Baby Bag

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

უცხო ადამიანებთან ან ახალ გარემოში მოხვედრისას, სიმორცხვე ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა. მნიშვნელოვანია მან იცოდეს ახლობელი და უცხო ადამიანების გარჩევა და ისიც, რომ მათთან განსხვავებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს: გამოიჩინოს სიფრთხილე, უფრო მეტად ენდოს ახლობლებს და ნაკლებად - უცხოებს. 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როდის არის ბავშვის სიმორცხვე ნორმალური მოვლენა და როდის ხდება საჭირო დახმარება? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა სირთულე და როგორ მოიქცეს ასეთის არსებობის შემთხვევაში? სიმორცხვე პრობლემაა, როდესაც:

  • ის ხელს უშლის ბავშვს სხვა ადამიანებთან (უფროსებთან თუ თანატოლებთან) ურთიერთობის პროცესში;
  • აფერხებს სხვადასხვა სოციალურ გარემოში (ბაღში, სკოლაში) მისი ადაპტაციისა და ფუნქციონირების პროცესს.
  • აუარესებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
  • აღნიშნული სირთულეების გამო ბავშვს უყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარ თავზე;
  • უჭირს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება;
  • უჭირს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება.      


ავტორი: ირინე დოღაძე

წყარო: თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლებს მინდა ვუთხრა, ბებიებს და ბაბუებს ნუ დავაკლებთ შვილიშვილებთან ურთიერთობას,“ - ნანა ჩაჩუა

„მშობლებს მინდა ვუთხრა, ბებიებს და ბაბუებს ნუ დავაკლებთ  შვილიშვილებთან ურთიერთობას,“ - ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ შვილიშვილებსა და ბებია-ბაბუებს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვებს ბებიებისა და ბაბუების სამყარო მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ:

„ბავშვებს ბებიების და ბაბუების სამყარო მარადიულად მიჰყვებათ ცხოვრების მთელ გზაზე. ეს არის აბსოლუტურად სხვა მიმართება. მშობლებთან მიმართება სხვა არის, ის თვისობრივადაც კი განსხვავებულია. ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი აქვს დაწერილი მირჩა ელიადეს. უცებ გამახსენდა, სპონტანურად. ამ ნაშრომს ასეთი დასათაურება აქვს: „მარადიული დაბრუნების მითი.“ ყველაზე მეტად ​ბებიებისა და ბაბუების განცდას შვილიშვილებთან მიმართებაში ეს ფრაზა ადასტურებს. ეს არის მარადიული დაბრუნების მითი. ბრუნდები შენ ისევ, ბრუნდები მარადიულად ამ ახალგაზრდობაში, ამ ჩვილობაში.“

ნანა ჩაჩუამ მშობლებს სთხოვა ბებიებს და ბაბუებს არ მოაკლონ შვილიშვილებთან ურთიერთობის შესაძლებლობა:

„მე ძალიან მინდა, რომ ხმამაღლა ვთქვა, ​ბებიებს და ბაბუებს ნუ დავაკლებთ ბავშვებთან, შვილიშვილებთან ურთიერთობას. მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ შვილებს ნუ დააკლებენ ამ ურთიერთობას, ამ ტაქტილურ შეხებას. რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმეთ ამ ურთიერთობას. ეს არის კოსმიური, ღვთაებრივი კავშირი.“

„ჩვენ როცა ვურთიერთობთ ერთმანეთთან, ეს ყოველთვის არის საკუთარ თავთან ურთიერთობა. შვილიშვილთან რა გამოცდილება გექმნება? ადამიანს ხომ ჯერ სიმბიოზური კავშირი აქვს დედასთან, მერე თანდათან შორდება. შვილებთან მშობლები უფრო მეტად დისტანცირების პროცესში არიან, იმიტომ, რომ შვილი უნდა გაუშვა შენი წიაღიდან. მერე იწყება უკან დაბრუნების გზა. ფსიქოლოგიაში მითითებულია, რომ 64 წლიდან შენი განვლილი ცხოვრება გადმოდის წინ. წინ რას ხედავ განცდისეულად? ეს არის შენი განვლილი ცხოვრება. იქ ხედავ შენს თავს ყველაზე მეტად. ახალგაზრდობაში ხომ ვუწყრებით ჩვენს თავს, ვუწყრებით შვილებს. მერე ჩვენვე გვიჩნდება ჩვენი თავის მოფერების, სიყვარულის ეტაპი და ​შვილიშვილები არიან ჩვენი თავები, ჩვენი მეები და სულ გვინდა, რომ მათთან ერთად ვიყოთ,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად