Baby Bag

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?  - თემაზე ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ისაუბრა. 

მისი თქმით, ბავშვი არასდროს არ უნდა შევადაროთ სხვას:

,,სწავლასთან დაკავშირებული შენიშვნები ძალიან მნიშვნელოვანია, აქ გვჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილე. ფსიქოლოგები ეძახიან „სენდვიჩის“ მეთოდს, როცა ჯერ ვაქებთ, შემდეგ ვეუბნებით რა არ მოგვწონს და ბოლოს, კიდევ ვაქებთ. არასდროს არ  უნდა შევადაროთ ბავშვი სხვა ბავშვებს. ჩვენ უნდა ვუთხრათ - „შენ გუშინწინ ამას ვერ აკეთებდი და ახლა ნახე რა კარგად აკეთებ, ყოჩაღ!“, „შეხედე, ეს ნაწერი სჯობს ასე იყოს, მოდი კიდევ სცადე“, ამას სჭირდება მოთმინება და არა გაღიზიანება. „ცუდია“ - არ უნდა ვუთხრათ, რადგან შესაძლოა ყველანაირი სურვილი დაკარგოს, რომ ხელმეორედ გააკეთოს, რადგან ბავშვის დემოტივირება ძალიან მარტივია,'' - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ,,ტელესკოლა''

შეიძლება დაინტერესდეთ

„ითვლება, რომ დედამ უნდა უმღეროს ბავშვს. დედის სიმღერა ძალიან დადებითად აღიქმება ბავშვის მიერ,“ - თამარ ედიბერიძე

„ითვლება, რომ დედამ უნდა უმღეროს ბავშვს. დედის სიმღერა ძალიან დადებითად აღიქმება ბავშვის მიერ,“ - თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ იმ უნარების შესახებ ისაუბრა, რომელთა განვითარებაში ბავშვს ასაკობრივად უნდა დავეხმაროთ. მისი თქმით, წლამდე ასაკში ბავშვს მოტორული უნარები უვითარდება:

​ერთ წლამდე ასაკი არის მოტორული განვითარების ასაკი, როდესაც ქარიშხალივით ვითარდება ახალ-ახალი მოტორული უნარები. ბავშვი იწყებს თავის დაჭერას, თავის ხელებს აღმოაჩენს. ჯდომას იწყებს, დგომას, სიარულს. ამის პარალელურად ძალიან იზრდება კოგნიტური განვითარების, სოციალური ურთიერთობების უნარების განვითარება. წლამდე ბავშვი მაინც უფრო მოსმენას სწავლობს. ჩვენ მას ძალიან ბევრი უნდა ველაპარაკოთ, პატარ-პატარა სახალისო საბავშვო ლექსები, გარითმული მელოდიები ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი მივაჩვიოთ ჩვენს ხმას, სხვადასხვა ინტონაციას და ა.შ. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე ის სიტყვიერ პასუხს ვერ დაგვიბრუნებს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიყოთ მონდომებული, რომ მან ემოციებით, მიმიკით თავისი საპასუხო რეაქცია გამოხატოს.“

თამარ ედიბერიძემ აღნიშნა, რომ ​დედის სიმღერას ბავშვზე ძალიან დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია:

„ითვლება, რომ დედამ უნდა უმღეროს ბავშვს. დედის სიმღერა ძალიან დადებითად აღიქმება ბავშვის მიერ. ყველა წუთი გამოვიყენოთ ამისთვის, ვსეირნობთ, ვუცვლით, ვაბანავებთ, ვაჭმევთ თუ ა.შ. არ არის საჭირო ბევრი სპექტრი, დღეს ერთი ლექსი, ხვალ მეორე. მზა, ერთსტროფიანი წაღიღინება ბავშვს აჩვევს ჩვენს ხმას, აჩვევს სიტყვიერ კომუნიკაციას და ემოციების გაღვივებას უწყობს ხელს.“

​თამარ ედიბერი​ძის თქმით, სამ წლამდე ასაკის ბავშვი საუბარში სიტყვიერადაც უნდა ჩაერთოს:

„სამ წლამდე უკვე წინა პლანზე მოდის ის, რომ ბავშვმა სიტყვიერი პასუხიც უნდა დაგვიბრუნოს. მისი ლექსიკური მარაგი ძალიან უნდა გაფართოვდეს. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რამდენად რეაგირებს ჩვენი სიტყვების შინაარსზე ბავშვი. უნდა ვახმოვანოთ, უნდა ავუხსნათ ყველაფერი, რასაც ბავშვი ეხება, უყურებს, აკეთებს. მაგალითად, მოდი, სადილი მოვამზადოთ ერთად, ავიღოთ მწვანილი, პომიდორი, წვნიანი პომიდორი, წითელი პომიდორი და ა.შ. ერთი წლის მერე, როდესაც სიტყვების მარაგი ფართოვდება ბავშვისთვის, ნაცნობ ზღაპარს რომ ვუყვები, პერიოდულად ვაკეთებ პაუზებს. მას ვაძლევ საშუალებას შემომაშველოს ის სიტყვები, რომელიც მას ახსოვს. ძალიან მოსახერხებელი და მიმზიდველია ამ დროს, რომ პატარა თოჯინების თეატრი გავითამაშოთ. მაგალითად, მოვიდა დათუნია, აი, რა უთხრა. მივცეთ ბავშვს დრო და წავახალისოთ, რომ მანაც გაიმეოროს.“

„ბავშვები, რა თქმა უნდა, უცებ ისრუტავენ ყველა ინფორმაციას, რასაც ვაწვდით, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ისინი ვერ ახერხებენ ამ ინფორმაციის რაციონალიზაციას, დახარისხებას, შესაბამისად, ბრმად ისრუტავენ ყველაფერს, რასაც ვაწვდით, ამიტომ, ეს ​ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია. სკოლისათვის მზაობა არ გულისხმობს ასოებისა და ციფრების წერაში ვარჯიშს, სასკოლო მზაობისთვის მომზადება ესაა ძერწვა, აპლიკაციები, გაფერადება, ხატვა და ა.შ. გამოვჭრათ, დავხატოთ, გამოვძერწოთ, ეს ავითარებს თითების ფუნქციებს და არა ასოების წერა,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად