Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი მშობლების კონფლიქტს აღიქვამს ისე, რომ სამყაროში რაღაც დიდი კატაკლიზმა ხდება,“ - ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე

„ბავშვი მშობლების კონფლიქტს აღიქვამს ისე, რომ სამყაროში რაღაც დიდი კატაკლიზმა ხდება,“ - ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე

ფსიქოლოგმა ირმა კვაჭაძემ ბავშვის ფსიქიკაზე მშობლებს შორის არსებული კონფლიქტის ზეგავლენაზე ისაუბრა:

„მთავარია გულწრფელი ვიყოთ ჩვენს ემოციაში და ის ბავშვს არ დავუმალოთ. ზოგჯერ გვგონია, რომ ბავშვს არ ესმის ჩვენი კონფლიქტი, გადაღლა და არ ვაქცევთ ყურადღებას. ბავშვი ძალიან მარტივად აღიქვამს იმ იმპულსებს, რაც ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებთან ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ. მასთან ერთად არ უნდა ვიყვიროთ, თუმცა, ის, რომ ახლა გაღიზიანებული ვარ, ეს უნდა იცოდეს ბავშვმა.

5-6 წლის ბავშვს შეგვიძლია პირდაპირ ვუთხრათ, რომ ახლა გაღიზიანებული ვარ, დავმშვიდდები და მერე გავაგრძელებთ კომუნიკაციას და არა ის, რომ ბავშვი მოვიშოროთ თავიდან. ბავშვი მშობლების კონფლიქტს აღიქვამს ისე, რომ სამყაროში რაღაც დიდი კატაკლიზმა ხდება. პირველი მესიჯი, რაც ბავშვმა უნდა მიიღოს არის ის, რომ „შენ გყავს დედაც, მამაც, რომლებიც შენზე ვზრუნავთ.“ ბავშვები ეგოცენტრულები არიან. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი მათი ბრალია. მათ უნდა ავუხსნათ, რომ ახლა შენ კი არ ხარ ცუდი და ამიტომ კი არ ვჩხუბობთ ჩვენ, ჩვენ უფროსებს კონფლიქტი გვაქვს, ამას მოვაგვარებთ და შენთან ვიქნებით ისეთივე მშობლები, როგორებიც გყავს, დედაც და მამაც.

დაშორების დროსაც უნდა ვუთხრათ ბავშვს, რომ შენ არც დედას კარგავ, არც მამას, მაგრამ ჩვენ ვერ შევთანხმდით. ბავშვს პასუხისმგებლობები უნდა ჩამოვართვათ. ბავშვის დაძაბულობა არის, რომ ეს ჩემი ბრალია, რაღაც ცუდად გავაკეთე, ორიანი მივიღე,“- მოცემულ საკითხზე ირმა კვაჭაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

წაიკითხეთ სრულად