Baby Bag

რატომ ტირიან ბავშვები სწავლისას და რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს?

რატომ ტირიან ბავშვები სწავლისას და რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს?

რატომ ტირიან ბავშვები სწავლის დროს და რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე.

ხშირად, როდესაც მშობლები ბავშვებს გაკვეთილების მომზადებას სთხოვენ, იწყებენ ტირილს. რატომ ტირიან ისინი სწავლის დროს?

- ბავშვები დაბადებიდან შემეცნების და სწავლის პროცესში არიან, ყოველდღიურად. მათ ეს უყვართ და აინტერესებთ, მაგრამ ხშირად მარტივი არ არის სკოლასთან შეგუება და იმ დისციპლინის, სასწავლო უნარების ჩამოყალიბება, რაც სკოლაში სწავლისთვის არის საჭირო. ისინი ტირილს ამ პროცესისგან თავის ასარიდებლად იწყებენ. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამით უნდა დავინტერესდეთ, თუ რატომ ცდილობს ბავშვი თავი აარიდოს სწავლის პროცესს. შესაძლოა სასწავლო მასალა ძალიან რთულია მისთვის ან ძალიან უინტერესო. სწავლების დროს ბავშვის ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია.

შესაძლებელია, სწავლის დროს ტირილი, სკოლასთან დაკავშირებულ ტრავმასთან ასოცირდებოდეს?

- თუ ბავშვისთვის სწავლის პროცესი ასოცირდება უსიამოვნო შეგრძნებებთან, ის სწავლისგან სიამოვნებას ვერ მიიღებს და ეს მისთვის მტანჯველ ვალდებულებად გადაიქცევა. სკოლა, მასწავლებელი და მშობელი კი ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, თუ ბავშვს რომელიმე საგნის გაგება უჭირს, მასწავლებელი კი ძალიან მკაცრია, ამ საგნისთვის მომზადება იწვევს შფოთვას. უბრალოდ გავიხსენოთ საკუთარი თავები, როცა მოსწავლეები ვიყავით. რომელი საგნის მომზადება გვიხაროდა? რომელიც უკეთ გამოგვდიოდა და რომლის მასწავლებელიც გვიყვარდა, არ გვაშინებდა.

მშობლის და მასწავლებლის თანამშრომლობა, ასეთ დროს, კიდევ უფრო განსაკუთრებულ როლს იძენს. მასწავლებელმა და მშობელმა ერთობლივად უნდა დაგეგმონ სამოქმედო გეგმა. რა მოცულობის და სირთულის მასალა აიღონ გეგმად, როგორი მიდგომები გამოიყენონ ბავშვთან ურთიერთობისას.

შესაძლოა თუ არა ასეთ დროს მშობლის მიერ გადადგმულმა მკაცრმა ნაბიჯმა უარეს შედეგამდე მიგვიყვანოს?

- თუ ბავშვი სწავლას თავს არიდებს, სწავლის დროს ტირილს იწყებს, ამ დროს კი მშობელი მისგან მკაცრად მოითხოვს დავალების შესრულებას, ეს ბავშვის მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. სწავლის პროცესი ბავშვისთვის კიდევ უფრო უსიამოვნო და მტანჯველი გახდება. არსებობს სტრატეგიები, მიდგომები, რომლებიც მშობელსაც, მასწავლებელსაც და ბავშვსაც ძალიან უმარტივებს, უხალისებს სწავლის პროცესს.

- როგორ უნდა უნდა მოვიქცეთ, თუ სწავლის განმავლობაში გამუდმებით ტირის ბავშვი?

- პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ მიზეზი. ბავშვს დავუსვათ შეკითხვები. რატომ ტირის? რა არ მოსწონს? თუ აღმოვაჩენთ რომ დავალება მისთვის რთულია, მაშინ გავამარტივოთ, დავყოთ ნაწილებად. ძალიან მცირე ნაწილის სწავლის შემდეგ ბავშვი შევაქოთ, დავაჯილდოვოთ და დასვენების საშუალება მივცეთ, რომ წარმატებით ტკბობა მოასწროს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი აქვს სამეცადინო, რას მოითხოვს მისგან სკოლის მასალა. დასაწყისისთვის მთავარია ბავშვს ვაგრძნობინოთ რომ შეუძლია. ნელ-ნელა გავზარდოთ დავალების მოცულობა და სირთულე.

თუ დავალებები მისთვის უინტერესოა, მაშინ საინტერესო აქტივობებთან შევაწყვილოთ. ამისთვის საჭიროა კარგად გავიცნოთ ბავშვი, გავიგოთ რა მოსწონს, რა აინტერესებს, რა იწვევს მასში აღფთოვანებას. ჩავრთოთ სწავლების პროცესში მისთვის საინტერესო სათამაშოები, ნივთები, მათი დახმარებით ავუხსნათ და შევასრულებინოთ დავალება. არ გავაკირიტიკოთ იმის გამო რომ რამე შეეშალა, გამოვხატოთ სიხარული და აღტაცება, როცა რაიმეს დაისწავლის. არასოდეს არ ვუთხრათ ბავშვს რომ ზარმაცი ან უნიჭოა, არ შევადაროთ სხვა ბავშვებს და მათ მიღწევებს.

