მავნე ნივთიერება. ერთ-ერთი არის ფიტის მჟავა, რომელიც ორგანიზმში D ვიტამინის ცვლას არღვევს. თუ თქვენ D ვიტამინი გაკლიათ, ლობიოს ყოველდღიურად მიღება არ არის რეკომენდებული. ლობიოში კიდევ არის ერთი მავნე ნივთიერება, ლექტინი, რომელიც ტოქსინებს მიეკუთვნება.

როგორ მოიქცე ისე, რომ შენ ლობიოსგან მხოლოდ კარგი მიიღო და ცუდი არაფერი დაგრჩეს? ლობიო შეძენის შემდეგ ძალიან კარგად გარეცხეთ და თუ მასში ერთი გაფუჭებული მარცვალი მაინც არის, მოაშორეთ. ხომ ვიცი, ზოგიერთი დატოვებს იმ მარცვალს, არაუშავს, ერთი ცალიაო. არა, ის ერთი გაფუჭებული მარცვალიც უნდა მოაშორო! როდესაც ლობიოს მომზადებას დააპირებ, მთელი ღამე გააჩერე, ამგვარად მასში არსებული ანტინუტრიენტები გამოილექება. ეს წყალი გადაღვარე. როდესაც ლობიო მოიხარშება, კიდევ ადუღე. დუღილის ტემპერატურაზე ამყოფე 10 წუთის განმავლობაში. ეს მასში არსებულ ტოქსინებს ბოლომდე დაშლის,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​„მთავარი დიაგნოზი“ 

წაიკითხეთ სრულად