Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„12 შვილი და 14 შვილიშვილი მყავს... ეს ნამდვილად დიდი ბედნიერებაა,“- ნინო ბზვანელისა და მამა ალექსანდრე ბოლქვაძის მრავალშვილიანი ოჯახი

„12 შვილი და 14 შვილიშვილი მყავს... ეს ნამდვილად დიდი ბედნიერებაა,“- ნინო ბზვანელისა და მამა ალექსანდრე ბოლქვაძის მრავალშვილიანი ოჯახი

ნინო ბზვანელსა და მამა ალექსანდრე ბოლქვაძეს 12 შვილი და 14 შვილიშვილი ჰყავთ. ნინო ბოლქვაძის თქმით, ეს უდიდესი ბედნიერებაა:

„12 შვილი და 14 შვილიშვილი მყავს. ეს ნამდვილად დიდი ბედნიერებაა. როდესაც გავთხოვდი, ვფიქრობდი, რომ ორი გოგო, ორი ბიჭი მეყოლებოდა. 12 შვილი ვერ წარმომედგინა. 26 წლის გავთხოვდი. ჩემი მეუღლე სასულიერო პირია მამა ალექსანდრე ბოლქვაძე. როდესაც გავთხოვდი, ჩემი მეუღლე სასულიერო სემინარიის სტუდენტი იყო. ქრისტიანული ოჯახი შევქმენით. თავიდანვე ასეთი შემართება გვქონდა, რომ ბავშვები ქრისტიანულ საფუძვლებზე აღგვეზარდა. ჩემი მეუღლე რბილი, თბილი ადამიანია. ბავშვებს მოტივაციას აძლევდა სულ. ბავშვები სიმღერთით, ლოცვით და გალობით გავზარდეთ.

თუ გინდათ, რომ ბავშვები კეთილშობილები გაიზარდნონ, აუცილებლად ქრისტიანულ საფუძველზე უნდა გაიზარდნონ. ეს არის მთავარი. როდესაც ბავშვები უყურებენ მშობლის პირად მაგალითს, ეს არის ყველაზე სწორი აღზრდა. ვცდილობდი, რომ ყოველთვის შინაგანი სიმშვიდე შემენარჩუნებინა, ყველანაირი კრიტიკული მდგომარეობის დროსაც.

ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიურობა. იცი, რომ არაფერი ცუდი არ მოხდება. ყოფილა შემთხვევა, რომ 9 ბავშვი ერთად მიდიოდა სკოლაში. ზოგს ერთი ჰყავს და ბებია-ბაბუა მიჰყვება. წარმოიდგინეთ, 9 ბავშვს რომ გაუშვებ სკოლაში. პირჯვარს გადავწერდი, ვიტყოდი: „დედა ღვთისმშობელო შენ ჩაიბარე, უფალს ებარებოდეთ“ და ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უფალს მიენდო და ამის გჯეროდეს. ბავშვებს შორის განსხვავება 1 წელია. ბავშვების აღზრდაში პირველ რიგში, უფალი მეხმარებოდა. ჩემი მამამთილი იყო საოცარი ადამიანი. სამსახური დატოვა და თავდახრილი მემსახურებოდა. სია ჰქონდა ჩამოწერილი, რომელი ბავშვი რომელ საათზე რომელ წრეზე წაეყვანა, ბაზარში როდის წაეყვანა. ჩემი მეუღლე მეხმარებოდა, რა თქმა უნდა, ღამე ღამისთევებში. ის ძალიან გვერდით მედგა ყოველთვის,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბზვანელმა ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

წყარო: ​„პოსტ ალიონი“

წაიკითხეთ სრულად