Baby Bag

რა იწვევს ბავშვებში დაბალ თვითშეფასებას და როგორი უნდა იყოს სწორი უკუკავშირი?

რა იწვევს ბავშვებში დაბალ თვითშეფასებას და როგორი უნდა იყოს სწორი უკუკავშირი?

რა იწვევს ბავშვებში დაბალ თვითშეფასებას და როგორი უნდა იყოს სწორი უკუკავშირი? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა თათია მჟავია, კლინიკური ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი.

- რა არის თვითშეფასება?

- თვითშეფასება ეს არის დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარებს. თვითშეფასების ჩამოყალიბება ბავშვობის პერიოდიდან იწყება, სწორედ ბავშვის ირგვლივ მყოფი ადამიანები და გარემო განსაზღვრავს, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება პატარას საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მიმართ.

ჯანსაღი სოციალური გარემო და მშობლების სწორი უკუკავშირი განაპირობებს ბავშვისადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას.
თვითშეფასება შეიძლება იყოს დაბალი, ადეკვატური ან მაღალი. როგორც დაბალი თვითშეფასება, ასევე, მაღალი თვითშეფასებაც არაჯანსაღი დამოკიდებულებაა.

განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია პატარებს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია, შევაქოთ, პატივი ვცეთ მათ აზრსა და ხაზი გავუსვათ ბავშვის ძლიერ მხარეებს.

- რა იწვევს ბავშვებში დაბალ თვითშეფასებას?

- დაბალი თვითშეფასება ყალიბდება მაშინ, როდესაც პატარებს მუდმივად ვაკრიტიკებთ, როდესაც გარშემომყოფებს მათ მიმართ არაადეკვატური მოლოდინები აქვთ. ჯანსაღი თვითშეფასების ფორმირებას ხელს უშლის, როგორც მკაცრი აღზრდის სტილი (ბავშვს მშობელი არ აძლევს საშუალებას დაუშვას შეცდომა და თავად ნახოს გამოსავალი, ასეთ დროს ბავშვი ვერ გამოცდის საკუთარ შესაძლებლობებს), ასევე, ზედმეტად თავისუფალი აღზრდის სტილიც, როდესაც მშობელი ბავშვებს აძლევს უსაზღვრო თავისუფლებას, ბავშვის ქცევას არ ჰყავს მაკონტროლებელი.

როდესაც ბავშვი ფიქრობს რომ არის უნიჭო ან არ არის საკმარისად ლამაზი, ის არავის სჭირდება და ასე შემდეგ, ცხადია ეს წარმოსახვები საკუთარ თავზე, შემდგომში აისახება ბავშვის თვითრეალიზებასა და ხარისხიან ფუნქციონირებაზე.დაბალი თვვითშეფასება და არასრულფასოვნების განცდა ფსიქიკაში მყარად ილექება და მთელი ცხოვრების მანძილზე მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

- როგორი უნდა იყოს სწორი უკუკავშირიბავშვთან? რას ურჩევდით მშობლებს ?

ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მშობლის თანმიმდევრულობა და ბავშვის საქციელის ადეკვატური შეფასება. ბავშვს უნდა ჰქონდეს ერთიანობის განცდა, უნდა გრძნობდეს და სჯეროდეს, რომ მხარს უჭერენ, აღიარებენ მის შესაძლებლობებს, ხოლო ისეთ ქცევებს, რომლებიც მიუღებელია, გარშემომყოფები ერთხმად უნდა უარყოფდნენ.

ბავშვს რომ ადეკვატური თვითშეფასება ჩამოუყალიბდეს, მნიშვნელოვანია, მშობლებმა გაითვალისწინოს შემდეგი რჩევები:

  • არ შეადაროთ თქვენი შვილი სხვა ბავშვებს;
  • ხაზი გაუსვით მათ წარმატებულ ნაბიჯებს და აგრძნობინეთ რომ ამაყობთ მისით;
  • პატივი ეცით თქვენი შვილის პირად სივრცესა და მიეცით საშუალება გარკვეულ სიტუაციებში თავად გააკეთოს არჩევანი;
  • მიეცით ბავშვებს შეცდომის დაშვების საშუალება, ამით ხელს შეუწყობთ თავად იპოვონ მსგავს სიტუაციებში გამოსავალი;
  • როდესაც თქვენს შვილს გააკრიტიკებთ, კრიტიკა მიმართული უნდა იყოს საქციელზე და არა ბავშვის პიროვნებაზე.

ესაუბრა მარიამ ჩოქური​

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად