Baby Bag

„ტანტრუმი არ არის ცუდი ქცევა - ამ დროს ორგანიზმში არის ქარიშხალი და ჩვენი მოვალეობაა ბავშვებს ტანჯვა შევუმსუბუქოთ''

„ტანტრუმი არ არის ცუდი ქცევა - ამ დროს ორგანიზმში არის ქარიშხალი და ჩვენი მოვალეობაა ბავშვებს ტანჯვა შევუმსუბუქოთ''

ტანტრუმის შესახებ ფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ტანტრუმი არის ბოლო ეტაპი, ეს არის პიკი, როდესაც ადამიანის ორგანიზმში ნერვული სისტემა არის აბობოქრებული, ეს არის ქარიშხალი:

,,ჩვენ, მშობლებმა, უნდა დავინახოთ, პირველ რიგში, რომ ადამიანი ცუდად არის, რომ შიგნით არის შტორმი და ბავშვი თვითონ ვერ გაჩერდება. რა უნდა ქნას მშობელმა ამ დროს? -  ის უნდა იყოს მყარად, დამშვიდდეს, მივიდეს შვილთან და როგორც ქარიშხლის დროს ხეს მოვეჭიდებით და ვიცით, რომ ქარიშხალი ვერ გაგვაფრენს ვერსად, ისე უნდა ვიყოთ ამ დროს შვილებისთვის იმ მომენტში. მათთან ახლოს უნდა ვიყოთ და ვაგრძნობინოთ, რომ მათ გვერდით ვართ. ტანტრუმი არ არის ცნობიერი გადაწყვეტილება, ეს არის ავტომატური გადართვა, სხვანაირად მშობელს ვერ ატყობინებს, რომ დაიღალა ან შია, ან ძალიან ინერვიულა. ტანტრუმი მშობლისთვის არის სიგნალი, რომ რაღაცები გამოეპარა და ახლა ბავშვს სჭირდება დახმარება - ჯერ დააშვიდოს ახსნების და დარწმუნების გარეშე, რადგან ამ დროს რაციონალური გონება გათიშულია. ჯერ მის გვერდით უნდა ვიყოთ, შევუმსუბუქოთ ტანჯვა თანადგომით, თანაგრძნობით. შემდეგ უკვე შეიძლება მათთან საუბარი,'' - აღნიშნულ საკითხზე ნინო მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​,,წესები მშობლებისთვის''

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის ჭკუაზე არ უნდა იარო, ისტერიულ ბავშვს მის მოედანზე თუ გადაყევი, წაგებული ხარ,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგი ​მარინა კაჭარავა მშობლისა და შვილის ურთიერთობაში პატივისცემის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბავშვმა მშობლისგან პატივისცემა აუცილებლად უნდა იგრძნოს:

„მე ძალიან თავისუფლად გავზარდე ჩემი შვილები. ეს თავისუფლება ბავშვმა ზოგჯერ შეიძლება სწორად არ გამოიყენოს. აქ არის ძალიან სერიოზული ზღვარი გასავლები. მთავარია, რომ არ დაკარგო ​ბავშვის პატივისცემა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შენ მას პატივს სცემ. შეიძლება მე დაგახრჩო ჩემი სიყვარულით, აღარ გინდოდეს არც ჩემი სიყვარული და არც მე გინდოდე. „მე შენ პატივს გცემ“ - ეს არის, რომ მე შენ გითვალისწინებ, შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ, შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.“

მარინა კაჭარავა მშობლებს ურჩევს, ბავშვის ​ისტერიას ემოციით არ უპასუხონ და მას მანიპულირების შესაძლებლობა არ მისცენ:

„ბავშვის ისტერია ყალიბდება იმით, რომ ის დაგიჭერს შენ ემოციაზე. ბავშვები შესანიშნავი მანიპულატორები არიან. არათანმიმდევრულობა სისუსტეა. ხან ვსჯი, ხან ვუცინი, ხან ვაიგნორებ. ვერ გაიგო ბავშვმა როგორ მოიქცეს. ამ დროს მშობელმა უნდა აღიაროს თავისი შეცდომა. როდესაც ბავშვს ეუბნებით: „დედა, მე შემეშალა და მაპატიე,“ ამით მას შეცდომის აღიარებას ასწავლით, აგრძნობინებთ, რომ ადამიანად თვლით. ჩვენ ვემსგავსებით მშობლებს, მოდელირებას ვაკეთებთ ქცევის. ბავშვმა ზამთარში ეზოში რომ მაისურებით და ტრუსებით მოინდომოს გასვლა, ეს კატეგორიულად არ შეიძლება. მე მშობელი ვარ და ვთვლი, რომ არ უნდა გავუშვა ბავშვი ასე გარეთ. ბავშვი თუ აყვირდება და იატაკზე გაწვება, ეს ქცევა უნდა დააიგნოროთ, ამაზე კომენტარი არ უნდა გააკეთოთ. ისევე უნდა „გაუჭედო“ ბავშვს, როგორც თვითონ, მაგრამ მშვიდად. ამის შემდეგ უნდა აიღოთ ორი სვიტრი და ჰკითხოთ, რომელს ჩაიცვამს. ასეთ დროს მე არ განვიხილავ ბავშვის არჩევანს. ბავშვი მიხვდება, რომ არ გაუვიდა. ის იმითაც კმაყოფილი დარჩება, რომ ორ სვიტრს შორის ირჩევს. ისტერიულ ადამიანს და ბავშვს აქვს თავისი მოედანი, მშობელს თავისი. შენ თუ გადაყევი მას მის მოედანზე, წაგებული ხარ. ბავშვის ჭკუაზე არ უნდა იარო. შენ თუ თვლი, რომ რაღაც არ არის მისთვის სასარგებლო, ბავშვს იმ ფორმით უნდა დაანახო ეს, რომ არ დაზიანდეს მისი პიროვნება, არ ჩათვალოს, რომ დაჩაგრეს.“

​ჰიპერმეურვეობა ნიშნავს, რომ მე შენს მაგივრად ვცხოვრობ, შენ ხარ ჩემი საკუთრება. ეს უნდა ჩაიცვა, ეს უნდა გააკეთო, ყველაფერს გისაზღვავ. ეს არის „მზრუნველობა" (მოჩვენებითი მზრუნველობა). ზრუნვა თავისთავად პოზიტიურია და არავის გვაწყენს. ბავშვს სამიდან ექვს წლამდე უვითარდება უპირატესობა.  მას ხშირად ეუბნებიან: იქ დაისვრები, იქ ნუ წუწაობ, იქ ნუ თამაშობ. შესაბამისად წარმოიდგინეთ სახლში გამოკეტილი ბავშვი, რომელიც ავეჯს ეხლება, ვერაფერს კიდებს ხელს. ამ დროს ზამბარის პრინციპი მოქმედებს, შეიძლება, გადახტეს და კისერი მოიტეხოს, ან საერთოდ ვერ იფუნქციონიროს. ბავშვს არას თქმაც არ შეუძლია. ​თავისუფლება გადის არას თქმაზე. სანამ რაღაც შემოთავაზებაზე არა შეგიძლია თქვა, მანამ ხარ თავისუფალი,“ - აღნიშნავს მარინა კაჭარავა.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად