Baby Bag

„მნიშვნელოვანია, რომ ერთი წლიდან, როგორც კვება და ძილია მოწესრიგებული, გარემოც ასე იყოს მოწესრიგებული ბავშვისთვის,“ - თამარ გაგოშიძის რეკომენდაციები მშობლებს

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„ყურადღების დეფიციტი ბიჭებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებში. ამ მდგომარეობას რამოდენიმე ნიშანი აქვს. ბავშვი იმის ბავშვია, რომ მოძრავი უნდა იყოს და ცნობისმოყვარე. ყურადღება მცირეწლოვან ბავშვს არ აქვს ისეთი, როგორიც 7-8 წლის ბავშვს. ასე ხელაღებით ვერ დავაბრალებთ ვინმეს, რომ უყურადღებოა. 3 წლის ბავშვზე ვერ ვიტყვით ჩვენ, რომ მას აქვს ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის დარღვევა. 5 წლის შემდეგ სვამენ ამ დიაგნოზს. ჩამოყალიბებული უნდა იყოს უკვე მიზანმიმართული ყურადღება. ამ მდგომარეობას 3 ნიშანი აქვს და სამივე გამოხატული არის ხოლმე: უყურადღებობა, იმპულსურობა და ჰიპერაქტიურობა.

ძალიან მცირე ასაკიდან შეგვიძლია შევატყოთ ბავშვს. ცელქ ბავშვზე არ არის საუბარი. გაუსაძლისი არის ხოლმე თვითონ ბავშვისთვისაც. ხშირად უთქვამთ ბავშვებსაც, რომ არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ არ შემიძლია, შიგნიდან რაღაც მამოძრავებს, ვერ ვჩერდები. სიტუაციაში იმპულსურობამ ძალიან ცუდი რაღაცები შეიძლება დაგმართოს. ამის მკურნალობა დასავლეთში ხდება მედიკამენტებით, რასაც ბევრი ეწინააღმდეგება. ხომ უცნაურია, ძალიან აქტიური, მოძრავი ადამიანის ტვინს „ძინავს.“ მისი ტვინის აქტივობა არის ძალიან დაბალი. ასეთ ადამიანს მუდმივად სჭირდება ახალი გამღიზიანებლები, სიახლეები. ამ ადამიანებს რისკის შეგრძნება არ აქვთ.

როდესაც ამბობენ, რომ გოგონებში იშვიათად გვხვდება, ეჭვი მაქვს, რომ გოგონებში ყურადღების დეფიციტი არის ჰიპერაქტივობის გარეშე. ვისაც არ აქვს ჰიპერაქტივობა, ის ჩაკეტილია. ასეთ ადამიანებში უფრო ხშირია შფოთვა.

პირველი რჩევა, ბავშვობიდან, მცირეწლოვანი ასაკიდან, მშობლებისთვის ყველაზე მთავარია, რომ ბავშვისთვის შექმნან პროგნოზირებადი და სტრუქტურირებული გარემო. ქართველებისთვის ეს ცოტა ისეთი რჩევაა, მაგრამ ეს არის მთავარი. მცირეწლოვანი ბავშვები ვერ იტანენ ცვლილებას. დედები ხშირად ამბობენ: „დროზე უნდა ვაჭამო, დროზე უნდა დავაძინო!“ ეს იციან კარგად დედებმა, რომ თუ გადააცილეს კვებას, ან თუ გადააცილეს ძილს, მერე ცუდი რამეები შეიძლება მოხდეს. იგივეა ბავშვის ფსიქიკაზეც. თუ ბავშვის სხეული ვერ იტანს მოულოდნელ ცვლილებებს, ასევე ვერ იტანს მისი ფსიქიკა მოულოდნელ, დაუგეგმავ რაღაცებს გარემოდან. მნიშვნელოვანია, რომ ერთი წლიდან, როგორც კვება და ძილია მოწესრიგებული, გარემოც ასე იყოს მოწესრიგებული ბავშვისთვის. ბავშვმა უნდა იცოდეს, რის მერე რა აქტივობა ელოდება. ცოტა რომ იზრდება, უნდა იცოდეს მის ქცევას, რა შედეგი მოჰყვება. ამის სწავლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა მითითებები შეასრულოს, ჯერი დაიცვას. ქართულ საზოგადოებაში ჯერის დაცვა და სხვის ლაპარაკში არჩართვა ცოტა ისეთი რაღაც არის. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება ის არის, რომ არ გაცლის ლაპარაკს. ამას ვასწავლით პატარაობიდანვე.

ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმი. ბავშვს ძილის წინ ერთი საათით ადრე არ უნდა ჰქონდეს ეს ლურჯი გამღიზიანებლები. ეს იწვევს სერიოზულ აღგზნება-შეკავების პატერნის რღვევას და ყურადღების პრობლემა უარესდება. ბავშვებს, ვისაც აქვს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის ტენდენცია, არაფრით არ შეიძლება ხელი შეუშალო, რომ იხვანცალოს. ვერ დაუშლი ამ ადამიანს ამას. თუ არ იხვანცალა, კონცენტრაციას ვერ აკეთებს და რა უნდა ქნას ამ ბავშვმა? ზოგი დგას და ისე წერს, დგას და ისე კითხულობს. თუ ბავშვი დგას და კონცენტრირებულად კითხულობს, იდგეს და იკითხოს. დილით სკოლაში წასვლაზე არის ხოლმე ამბავი, ამ ტიპის ბავშვებთან განსაკუთრებით. დააგვიანებს სკოლაში, რა ვქნათ? მერე ჩვენ ვნერვიულობთ. დააგვიანოს! მასწავლებელმა აუცილებლად უნდა ჰკითხოს, რატომ დააგვიანა და მშობელმა აუცილებლად უნდა უთხრას: „იმიტომ, რომ არ შეჭამა დროზე და არ ჩაიცვა დროზე!“ რამდენჯერმე ეს რომ განმეორდება, ის ისწავლის თვითმართვას,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „პოსტ ალიონი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცოტა გავაიშვიათოთ ამ მოვლენების მოსმენა, წუთში ერთხელ ნუ მოვისმენთ,“- ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის რეკომენდაცია

„ცოტა გავაიშვიათოთ ამ მოვლენების მოსმენა, წუთში ერთხელ ნუ მოვისმენთ,“- ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა ხათუნა მუზაშვილმა ადამიანებს ურჩია ომთან დაკავშირებით სიახლეებს უწყვეტად არ გაეცნონ და ტვინი ჭარბი სტრესისგან დაიცვან:

„საყოველთაო რჩევაა, რომ ცოტა გავაიშვიათოთ ამ მოვლენების მოსმენა. რა თქმა უნდა, ეს ყველას გვაინტერესებს, მაგრამ წუთში ერთხელ ნუ მოვისმენთ. როდესაც თქვენ ფეხდაფეხ მიყვებით მოვლენებს, საკუთარ ტვინს გაბმულ, მუდმივ სტრესში ამყოფებთ. ამბების გაცნობას შორის შუალედების გაზრდა საკუთარი ფსიქიკის დაცვაა.“

ხათუნა მუზაშვილის თქმით, ადამიანებს შორის მზარდი აგრესია ომის პირობებში შემთხვევითი არ არის:

„ერთმანეთზე აგრესიაც არ არის შემთხვევითი. ამას საფუძვლად სულ სხვა რამ უდევს, ვიდრე გვგონია. საბრძოლო მოქმედებების დროსაც კი დაცულობის განცდა არის უმთავრესი. ამას ომში მყოფი ადამიანი იღებს გვერდზე მდგომებისგან, თანამოაზრეებისგან. ადამიანს ამ მდგომარეობაში უნდა შემოიკრიბოს თანამოაზრეები. ამიტომ არის ამდენი: წაგშლით, ჩემს გვერდზე მარტო თანამოაზრეები უნდა იყვნენ.“

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტრესის დროს მართლა შემოვიკრიბოთ თანამოაზრეები. მივცეთ საშუალება ერთმანეთს, რომ თანამოაზრეებს ვესაუბროთ. დავკავდეთ რაიმე ისეთით, რითაც დახმარება შეგვიძლია. თუ ჰუმანიტარული დახმარება გროვდება ომში მყოფი ადამიანებისთვის, ხომ კარგი. თუ არა, უბრალოდ გაჭირვებულ ადამიანებს რომ დავეხმაროთ გარშემო, ეს ძალიან სერიოზულ შვებას გვაძლევს, იმიტომ, რომ რაღაცას ვაკეთებთ,“- აღნიშნულ საკითხზე ხათუნა მუზაშვილმა ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად