Baby Bag

„ტანტრუმი არ არის ცუდი ქცევა - ამ დროს ორგანიზმში არის ქარიშხალი და ჩვენი მოვალეობაა ბავშვებს ტანჯვა შევუმსუბუქოთ''

„ტანტრუმი არ არის ცუდი ქცევა - ამ დროს ორგანიზმში არის ქარიშხალი და ჩვენი მოვალეობაა ბავშვებს ტანჯვა შევუმსუბუქოთ''

ტანტრუმის შესახებ ფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ტანტრუმი არის ბოლო ეტაპი, ეს არის პიკი, როდესაც ადამიანის ორგანიზმში ნერვული სისტემა არის აბობოქრებული, ეს არის ქარიშხალი:

,,ჩვენ, მშობლებმა, უნდა დავინახოთ, პირველ რიგში, რომ ადამიანი ცუდად არის, რომ შიგნით არის შტორმი და ბავშვი თვითონ ვერ გაჩერდება. რა უნდა ქნას მშობელმა ამ დროს? -  ის უნდა იყოს მყარად, დამშვიდდეს, მივიდეს შვილთან და როგორც ქარიშხლის დროს ხეს მოვეჭიდებით და ვიცით, რომ ქარიშხალი ვერ გაგვაფრენს ვერსად, ისე უნდა ვიყოთ ამ დროს შვილებისთვის იმ მომენტში. მათთან ახლოს უნდა ვიყოთ და ვაგრძნობინოთ, რომ მათ გვერდით ვართ. ტანტრუმი არ არის ცნობიერი გადაწყვეტილება, ეს არის ავტომატური გადართვა, სხვანაირად მშობელს ვერ ატყობინებს, რომ დაიღალა ან შია, ან ძალიან ინერვიულა. ტანტრუმი მშობლისთვის არის სიგნალი, რომ რაღაცები გამოეპარა და ახლა ბავშვს სჭირდება დახმარება - ჯერ დააშვიდოს ახსნების და დარწმუნების გარეშე, რადგან ამ დროს რაციონალური გონება გათიშულია. ჯერ მის გვერდით უნდა ვიყოთ, შევუმსუბუქოთ ტანჯვა თანადგომით, თანაგრძნობით. შემდეგ უკვე შეიძლება მათთან საუბარი,'' - აღნიშნულ საკითხზე ნინო მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​,,წესები მშობლებისთვის''

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლები ბავშვს ხშირად ისეთ რაღაცებს უკრძალავენ, რისი გაკეთებაც მას რეალურად შეუძლია, რისი უფლებაც აქვს,“ - მარიამ ხვადაგიანი

„მშობლები ბავშვს ხშირად ისეთ რაღაცებს უკრძალავენ, რისი გაკეთებაც მას რეალურად შეუძლია, რისი უფლებაც აქვს,“ - მარიამ ხვადაგიანი

​​ნეიროფსიქოლოგმა მარიამ ხვადაგიანმა ბავშვის განვითარებაში არსებული კრიტიკული ეტაპების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 3 და 5 წლის ასაკი კრიზისულ პერიოდად ითვლება:

„ადამიანის განვითარებაში არის ეტაპები, როდესაც არის ე.წ. კრიზისული პერიოდები. ბავშვის განვითარებაში ეს პირველი არის სამი წლის ასაკში. შემდეგ არის 5 წლის ასაკში. 3 წლის ასაკში ბავშვს თვითდამკვიდრების სურვილი აქვს. ის ეგოცენტრულია და მოითხოვს, რომ ყველაფერი, რაც მას უნდა, შეუსრულონ. მას უნდა, რომ სამყარო შეიმეცნოს ისე, როგორც თვითონ უნდა და არა ისე, როგორც მშობელი ასწავლის. მეორე ასეთი ეტაპი არის 5 წლის ასაკში.“

მარიამ ხვადაგიანმა ბავშვის კაპრიზულობასთან გამკლავების ეფექტიანი მეთოდები გააცნო:

​ბავშვს თუ რაღაცის გაკეთება არ სურს, ამ შემთხვევაში სხვადასხვა ალტერნატივა არსებობს. უნდა ვუთხრათ, რომ თუ ამას არ გავაკეთებთ, ამ შემთხვევაში სხვა რაღაც, რაც მისთვის სასურველია, მასაც ვერ მივიღებთ ან პირიქით, თუ ამას გავაკეთებთ, რაღაც ჯილდო მოჰყვება. ზოგადად ჯილდო უფრო კარგი მეთოდია, ვიდრე დასჯა, მაგრამ ხანდახან სხვა გზა არ გვაქვს. შეპირება არ უნდა იყოს მხოლოდ საგნებსა და ობიექტებზე. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ აქტივობა, რომ მე და შენ საღამოს გავისეირნებთ. როდესაც ტკბილეულით აჯილდოვებენ ბავშვს, მთავარი შეცდომა არის, რომ დიდხანს ამ ეტაპზე არ უნდა გავჩერდეთ. მერე უკვე იმდენად ეჯაჭვება ბავშვი, რომ არაფერს აღარ აკეთებს, თუ ყოველ ნაბიჯზე არ მივცემთ ტკბილეულს. თუ ბავშვი ისტერიკაშია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვალით კონტაქტი არ იყოს. სანამ ბავშვს ყურადღებას არ აქცევთ, ეუბნებით, რომ მსგავსი ქცევით ვერ მიიღებს, რაც სურს. ბავშვი დაწოლილზე ხოხვით მოდის ხოლმე, რომ თვალით კონტაქტი ისევ დაამყაროს, იმიტომ, რომ თუ არ უყურებ, ხვდება, რომ არ გაინტერესებს. ორი წლიდან ბავშვს ძალიან კარგად შეუძლია მანიპულირება. იგნორი ამ შემთხვევაში არის საუკეთესო გამოსავალი.“

„ყველა ბავშვი გადის ამ ეტაპებს. დამოუკიდებლობა ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია. ცოტა სასაცილოა ხოლმე მშობლისთვის, როდესაც 3 წლის ბავშვი იწყებს რაღაცების გაპროტესტებას. სინამდვილეში ის უკვე გაიზარდა და მომწიფდა იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია ჰქონდეს. შესაბამისად, მას არ ესმის, რატომ არ შეიძლება რაღაც, რაც შეიძლება უფროსისთვის. ეს უფრო მკვეთრად გამოხატულია ხუთი წლის ასაკში. ის არც დიდია, აღარც პატარა. ამბობს: „ დიდი ვარ და შემიძლია ამის გაკეთება.“ ​მშობლები ბავშვს ხშირად ისეთ რაღაცებს უკრძალავენ, რისი გაკეთებაც მას რეალურად შეუძლია, რისი უფლება და მოთხოვნილებაც აქვს,“- აღნიშნულ საკითხზე მარიამ ხვადაგიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად