Baby Bag

,,გირჩევთ, სიყვარული არ გადადოთ. გინდა მოფერება? - მოეფერე, ტკბილი სიტყვა უთხარი, არ აწყენინო, არ გაუბრაზდე, არ შეურაცხყო, ხელი არ აღმართო''

,,გირჩევთ, სიყვარული არ გადადოთ. გინდა მოფერება? - მოეფერე, ტკბილი სიტყვა უთხარი, არ აწყენინო, არ გაუბრაზდე, არ შეურაცხყო, ხელი არ აღმართო''

„სიყვარული არ გადადოთ, თუ ვინმე გიყვართ, გიყვარდეთ ახლა, ამ წუთს ..." - აღნიშნულის შესახებ აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა პირველი არხის ეთერში ისაუბრა. 

,,სიყვარული ისეთი რამ არის, რაც გადადებას არ ითხოვს. თუ ქმარს ცოლი უყვარს, სულ უნდა უყვარდეს, ყოველთვის და ყოველ წამს. უყვარდეს საქმით, სიტყვით, ალერსით, მოფერებით, კარგი ამბებით. უნდა ჩაეხუტოს და მოეფეროს მას, არ უნდა აწყენინოს, არ უნდა თქვას - „რაღა დროს ეგ სიყვარულია, 20 წელია ერთად ვცხოვრობთ“. მართლაც რომ გაუცხოვდებიან ხოლმე, ერთს ერთგან გაურბის თვალი, მეორეს შეიძლება მეორეგან. თუ გიყვარს, მაშინ უნდა გიყვარდეს, როცა ხარ და როცა არის. არ გადადო ეს სიყვარული!''

,,მე ბევრჯერ გადავდე, გადავდე იმიტომ, რომ წიგნს ვწერ, სადმე მივდივარ, გაბრაზებული ვარ, გადავდე, გადავდე და ეს გადადებები დამრჩა გულში. ხომ შეიძლებოდა ეს არ ყოფილიყო, იმასაც წყენა არ დარჩენოდა ჩემზე და უფრო მეტი სიყვარული გვენახა. ამიტომ გირჩევთ, სიყვარული არ გადადოთ. გინდა მოფერება? მოეფერე, ტკბილი სიტყვა უთხარი, არ აწყენინო, არ გაუბრაზდე, არ შეურაცხყო, ხელი არ აღმართო. ათასი ცუდი ქცევა გვაქვს, ვითომ გვიყვარს და თან იქვე, პილპილმოყრილი მადლიო. ასეთი სიყვარული, „პილპილმოყრილი“, არ არის სიყვარული,'' - აღნიშნა მან. 

წყარო: ​პირველი არხი

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად