Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ასაკიდან შეიძლება, გავუკეთოთ ბავშვს საყოველთაო გრიპის აცრა და წელიწადში რამდენჯერ გაციება არის ნორმა - ინტერვიუ პედიატრ თემურ მიქელაძესთან

რა ასაკიდან შეიძლება, გავუკეთოთ ბავშვს საყოველთაო გრიპის აცრა და წელიწადში რამდენჯერ გაციება არის ნორმა - ინტერვიუ პედიატრ თემურ მიქელაძესთან

რა ასაკიდან შეიძლება, გავუკეთოთ ბავშვს საყოველთაო გრიპის აცრა, წელიწადში რამდენჯერ გაციება არის ნორმა და შეესაბამება თუ არა სიმართლეს მოსაზრება, რომ აცრა იწვევს აუტიზმს - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ​MomsEdu.ge​-ს ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე  ესაუბრა.

- ბატონო თემურ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კვლავ არსებობს მცდარი შეხედულება - აცრა იწვევს აუტიზმს და ა.შ.  რას ეტყოდით მშობლებს, რომლებიც არ ცრიან შვილებს?

- პირველ რიგში გეტყვით, რომ აცრა არ იწვევს აუტიზმს. ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ, 22 წლის განმავლობაში, გაკეთებულა დაახლოებით რამდენიმე ასეული ათასი დოზა ვაქცინებისა და არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა, რომ ვაქცინას გამოეწვია აუტიზმი. მათ შორის, აუტიზმის მქონე ბავშვებიც ჩვეულებრივად იცრებიან. მქონია აუტიზმის მქონე ბავშვების შემთხვევებიც, რომლებიც საერთოდ არ არიან აცრილები.
 
მშობლებს ვეტყვი, რომ წითელას, დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის და სხვა ინფექციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გეგმიური და დროული ვაქცინაცია. სახელმწიფოს შემოაქვს მაღალი ხარისხის ევროპული წარმოების ვაქცინები და მე პირადად, ვცრი ჩემს შვილებსაც. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი გეგმიური ვაქცინაციის ეროვნული კალენდარი.

- საყოველთაო გრიპის აცრა რა ასაკიდან შეიძლება, გავუკეთოთ ბავშვს?

- გრიპის აცრა ბავშვს შეიძლება, ჩავუტაროთ 6 თვის ასაკიდან. გარდა ამისა, აცრა სასურველია, ჩაუტარდეს რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტებს. ესენია - 5 წლამდე ასაკის ხშირად მოავადე და სკოლამდელ დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, 65 წელს გადაცილებული ასაკის მქონე პირები, ორსულები, სამედიცინო პერსონალი, სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიის მქონე პირები. 

გრიპის ვირუსს გააჩნია ანტიგენური სტრუქტურის სწრაფი ცვლილება ამიტომ ყოველ წელს კეთდება ახალი ანტიგენური სტრუქტურის ვაქცინები. აუცრელ პაციენტებს გრიპის ვირუსის დროს უმეტეს შემთხვევაში უტარდებათ სიმპტომური მკურნალობა. ზოგჯერ ჩვენ ვიყენებთ ანტივირუსულ პრეპარატებსაც.

- რას ურჩევდით მშობელს, რომლის შვილიც ბაღში დადის და ხშირად ავადობს, ვირუსების დროს ატაროს თუ არა ბავშვი ბაღში და წელიწადში რამდენჯერ გაციება არის ნორმა?

- აუცილებელია, განვმარტოთ რას ნიშნავს ხშირად ავადობა; 6 წლამდე ჯანმრთელმა ბავშვებმა წლის განმავლობაში შეიძლება, სხვადასხვა ვირუსული ინფექციებით იავადონ 6-10-მდე და ეს ნორმაა. ასაკის მატებასთან ერთად სიხშირე მცირდება და მოზრდილი ავადდება წლის განმავლობაში 2-3-ჯერ. ვირუსული ინფექციის მქონე ბავშვმა გამოჯანმრთელებამდე არ უნდა იაროს ბაღში. აქვე აღვნიშნავ, რომ მშობლებმა ბავშვებს თვითნებურად არ უნდა უმკურნალონ. განსაკუთრებით, თუ ეს ეხება სხვადასხვა ბაქტერიულ და მძიმე ინფექციებს.

- როგორ გავაკაჟოთ ბავშვები ზამთარში?

- ზამთარში ცურვაზე შეიძლება ბავშვების ტარება, თუმცა აუცილებელია, დაცული იყოს ჰიგიენური ნორმები. მე პირადად, ჰიპერრეაქტიული ბრონქების მქონე პაციენტებს ციგურაობაზე ვურჩევ ხოლმე სიარულს.

ესაუბრა თამარ კიკალიშვილი 
წაიკითხეთ სრულად