მშობლებს და მასწავლებლებს ვურჩევ, პირველ რიგში, დაადგინონ შეესაბამება თუ არა სასწავლო მასალა ბავშვის განვითარების საფეხურს, (თუ საჭიროა სპეციალისტის დახმარებით) ასწავლონ ბავშვს ის, რაც მას მოცემულ ეტაპზე შეუძლია და არა ის, რაც მკაცრად გაწერილ პროგრამაში წერია. თუ ბავშვს ვაგრძნობინებთ რომ მისი გვესმის, გავუმარტივებთ დავალებებს, შევაქებთ, წავახალისებთ, დავაჯილდოვებთ პატარა წინ გადადგმული ნაბიჯისთვის, მისი განწყობა სწავლის მიმართ შეიცვლება.

ესაუბრა მარიამ ჩოქური 


შეიძლება დაინტერესდეთ

„გაკვეთილის გეგმას ტვირთავთ იმის მიხედვით, როგორი ტიპის გაკვეთილებსაც ატარებთ მოცემულ პერიოდში“ - გარე დაკვირვების გაკვეთილის ჩატარების პერიოდი ყველასთან აისახა

„გაკვეთილის გეგმას ტვირთავთ იმის მიხედვით, როგორი ტიპის გაკვეთილებსაც ატარებთ მოცემულ პერიოდში“ - გარე დაკვირვების გაკვეთილის ჩატარების პერიოდი ყველასთან აისახა

გარე დაკვირვების გაკვეთილის ჩატარების პერიოდი ყველასთან აისახა უკვე და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, - ამის შესახებ მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, იგი გარე დაკვირვებაზე რეგისტრირებული მასწავლებლებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს:
  • შეგახსენებთ, გაკვეთილის გეგმა უნდა ატვირთოთ ხუთი სამუშაო დღით ადრე. თუ ვადაში ეტევით, გეგმების ატვირთვა რა თქმა უნდა, შაბათ-კვირასაც შეიძლება.
  • გაკვეთილის გეგმას ტვირთავთ იმის მიხედვით, როგორი ტიპის გაკვეთილებსაც ატარებთ მოცემულ პერიოდში. თუ დისტანციური სწავლება გიწევთ - დისტანციურისას, თუ საკლასო ოთახში ატარებთ, მაშინ ჩვეულებრივს. შესაბამისად, გაკვეთილი უნდა გაწეროთ იმ დროის მიხედვით, რა ხანგძლივობის გაკვეთილებსაც ატარებთ სკოლაში.
  • გეგმები უნდა იყოს pdf ფორმატით. მნიშვნელობა არ აქვს დაასკანერებთ თუ პირდაპირ pdf- ში გადაიყვანთ. ასავე, სავალდებულო არ არის ხელმოწერა.
  • მთავარია, იყოს 5 მიმდევრობით ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმა. შეგიძლიათ ერთ ფაილად ატვირთოთ ხუთივე გეგმა, ან ცალ-ცალკე ფაილად. როგორც მოგიხერხდებათ.
  • გაკვეთილის გეგმებს წერთ გაკვეთილის გეგმის ფორმის მიხედვით, მთავარია, ფორმაში მოთხოვნილი კრიტერიუმები შეავსოთ. მნიშვნელობა არ აქვს, შრიფტის ზომას, გვერდების რაოდენებას და ა.შ. მთავარია, მოცულობით იმხელა არ იყოს, ძალიან დიდი (25 მეგაბაიტზე მეტი), რომ სისტემამ ვერ მიიმაგროს. ასევე, სავალდებულო არ არის დანართების მიმაგრება. უბრალოდ აღწერეთ რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. თარიღი თუ გინდათ გაკვეთილის ჩატარების მიუთითეთ, თუ გინდათ ატვირთვის.
  • გაკვეთილის ჩატარებისას სახელმძღვანელოს უნდა მიყვეთ თუ არა? შეგიძლიათ თუ არა გამოიყენოთ სხვა სახელმძღვანელო და ა.შ. მსგავს კითხვებზე პასუხი უნდა ნახოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, გარე დაკვირვების წესი განსხვავებულს არ ითხოვს არაფერს.
  • პირისპირ ჩასატარებელი გაკვეთილზე უნდა გაითვალისწინოთ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV -2) გამოწვეულ ინფექციასთან (CoVID - 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.

​(დანართი 36, დანართი 37).
წაიკითხეთ სრულად