Baby Bag

,,ბრაზი არის იმედგაცრუების შედეგად გამოვლენილი რეაქცია" - როგორ ვმართოთ ის?

,,ბრაზი არის იმედგაცრუების შედეგად გამოვლენილი რეაქცია" - როგორ ვმართოთ ის?

​ბრაზის მართვასა და ამ მხრივ საკუთარ გამოცდილებაზე ნეიროფსიქოლომა, თამარ გაგოშიძემ გადაცემის - ,,შუადღე” ეთერში ისაუბრა. გაგოშიძემ განმარტა, რა არის ბრაზი და რა განაპირობებს მის არსებობას.

,,ბრაზის მართვა არის ძალიან რთული, ყველაფრის მიმართ. ზოგადად, რა არის ბრაზი? ეს არის იმედგაცრუების შედეგად გამოვლენილი რეაქცია. ეს რეაქცია კი არის ძალიან მწვავე. სასურველია, დასვა შეკითხვა - „რატომ ბრაზდები“, ან უნდა ჩაისუნთქო და ათამდე დაითვალო. მე პირადად, რადგან ბევრი ადამიანის მენეჯმენტი მიწევს, ბუნებრივია, ვბრაზდები ხოლმე. ამ დროს ჩემს თავს ვეუბნები - ,,ხვალ დაელაპარაკე". ხვალამდე ბრაზი წავა, გააანალიზებ, დაალაგებ და ისე გაესაუბრები ადამიანს. ოღონდ მეორე მხარეა, რომ  ეს ბრაზი არ უნდა „ჩაქოლო“. 

ჩვენ გვაქვს კარგი ტერმინი - ,,ასერტიულობა“. ეს ნიშნავს საკუთარი პოზიციისა და დამოკიდებულების გამოხატვას მისაღები გზით. ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემს ახლობლებს, თანამშრომლებს, რომ უნდა თქვან - რა აწუხებთ, უნდა უთხრან ადამიანს - რაზე არიან გაბრაზებულები, რადგან სხვა შეიძლება, ვერ მიხვდეს, რომ მასზე ვინმე ნაწყენია. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ჩხუბის გარეშე. ამიტომ, ასერტიულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, როცა ადამიანს შეუძლია, გამოხატოს ან „ჩაქოლოს". 

თუ პიროვნება „ჩაქოლავს“, მაშინ შეიძლება, ფსიქიკაზე მიიღოს დარტყმა. მაგალითისთვის, როგორც წესი,  ჩვენ უფროსს ვერ ვეუბნებით, რომ გვეწყინა, ამიტომ, ბრაზს ,,ვქოლავთ", - ამბობს თამარ გაგოშიძე.

წყარო: ​,,შუადღე''


შეიძლება დაინტერესდეთ

რა დრო უნდა გაატარონ 2-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვებმა ეკრანთან?

რა დრო უნდა გაატარონ 2-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვებმა ეკრანთან?

რა დრო უნდა გაატარონ 2-დან 5-წლამდე ბავშვებმა ეკრანთან? - თემაზე გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა საქართველო'' ინკლუზიის და ადრეული განვითარების სპეციალისტი ცირა ბარქაია საუბრობს. 

,,2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან ყოფნის მაქსიმალური დრო ერთ საათი უნდა იყოს. პრაქტიკას რომ დავაკვირდეთ, მე მინახავს მაღაზიაში დედა-შვილი, როდესაც დედა არჩევს შვილისთვის ტანსაცმელს და ბავშვისთვის მიცემული აქვს ტელეფონი, რათა გაჩუმდეს. მაგალითად, ბავშვი ჭამს და წინ უდევს ტელეფონი, პასიურად აძლევენ საკვებს, ამ დროს ბავშვი არ აქცევს ყურადღებას რას ჭამს - ძალიან ცუდია და ამაზე კომპრომისული პასუხი არ მაქვს, არ უნდა გააკეთოთ ეს.

სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ ეკრანთან დიდი დროის გატარება თავის ტვინის აღმასრულებელ ფუნქციაზე ანუ კოგნიტურ-შემეცნებით ფუნქციებზე ახდენს ძალიან უარყოფით ზეგავლენას. ბავშვებს არ შეუძლიათ ყურადღების კონცენტრირება. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ბავშვი ჩართულია იმაში, რასაც უყურებს, მაგრამ ეს არ არის ჩართულობა, ეს არის გათიშული ტვინი, რომელიც უყურებს ეკრანს. ამ პროცესში თავი ტვინის განვითარება აქტიურად არ მიმდინარეობს,'' - დასძინა ცირა ბარქაიამ. 

წყარო: ,,დილა მშიდობისა საქართველო''

წაიკითხეთ სრულად