Baby Bag

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?  - თემაზე ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ისაუბრა. 

მისი თქმით, ბავშვი არასდროს არ უნდა შევადაროთ სხვას:

,,სწავლასთან დაკავშირებული შენიშვნები ძალიან მნიშვნელოვანია, აქ გვჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილე. ფსიქოლოგები ეძახიან „სენდვიჩის“ მეთოდს, როცა ჯერ ვაქებთ, შემდეგ ვეუბნებით რა არ მოგვწონს და ბოლოს, კიდევ ვაქებთ. არასდროს არ  უნდა შევადაროთ ბავშვი სხვა ბავშვებს. ჩვენ უნდა ვუთხრათ - „შენ გუშინწინ ამას ვერ აკეთებდი და ახლა ნახე რა კარგად აკეთებ, ყოჩაღ!“, „შეხედე, ეს ნაწერი სჯობს ასე იყოს, მოდი კიდევ სცადე“, ამას სჭირდება მოთმინება და არა გაღიზიანება. „ცუდია“ - არ უნდა ვუთხრათ, რადგან შესაძლოა ყველანაირი სურვილი დაკარგოს, რომ ხელმეორედ გააკეთოს, რადგან ბავშვის დემოტივირება ძალიან მარტივია,'' - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ,,ტელესკოლა''

შეიძლება დაინტერესდეთ

3 შეცდომა, რომელსაც მშობლები ბავშვის რთული ქცევის მართვისას უშვებენ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

​​ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლების მიერ ბავშვის რთული ქცევის მართვის დროს დაშვებულ სამ უმნიშვნელოვანეს შეცდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, უფროსები მეტისმეტად არიან ფოკუსირებულები ნეგატიური ქცევის ჩახშობაზე, რაც არასწორია:

„მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ძირითად შეცდომებზე, რომელსაც მშობლები უშვებენ რთული ქცევის პრევენციისა და მართვისთვის. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ​დამოკიდებულება რთული ქცევის მიმართ. ჩვენ, ბუნებრივია, არ მოგვწონს ეს ქცევა. ვცდილობთ, რომ ის ჩავახშოთ, ჩვენთვის არის დამანგრეველი და გამაღიზიანებელი. ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ ამ ქცევას, არ უნდა ჩავახშოთ ასე და არ უნდა იყოს ჩვენი მტერი ბავშვის ეს ქცევა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ბავშვს იმაში, რომ მან თვითონ მოახერხოს თავისი ემოციის დაძლევა, იმედგაცრუების დაძლევა და რთულ სიტუაციასთან გამკლავება. ჩხუბი, დაყვავება, მოფერება და მსგავსი დამოკიდებულებები არ ჭრის. რაც უფრო ფოკუსირებული ვართ რთულ ქცევაზე, მით უფრო რთულდება ეს ქცევა. ყველაზე კარგი სტრატეგიაა იგნორირება, თუ ბავშვს ამ დროს არ აწუხებს რაიმე ფიზიკური.“

​თამარ გაგოშიძის თქმით, თავისუფალი ადამიანის აღსაზრდელად წესებისა და შეზღუდვების დაწესება აუცილებელია:

„მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა არის ფიქრი იმის შესახებ, რომ ბავშვი უნდა გავზარდოთ თავისუფალ პიროვნებად და ამიტომ წესებს და შეზღუდვებს მას ვერ დავუწესებთ. თუ ჩვენ არ დავაწესეთ წესები, თუ არ დავუწესეთ ბავშვებს საზღვრები, ბავშვი ვერასდროს მიეჩვევა თავისუფალ არჩევანს და თავისუფალ პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება. ამაში მას გარემო უნდა დაეხმაროს. ​ბავშვს გარემო უნდა დაეხმაროს არა ძალადობრივად, არა ყველაფრის უფლების მიცემით, არამედ იმით, რომ მან თვითონ გააკეთოს არჩევანი იმის მიხედვით, თუ რა შედეგი მოჰყვება მის რთულ ქცევას. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა წინასწარ იცოდეს და შეთანხმებული გვქონდეს მასთან, თუ რა საზღვრებში მოუწევს მას მოქმედება, რა არის ის წესი, რომელიც მან უნდა შეასრულოს.“

„მესამე შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ შვილებთან დაკავშირებით, ეს არის დამოკიდებულება, რომ შვილებს უნდა ავარიდოთ უარყოფითი ემოციები. კი არ უნდა უარვყოთ ბავშვის ნეგატიური ემოციები, ​ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მას, რომ თვითონ გამოხატოს ეს ემოციები, დაარქვას სახელი ემოციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვმა უნდა იცოდეს, როდის სწყინს, როდის უხარია, როდის ღელავს, როდის არის გაღიზიანებული. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას, რომ სახელი დაარქვას ემოციებს, გაამატერიალუროს ისინი. ეს ბევრად გაუადვილებს მასაც და ჩვენც გაგვიადვილებს ამ ემოციების მართვას,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ UNICEF Georgia

წაიკითხეთ სრულად