Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

არავის მისცეთ ჩვილის კოცნის უფლება, მათ შორის, არც ხელებსა და ფეხებზე, რადგან ეს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

არავის მისცეთ ჩვილის კოცნის უფლება, მათ შორის, არც ხელებსა და ფეხებზე, რადგან ეს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

ჩვილები ყველასთვის საყვარლები და ძვირფასები არიან, რის გამოც უფროსები ყოველთვის ცდილობენ მათ კოცნას და მოფერებას. მართალია, კოცნა სიყვარულის და სითბოს გამოხატვის ფორმაა, მაგრამ ჩვილის შემთხვევაში ის, შესაძლოა, ძალიან სახიფათოც იყოს. თუ ჩვილი ბავშვის მშობლები ხართ, მოგიწოდებთ, დაიცვათ თქვენი შვილი ახლობლების მხრიდან კოცნისა და მოფერებისგან.

ახალშობილებს სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, რის გამოც დაბადებიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაში ისინი განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. ნებისმიერი სახის ვირუსს ან ბაქტერიას მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია. სანამ ბავშვს შეეხებით, ხელები საგულდაგულოდ დაიბანეთ. ვირუსებისა და ბაქტერიების წყარო მხოლოდ ხელი არ არის, ისინი ჩვენს სახეზეც ბუდობენ, რის გამოც კოცნა ბავშვისთვის საფრთხეს წარმოადგენს.


ჩვილები განსაკუთრებით დაუცველები არიან მარტივი ჰერპეს ვირუსის მიმართ, რომელიც ზრდასრულებში ტუჩის ირგვლივ წყლულების განვითარებას იწვევს, ხოლო ჩვილისთვის, შესაძლოა, ფატალური აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსით ინფიცირებული ადამიანი პირით შეეხება ბავშვის ხელს, შემდეგ ბავშვი ხელს მიიტანს თვალთან, ცხვირთან ან პირთან, ვირუსი ლორწოვან გარსში შეაღწევს. სუსტი იმუნური სისტემის გამო ვირუსმა, შესაძლოა, თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ანთება გამოიწვიოს.

ბავშვის დაბადებიდან პირველი რამდენიმე თვე განსაკუთრებით საფრთხილოა და მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. ნებისმიერი ოჯახის წევრი, რომელიც შეუძლოდაა, ბავშვისგან იზოლირებული უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ხელში უნდა ავიყვანოთ, აუცილებლად საგულდაგულოდ უნდა დავიბანოთ ხელები. ჩვილობისას მოერიდეთ ბავშვის გაყვანას ხალხმრავალ ადგილებში და სტუმრიანობას სახლში. გახსოვდეთ, კოცნისას პათოგენები პატარას კანზე გადადის და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. დავიცვათ ჩვილების სიცოცხლე და მოვარიდოთ ის ზედმეტ ფიზიკურ კონტაქტს. ნუ მოგვერიდება სტუმრებისთვის თქმა, რომ ბავშვის კოცნა არ შეიძლება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად უცნაურად მოეჩვენებათ მათ თქვენი სიტყვები. მშობლებისთვის უპირველეს საზრუნავს ჩვილის ჯანმრთელობა უნდა წარმოადგენდეს.

წყარო: ​Timesofindia.com

წაიკითხეთ სრულად