Baby Bag

,,ბრაზი არის იმედგაცრუების შედეგად გამოვლენილი რეაქცია" - როგორ ვმართოთ ის?

,,ბრაზი არის იმედგაცრუების შედეგად გამოვლენილი რეაქცია" - როგორ ვმართოთ ის?

​ბრაზის მართვასა და ამ მხრივ საკუთარ გამოცდილებაზე ნეიროფსიქოლომა, თამარ გაგოშიძემ გადაცემის - ,,შუადღე” ეთერში ისაუბრა. გაგოშიძემ განმარტა, რა არის ბრაზი და რა განაპირობებს მის არსებობას.

,,ბრაზის მართვა არის ძალიან რთული, ყველაფრის მიმართ. ზოგადად, რა არის ბრაზი? ეს არის იმედგაცრუების შედეგად გამოვლენილი რეაქცია. ეს რეაქცია კი არის ძალიან მწვავე. სასურველია, დასვა შეკითხვა - „რატომ ბრაზდები“, ან უნდა ჩაისუნთქო და ათამდე დაითვალო. მე პირადად, რადგან ბევრი ადამიანის მენეჯმენტი მიწევს, ბუნებრივია, ვბრაზდები ხოლმე. ამ დროს ჩემს თავს ვეუბნები - ,,ხვალ დაელაპარაკე". ხვალამდე ბრაზი წავა, გააანალიზებ, დაალაგებ და ისე გაესაუბრები ადამიანს. ოღონდ მეორე მხარეა, რომ  ეს ბრაზი არ უნდა „ჩაქოლო“. 

ჩვენ გვაქვს კარგი ტერმინი - ,,ასერტიულობა“. ეს ნიშნავს საკუთარი პოზიციისა და დამოკიდებულების გამოხატვას მისაღები გზით. ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემს ახლობლებს, თანამშრომლებს, რომ უნდა თქვან - რა აწუხებთ, უნდა უთხრან ადამიანს - რაზე არიან გაბრაზებულები, რადგან სხვა შეიძლება, ვერ მიხვდეს, რომ მასზე ვინმე ნაწყენია. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ჩხუბის გარეშე. ამიტომ, ასერტიულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, როცა ადამიანს შეუძლია, გამოხატოს ან „ჩაქოლოს". 

თუ პიროვნება „ჩაქოლავს“, მაშინ შეიძლება, ფსიქიკაზე მიიღოს დარტყმა. მაგალითისთვის, როგორც წესი,  ჩვენ უფროსს ვერ ვეუბნებით, რომ გვეწყინა, ამიტომ, ბრაზს ,,ვქოლავთ", - ამბობს თამარ გაგოშიძე.

წყარო: ​,,შუადღე''


შეიძლება დაინტერესდეთ

,,გაჯეტები მოზარდებს ხდის დამოკიდებულს, იწვევს სტრესს, რომელიც დეფიციტს აჩენს''

,,გაჯეტები მოზარდებს ხდის დამოკიდებულს, იწვევს სტრესს, რომელიც დეფიციტს აჩენს''

ფსიქოლოგმა თინათინ ცერცვაძე გაჯეტების შესახებ გადაცემაში ,,წესები მშობლებისთვის'' ისაუბრა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, გაჯეტები მოზარდებს და ზრდასრულებს დამოკიდებულს ხდის: 

,,ადამიანი დამოკიდებული შეიძლება იყო, როგორც ნებისმიერ ნარკოტიკზე, ასევე გაჯეტებზე. უცებ რომ ამოიღო გაჯეტები მათი ცხოვრებიდან, ეს  გამოიწვევს სტრესს და გაართულებს მდგომარეობას. 

და საიდან მოდის ეს პრობლემა?

პირველი, მშობელი ვერ აღიქვამს ეს როგორი ძლიერი დამოკიდებულებაა და ადვილად აძლევს შვილს გაჯეტზე წვდომის საშუალებას. 

მეორე, ცოცხალი კომუნიკაციები იმდენად დეფიციტური გახდა, რომ ბავშვი თავის პატარა სამყაროს მარტივად იქმნის ამ მოწყობილებების გამოყენებით და ეს გარემო მისთვის კომფორტულია. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან სოციალურ საზოგადოებად ითვლება, მაინც ხშირად გვჭირდება იმის სწავლება როგორ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია, რა შეიძლება შევთავაზოთ იმისთვის, რომ ჩავანაცვლოთ გაჯეტები ცოცხალი კომუნიკაციით,'' - აღნიშნა თინათინ ცერცვაძემ. 

წყარო: ​,,წესები მშობლებისთვის''

წაიკითხეთ სრულად