Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ემართება ჩვენს ორგანიზმს ყვირილის დროს? – ბრაზის 5 დამაზიანებელი შედეგი

რა ემართება ჩვენს ორგანიზმს ყვირილის დროს? – ბრაზის 5 დამაზიანებელი შედეგი

ბრაზი ადამიანის ის მდგომარეობაა, რომელიც მას თვითგადარჩენაში ეხმარება, თუმცა რიგ შემთხვევებში ის უკონტროლო ხდება და ზიანს გვაყენებს. ბრაზი ადამიანში ხშირად უსიამოვნო ფიზიკურ სიმპტომებსაც იწვევს, რომელიც ორგანიზმზე ნეგატიურად ზემოქმედებს.

ყვირილის დროს გულისცემა და არტერიული წნევა მატულობს

ალბათ, შენიშნავდით, რომ ყოველთვის, როდესაც ხმას იმაღლებთ და ცხარე კამათში ერთვებით, თქვენი გულისცემა მატულობს. ამ დროს თქვენი არტერიული წნევაც იზრდება, ძარღვები გებერებათ და კანი გიწითლდებათ. ყვირილის შემდეგ უფრო სწრაფად და მძიმედ სუნთქავთ. ხშირად ყვირილის შემდეგ ადამიანებს კიდურები ჩვეულებრივთან შედარებით ცივი აქვთ.

ბრაზი იმუნურ სისტემაზე დატვირთვას აძლიერებს

კვლევებით დადგენილია, რომ უსიამოვნო დაპირისპირებისა და კამათის გახსენებაც კი ადამიანის იმუნურ დაცვას 6 საათით აქვეითებს. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც ბუნებით მშვიდები არიან და ბრაზი მათთვის ჩვეული მდგომარეობა არ არის. ადამიანები, რომლებიც ხშირად ბრაზდებიან, ადვილად ხდებიან ავად და ხშირად ავადმყოფობენ, რადგან მათ სუსტი იმუნიტეტი აქვთ.

ბრაზი ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს

გაბრაზება ჩვენს ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებზე ახდენს გავლენას და მის ცვლილებებს იწვევს. ადამიანები, რომლებიც ხშირად ბრაზდებიან თავის ტკივილით, უძილობით, შფოთვითი აშლილობებით და საკვების მონელების პრობლემებით იტანჯებიან. ბრაზის მაღალი ხარისხის დროს კანის პრობლემებიც იჩენს თავს, მათ შორის, ეგზემაც. ბრაზიან ადამიანებს ინსულტისა და ინფარქტის განვითარების მაღალი რისკი აქვთ.

ხშირი ყვირილი და ბრაზი მეხსიერებაზე ნეგატიურად ზემოქმედებს

მეორე ადამიანთან მწვავე კონფლიქტი, ხმამაღლა ყვირილი და ნეგატიური ფრაზების გაცვლა ადამიანის მეხსიერებაზე ნეგატიურად ზემოქმედებს. მსგავსი კონფლიქტების შემდეგ ადამიანებს ყველაფერი კარგად არ ახსოვთ და დაპირისპირების გარკვეული ასპექტები მათი მეხსიერებიდან ქრება.

ყვირილი ქრონიკულ ტკივილს იწვევს

ყვირილი აზიანებს არამხოლოდ იმ ადამიანს, ვინც ყვირის, არამედ მასაც, ვისაც უყვირიან. თუ ბავშვებს მშობლები ხშირად უყვირიან, მათი ქცევითი პრობლემები უარესდება, მათი ტვინის განვითარება ფერხდება და იცვლება, გარდა ამისა, მათ ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე ქრონიკული სახის ტკივილი აწუხებთ ზურგის, კისრის, თავის არეში.

ყვირილი ადამიანს მრავალმხრივ ზიანს აყენებს. გარდა ამისა, ყვირილით კამათში გამარჯვება შეუძლებელია. იმისთვის, რომ თქვენი სიმართლე და სამართლიანობა დაამტკიცოთ, პირველ რიგში, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ და რაციონალურად იმოქმედოთ. აუცილებელია, რომ ყურადღებით მოუსმინოთ მეორე ადამიანსაც და თქვენს სიმართლეში მისი დარწმუნება დიალოგის გზით სცადოთ.

წყარო: ​Brightside.me

წაიკითხეთ სრულად