Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს არ უნდა ესმოდეს, რა არის ეპიდემია, რა არის ომი, ხანძარი, მიწისძვრა... არ სჭირდება მას ეს,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

„ბავშვს არ უნდა ესმოდეს, რა არის ეპიდემია, რა არის ომი, ხანძარი, მიწისძვრა...  არ სჭირდება მას ეს,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის დაცულობისა და მის ირგვლივ დადებითი ატმოსფეროს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბავშვი მუდმივად დაცული უნდა იყოს. ბავშვს არ უნდა ესმოდეს, რა არის ეპიდემია, რა არის ომი, რა არის ხანძარი, რა არის მიწისძვრა. არ სჭირდება მას ეს. ეს ჩვენ უნდა მოვაგვაროთ, თუ მოვაგვარებთ. მას უნდა ჰქონდეს სულ სიკეთის, სილამაზის შეგრძნება. ბავშვობაში ხომ გიყურებიათ ღრუბლებისთვის? ის ღრუბელი ხან ფუმფულა ძაღლი იყო, ხან ბეკეკო იყო, ხან დათუნია იყო, ხან თოვლის გუნდა იყო. ზუსტად იგივე ღრუბლებია. აბა შეხედეთ ახლა! ზუსტად იგივეა ღრუბლები, უბრალოდ ჩვენ ვიცვლებით.

ბავშვი სულ დადებითი ემოციებითაა, ის ფანტაზიორობს. იქ ქმნის ოპტიმალურად დადებით და სასიამოვნო სამყაროს. სამწუხაროდ, ჩვენ ამას მერე ვსპობთ. ბავშვის ფანტაზიებს ხშირად ვეძახით ტყუილებს. ეს ტყუილი არ არის, ის ფანტაზიორობს.

მოზრდილმა ადამიანმა მოიფიქრა, რომ ბავშვის კბილის მოძრობა კატასტროფა კი არ არის, შენთან მოვიდა თაგუნია და თაგუნიამ წაიღო ის კბილი. ბავშვი ძალიან კმაყოფილია, რომ ტყუილად კი არ დახარჯა თავისი ნაწილი, ტყუილად კი არ მოძვრა, ტყუილად კი არ წაართვა ვინმემ, არამედ სიკეთემ წაიღო. რა თქმა უნდა, ისევ მოგიტანს თაგუნია კბილს. ბავშვი იმედიანადაა და რა თქმა უნდა, ახალი კბილიც ამოვა. ეს თაგვის ფენომენი ახლა უკვე კბილის ფერიით შეიცვალა, მაგრამ ერთი და იგივეა. ადამიანები, როდესაც ბავშვს ეუბნებიან, რომ არ არსებობს ფერია, ვუკლავთ მას იმ სილამაზეს, იმ სითბოს, იმ სისათუთეს, რომელზეც უნდა იყოს აწყობილი ბავშვის ქცევა,“- მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„პულსი“

წაიკითხეთ სრულად