Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ღიტინი ბავშვის გასაცინებლად? - საინტერესო რეკომენდაციები მშობლებს

რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ღიტინი ბავშვის გასაცინებლად? - საინტერესო რეკომენდაციები მშობლებს

მშობელს ყველაზე მეტად შვილის სახეზე ღიმილის დანახვა აბედნიერებს. ამ მიზნით ისინი ხშირად უღიტინებენ პატარებს, რასაც ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ და მშობლებს ურჩევენ ბავშვის გაცინების მიზნით ეს მეთოდი არ გამოიყენონ.

ღიტინი ბავშვისთვის შეიძლება ტრავმული გამოცდილება იყოს

ყველას გვახსოვს ბავშვობიდან ერთი ეპიზოდი მაინც, როდესაც ვცდილობდით თავი დაგვეღწია ადამიანისგან, რომელიც გვიღიტინებდა, თუმცა სიცილის გამო ამას ვერ ვახერხებდით. ბევრი ჩვენგანისთვის ეს ძალიან უსიამოვნო გამოცდილებაა. გახანგრძლივებულმა ღიტინმა შეიძლება დააჩქაროს გულისცემა და ბავშვის ჰიპერაგზნებადობა გამოიწვიოს.

ღიტინმა, შესაძლოა, კატაპლექსია გამოიწვიოს

ღიტინი გართობასთან ასოცირდება, თუმცა, შესაძლოა, ის სახიფათოც იყოს. ბავშვი ღიტინს ხშირად თავდასხმად აღიქვამს. ძლიერმა აგზნებამ, შესაძლოა, კატაპლექსია, დროებითი გაშეშება გამოიწვიოს.

ღიტინის შედეგად გამოწვეული სიცილი ხშირად მხოლოდ რეფლექსია

ჩვენ ვთვლით, რომ სიცილი ყოველთვის სიხარულის გამოვლინებაა. ღიტინის დროს სიცილი ხშირად ავტომატური რეაქციაა. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ რეაქციებს, როდესაც გვიღიტინებენ. ასევე არიან ბავშვებიც, რომლებიც ავტომატურად იცინიან, როდესაც მათ უღიტინებენ.

ღიტინი, შესაძლოა, ბავშვისთვის მტკივნეული იყოს

ღიტინის დროს თქვენი პატარა, შესაძლოა, ხმამაღლა იცინოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ეს პროცესი სიამოვნებს. სახის მიმიკების კვლევებით დგინდება, რომ ღიტინს უსიამოვნო მხარე აქვს. ადამიანები ღიტინის დროს ისეთ მიმიკებს იყენებენ, რომელიც ტკივილზე მიანიშნებს, მაშინაც კი, როდესაც ისინი იცინიან.

ბავშვის გაცინების ბევრი სასიამოვნო და სახალისო გზა არსებობს, რომელიც მის ჯანმრთელობას და ფსიქიკას საფრთხეს არ უქმნის. შეგიძლიათ ბავშვი სასაცილო ხმაზე საუბრით, „ჭიტას“ თამაშით, სასაცილო მიმიკებით ან სხვა გასართობებით გაახალისოთ.

წყარო: ​Brightside.me

წაიკითხეთ სრულად