Baby Bag

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?  - თემაზე ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ისაუბრა. 

მისი თქმით, ბავშვი არასდროს არ უნდა შევადაროთ სხვას:

,,სწავლასთან დაკავშირებული შენიშვნები ძალიან მნიშვნელოვანია, აქ გვჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილე. ფსიქოლოგები ეძახიან „სენდვიჩის“ მეთოდს, როცა ჯერ ვაქებთ, შემდეგ ვეუბნებით რა არ მოგვწონს და ბოლოს, კიდევ ვაქებთ. არასდროს არ  უნდა შევადაროთ ბავშვი სხვა ბავშვებს. ჩვენ უნდა ვუთხრათ - „შენ გუშინწინ ამას ვერ აკეთებდი და ახლა ნახე რა კარგად აკეთებ, ყოჩაღ!“, „შეხედე, ეს ნაწერი სჯობს ასე იყოს, მოდი კიდევ სცადე“, ამას სჭირდება მოთმინება და არა გაღიზიანება. „ცუდია“ - არ უნდა ვუთხრათ, რადგან შესაძლოა ყველანაირი სურვილი დაკარგოს, რომ ხელმეორედ გააკეთოს, რადგან ბავშვის დემოტივირება ძალიან მარტივია,'' - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ,,ტელესკოლა''

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ გადაუზარდოთ ბავშვს სიფრთხილე შიშში! შიში მხოლოდ დამცირებაა, ვამცირებთ იმას, ვისაც ვაშინებთ,“- შალვა ამონაშვილი

„არ გადაუზარდოთ ბავშვს სიფრთხილე შიშში! შიში მხოლოდ დამცირებაა, ვამცირებთ იმას, ვისაც ვაშინებთ,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებში შიშის ფენომენის აღმოცენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შიში არ არის ადამიანის თანდაყოლილი თვისება, ის შეძენილია:

„შიში თანდაყოლილი თვისება არ არის. ადამიანი არ იბადება შიშით. ის იბადება სიფრთხილის განცდით. ფრთხილი უნდა იყო, ცხოვრებას ითვისებ, ბევრი რამ შენთვის გაურკვეველია, ბილიკი არ გაქვს გაკვეთილი. სიფრთხილე გვმართებს ყოველთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვშფოთავდეთ და გვეშინოდეს. შიში ჩვენი სისუსტეა. ​თანდაყოლილი სიფრთხილე უნდა ვზარდოთ ჩვენში და ბავშვშიც უნდა ვზარდოთ. იქამდე კი არა, როგორც მოთხრობებშია აღწერილი, გაგანია სიცხეში წვიმის შიშით კაცი რომ ქოლგით გამოდის. ასეთი შფოთვა და შიში უგუნურებამდე მიგვიყვანს.“

შალვა ამონაშვილის თქმით, შიში ვერ გვიხსნის განსაცდელისგან და უმჯობესია, ფრთხილები ვიყოთ, ვიდრე გვეშინოდეს:

„ნათქვამია: „შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო.“​ სიფრთხილე გვმართებს და არა შიში. სიფრთხილე ბავშვშიც უნდა აღვზარდოთ და ჩვენს თავშიც. ხომ არ ხდება ისე, ჩემო ძვირფასო მშობლებო, რომ თვითონ ვზრდით ჩვენს ბავშვებში შიშს?! ეს სიფრთხილე შეიძლება შიშში გადაიზარდოს, თუ ბავშვს სწორ გზაზე არ დავაყენებთ. როდესაც პატარა ბავშვს ვეუბნებით: „გაუშვი, ხელი არ ახლო, იქ არ მიხვიდე,“ ეს სიფრთხილეს ართმევს ბავშვს და მის ნაცვლად შიშს ნერგავს. სიფრთხილეს არავინ არ ზრდის ჩემში, მარტო მეუბნებიან, რომ ცუდი ამბავი მოხდება.“

„არ გადაუზარდოთ ბავშვს სიფრთხილე შიშში. ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. სიკვდილი ერთია, ყველას მოგადგებათ, თუმცა ყველას გისურვებთ ძალიან დიდხანს სიცოცხლეს. მოგვადგება სიკვდილი კარს და შიში გვიხსნის?! იქნებ ცნობისმოყვარეობით უნდა მივიღოთ ყველაფერი, რომ ვნახოთ: აბა ეს რაღა ყოფილა?! ჩვენი ბავშვები გმირებად უნდა გავზარდოთ. ჩვენ თვითონ გმირები უნდა ვიყოთ. შიში მხოლოდ დამცირებაა. ჩვენ თვითონ ვმცირდებით და იმათაც ვამცირებთ, ვისაც ვაშინებთ. ​შევეშველოთ ბავშვს, რომ თანდაყოლილი სიფრთხილე არ გადაეზარდოს შიშში. სიფრთხილე, გონივრული ქცევები, წინდახედულება, ეს ყოველთვის უნდა აღვზარდოთ ბავშვში. ბავშვს უნდა ვუთხრათ: „ნუ გეშინია, შვილო, მიდი! მე შენთან ვარ მშველელი!“ როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ აქვს მხარდაჭერა, მასში შიში არ აღმოცენდება,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად