Baby Bag

„ტანტრუმი არ არის ცუდი ქცევა - ამ დროს ორგანიზმში არის ქარიშხალი და ჩვენი მოვალეობაა ბავშვებს ტანჯვა შევუმსუბუქოთ''

„ტანტრუმი არ არის ცუდი ქცევა - ამ დროს ორგანიზმში არის ქარიშხალი და ჩვენი მოვალეობაა ბავშვებს ტანჯვა შევუმსუბუქოთ''

ტანტრუმის შესახებ ფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ტანტრუმი არის ბოლო ეტაპი, ეს არის პიკი, როდესაც ადამიანის ორგანიზმში ნერვული სისტემა არის აბობოქრებული, ეს არის ქარიშხალი:

,,ჩვენ, მშობლებმა, უნდა დავინახოთ, პირველ რიგში, რომ ადამიანი ცუდად არის, რომ შიგნით არის შტორმი და ბავშვი თვითონ ვერ გაჩერდება. რა უნდა ქნას მშობელმა ამ დროს? -  ის უნდა იყოს მყარად, დამშვიდდეს, მივიდეს შვილთან და როგორც ქარიშხლის დროს ხეს მოვეჭიდებით და ვიცით, რომ ქარიშხალი ვერ გაგვაფრენს ვერსად, ისე უნდა ვიყოთ ამ დროს შვილებისთვის იმ მომენტში. მათთან ახლოს უნდა ვიყოთ და ვაგრძნობინოთ, რომ მათ გვერდით ვართ. ტანტრუმი არ არის ცნობიერი გადაწყვეტილება, ეს არის ავტომატური გადართვა, სხვანაირად მშობელს ვერ ატყობინებს, რომ დაიღალა ან შია, ან ძალიან ინერვიულა. ტანტრუმი მშობლისთვის არის სიგნალი, რომ რაღაცები გამოეპარა და ახლა ბავშვს სჭირდება დახმარება - ჯერ დააშვიდოს ახსნების და დარწმუნების გარეშე, რადგან ამ დროს რაციონალური გონება გათიშულია. ჯერ მის გვერდით უნდა ვიყოთ, შევუმსუბუქოთ ტანჯვა თანადგომით, თანაგრძნობით. შემდეგ უკვე შეიძლება მათთან საუბარი,'' - აღნიშნულ საკითხზე ნინო მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​,,წესები მშობლებისთვის''

შეიძლება დაინტერესდეთ

„არაფრით არ შეიძლება, რომ ერთმა მშობელმა მეორეზე ცუდი უთხრას ბავშვს, ბავშვი ინგრევა ამ დროს,“ - მარინა კაჭარავა

„არაფრით არ შეიძლება, რომ ერთმა მშობელმა მეორეზე ცუდი უთხრას ბავშვს, ბავშვი ინგრევა ამ დროს,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის ცხოვრებაში მშობლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სამყაროსადმი ნდობის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ერთმანეთთან მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ:

„პირველი ექვსი წელი ხდება პიროვნული კარკასის ჩამოყალიბება. ნდობა სამყაროსადმი ან აქვს ადამიანს, ან არ აქვს.​ ნულიდან ერთ წლამდე ხდება ამის ჩამოყალიბება. ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლების მშვიდობიანი თანაცხოვრება. ხდება ისე, რომ შეიძლება მშობელი წავიდეს, დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს ბავშვს ძალიან ჯანსაღად უნდა მიეწოდოს. არაფრით არ შეიძლება, რომ ერთმა მშობელმა მეორეზე ცუდი უთხრას ბავშვს, იმიტომ, რომ ბავშვი ინგრევა ამ დროს.“

მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვს მიწა ეცლება, როდესაც ერთ-ერთი მშობლის ნათესავები მეორე მშობელს მისი თანდასწრებით ლანძღავენ და აკნინებენ:

„ბავშვს მამაც პოზიტიური სჭირდება და დედაც. როდესაც ერთის ნათესავები ლანძღავენ მეორეს, მეორე მშობლის ნათესავები - პირველს, ამით ბავშვს მიწას აცლიან. დაცულობის განცდა მთლიანად მოშლილია.​ თუ ასეთი რამ მოხდება, უნდა მოხდეს ადამიანურად ახსნით. მამა საფლავიდანაც ზრდის ადამიანს, თუ მისი სწორი ხატი არის მიწოდებული მშობლისგან.“

„გაიზრდება და ბევრ რამეს მიხვდება ადამიანი, რომ მამა და დედა ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ბავშვისთვის მამა არის, როგორც ზრდასრული, მორწმუნე ადამიანისთვის ღმერთი, დაცულობის გარანტიაა, მისი უსაფრთხოების. ასევე დედა, რომელიც არის ზრუნვა, სითბო, სიყვარული. ეს ყველაფერი რომ ჩამოეშლება ბავშვს, ბუნებრივია, ​მას ექნება განცდა, რომ ის მარტოა, რომ ის არ არის საკმარისი, რომ ის არავის სჭირდება,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილის შოუ“

წაიკითხეთ სრულად