Baby Bag

​რა შეიძლება იყოს ბავშვის აგრესიული ქცევის გამომწვევი მიზეზი და რა რეაგირება უნდა ჰქონდეთ გარშემომყოფებს?

​რა შეიძლება იყოს ბავშვის აგრესიული ქცევის გამომწვევი მიზეზი და რა რეაგირება უნდა ჰქონდეთ გარშემომყოფებს?

რა შეიძლება იყოს ბავშვის აგრესიული ქცევის გამომწვევი მიზეზი და რა რეაგირება უნდა ჰქონდეთ გარშემომყოფებს? - ამ საკითხზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი მაკო გაგნიძე.

- რა შეიძლება იყოს ბავშვის აგრესიული ქცევის გამომწვევი მიზეზი?

- ბავშვები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არც თუ ისე იშვიათად მიმართავენ აგრესიულ ქცევას. ხშირად გარშემომყოფთა ქცევაზე დაკვირვების შედეგად დაისწავლიან აგრესიულ ქცევას, შესაბამისად, მათ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოჯახის, სამეზობლოს, სკოლის, ზოგადად, სოციუმის ფაქტორი, რადგან სწორედ იქ და მათზე დაკვირვებით იღებს ქცევის პირველ გამოცდილებას. აგრესიით კომუნიკაცია შესაძლოა, ბევრად უფრო რთულ და სიღრმისეულ პრობლემებზე მიუთითებდეს, ვიდრე მხოლოდ დასწავლილი ქცევა, ის ხშირად სოციალური და ემოციური პრობლემების მანიშნებელია.

ასევე გარემოს სხვადასხვა მახასიათებელი, რომელშიც ადამიანი იმყოფება, ზრდის ან ამცირებს აგრესიული ქმედებების ალბათობას. გარდა ამისა, ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებლები მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრესიული ქცევის გამოვლინებაში. ბავშვის აგრესიული ქცევის ჩამოყალიბებაზე შესაძლოა, გავლენა მოახდინოს უამრავმა ფაქტორმა, როგორც სამედიცინო დიაგნოზმა, ასევე სოციალურმა ფაქტორებმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს იზრდება იმ სამედიცინო კვლევების რაოდენობა, რომლებიც ადასტურებენ ტელეეკრანებზე ნანახი ძალადობის სცენების ხელშეწყობას და აუდიტორიის აგრესიის დონის ამაღლებას.

- რა ფორმებით შეიძლება გამოვლინდეს აგრესიული ქცევა?

- არსებობს აგრესიული ქცევის სხვადასხვა ფორმა, თუმცა ალბათ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ფიზიკურ და ვერბალურ აგრესიაზე. ფიზიკური აგრესია არის ფიზიკური ძალის გამოყენება სხვა ადამიანის მიმართ (მაგალითად, დარტყმა, საგნების სროლა). ვერბალური აგრესია, მაგალითად, ყვირილი, გინება, ლანძღვა, მუქარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა. პატარა, კერძოდ, სკოლამდელ ასაკში აგრესიულ ქცევას შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული ფუნქცია, იყოს არასასურველის არიდებით გამოწვეული, ან სასურველის მისაღებად განხორციელებული. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ურთიერთშეთანხმება და სწორი ფორმის სწავლება.

- რა უნდა იცოდეს გარშემომყოფმა იმისთვის, რომ სწორად გაუმკლავდეს გამოვლენილ აგრესიას?

- აბსოლუტურად გასაგებია, რომ „ბუნებრივი“ აგრესიული პოტენციალი არსად არ ქრება, უბრალოდ ბავშვმა უნდა ისწავლოს საკუთარი იმპულსების კონტროლი, ან მათი გამოხატვა საზოგადოებაში მისაღები ფორმით. სწორედ აქ, მნიშვნლოვანია სოციუმი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ - ოჯახი, აღზრდის ტიპი, მშობლის და შვილის ემოციური ფონი. გავიმეორებ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი, მშობლის ქცევა და დამოკიდებულებაა, ამიტომ აგრესიული ქცევის პრევენციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა მშობლის სიზუსტე საკუთარ თავთან და შვილთან მიმართებაში. ის (მშობელი)  უნდა ეცადოს, რომ არა მხოლოდ შეგონებით, არამედ საკუთარი ქცევითი მაგალითით ბავშვი პატარა ასაკიდანვე მიაჩვიოს პრობლემების აგრესიული მეთოდების გარეშე გადაჭრას, გამოსავლის მშვიდად ძიებას და პოვნას. ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური, თუკი მშობლის ძალისხმევის მიუხედავად პრობლემა მაინც დაუძლეველია, დაიხმარეთ სპეციალისტი (ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი). კომპეტენტური სპეციალისტის რეკომენდაციით, სხვადასხვა ტექნიკით შესაძლებელია აღმოვფხვრათ პრობლემა.

- რა შემთხვევაში შეიძლება გამწვავდეს მდგომარეობა?

- არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აგრესიაზე აგრესიითვე პასუხი. ასეთ დროს მდგომარეობა ნამდვილად გამწვავდება, შესაძლოა გაჩნდეს დამატებითი სირთულეებიც. მშობელი-შვილის ურთიერთობის სირთულე, დამატებითი ქცევითი სირთულეები, ამიტომ თუკი მშობელი ვერ უმკლავდება გარკვეულ გამოწვევებს, სჯობს მიმართოს სპეციალისტს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის...“

„დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის...“

„დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთი. 


ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე! 


ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო, აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა, ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. 


ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია?“

ნოდარ დუმბაძე 

წაიკითხეთ სრულად