Baby Bag

როგორ აისახება ბავშვზე მშობლის გადაჭარბებული ყურადღება? - ფსიქოლოგი გვირჩევს

როგორ აისახება ბავშვზე მშობლის გადაჭარბებული ყურადღება? - ფსიქოლოგი გვირჩევს

რატომ არის არასასურველი მშობლების მხრიდან შვილებზე გადაჭარბებული მზრუნველობა და როგორ აისახება ის ბავშვზე - საკითხის შესახებ ფსიქოლოგმა, მარინა კაჭარავამ გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა საქართველო" ისაუბრა.

,,ყველას გვაქვს გავლენა და შეცდომებიც დაგვიშვია შვილებთან მიმართებით. ჩვენ შეიძლება, ვიყოთ ტოქსიკურები როგორც შექების დროს, ასევე მაშინ, როცა ვაფასებთ უარყოფითად. ზოგადად, შეფასება ძალიან სახიფათოა. შესაძლოა, დადებითი შეფასებით ბავშვს არაადეკვატურობა ჩამოვუყალიბოთ. ისევე - როგორც, მხოლოდ უარყოფითით. ამ დროს მას უჩნდება განცდა, რომ ჩვენს ყურადღებას მიიქცევს მხოლოდ მაშინ, როდესაც ცუდად იქცევა. დიდი ზომიერებაა საჭირო.

ტოქსიკურობა არის ჰიპერმეურვეობა, ზრუნვა არ არის ნეგატიური, მეურვეობა ძალიან ნეგატიურია, როდესაც ადამიანი შენ ნაცვლად ცხოვრობს, წყვეტს, აკეთებს არჩევანს... შეცდომის დაშვების შესაძლებლობა უნდა მიეცეს ადამიანს, რადგან თუ არ დაუშვებს, ვერც ისწავლის. ძალიან ხშირად ჩვენს ბავშვებს ვაპროგრამებთ ნეგატიურად - შენგან არაფერი გამოვა. საერთოდ, ლინგვისტურ ველს აქვს ძალიან დიდი ძალა. რას ვეუბნებით, ზოგჯერ ამაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვეუბნებით.

კარგია, თუ ჩვენ, მშობლები გავათვითცნობიერებთ, რომ მხოლოდ სიყვარული არ კმარა, ბავშვს პატივისცემა სჭირდება, ზოგჯერ შეიძლება, დაახრჩო ადამიანი შენი სიყვარულით, ზრუნვით, მეურვეობით... უნდა მივცეთ საშუალება, წაიქცეს, შეეშალოს, ადგეს. შემდეგ დიდ ცხოვრებაში ძალიან ეტკინება. რა თქმა უნდა, მშობელს ძალიან უჭირს, უყუროს საკუთარი შვილის გაჭირვებას, როდესაც ის ავად არის ან ჩაგრავენ. ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო საკუთარ თავთან და შემდეგ უკვე ბავშვთან - პატივისცემა, გულწრფელობა, მიღება მოსმენა. ტოქსიკურობასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია წამოძახება - როდესაც მშობელსა და შვილს შორის არის რაიმე კონფლიქტი, ეს თემა იქვე უნდა დაიხუროს", - აღნიშნა მარინა კაჭარავამ.

წყარო: ,,დილა მშვიდობისა საქართველო"

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის ზამთარში ტემპერატურის საშიში ზღვარი, რომლის დაფიქსირების შემთხვევაში ბავშვის გარეთ გაყვანა დაუშვებელია?

რა არის ზამთარში ტემპერატურის საშიში ზღვარი, რომლის დაფიქსირების შემთხვევაში ბავშვის გარეთ გაყვანა დაუშვებელია?

ზამთრის თოვლიან ამინდებში ბავშვებს მხიარულებისთვის ბევრი მიზეზი აქვთ, თუმცა დაბალი ტემპერატურა პატარებისთვის, შესაძლოა, სახიფათოც იყოს. მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, როგორ ამინდში არ შეიძლება ბავშვის გარეთ გაყვანა.

ზოგიერთი ოჯახი ზამთრის თვეებს უმეტესად სახლში ატარებს და ბავშვები ეზოში იშვიათად გაჰყავს. ადამიანების ნაწილი კი ცივ ამინდებს არ უშინდება და არც შვილების სუფთა ჰაერზე გავყვანას ერიდება.

​ბავშვებს ძალიან უყვართ თოვლიან ამინდში თოვლის ბაბუების კეთება, გუნდაობა და ციგით სრიალი. მიუხედავად ამისა, არსებობს ტემპერატურის ლიმიტი, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება.

ტემპერატურის საშიში ზღვარი, რომლის დაფიქსირების შემთხვევაში ბავშვის გარეთ გაყვანა დაუშვებელი და სახიფათოა მინუს 25 გრადუსი ცელსიუსია. მინუს 25 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა ბავშვისთვის გაყინვისა და ჯანმრთელობის სხვა საფრთხეებს შეიცავს. როდესაც ტემპერატურა ძალიან დაბალია და ის პატარებისთვის სახიფათო ხდება, ბავშვი სახლში უნდა დარჩეს.

ზამთრის ცივ ამინდში ეზოში თამაში ბავშვისთვის საშიში არ არის. ზამთარში მცირეწლოვანი ბავშვის გარეთ გაყვანისას სასურველია, რომ 30 წუთიანი შესვენებები გააკეთოთ, როდესაც ბავშვი გათბობას შეძლებს. ბავშვები სითბოს უფროსებთან შედარებით უფრო სწრაფად კარგავენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ თბილად ჩავაცვათ.

მშობლების დიდი ნაწილი ზამთარში ბავშვის გარეთ გაყვანას ერიდება, რადგან თვლის, რომ ტემპერატურა მეტისმეტად დაბალია. ეს სწორი არჩევანი არ არის. არსებობს ბევრი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც​ მშობლებმა ბავშვი ზამთარში გარეთ უნდა გაიყვანონ. მიუხედავად იმისა, რომ გარემო ტემპერატურა დაბალია და ცივა, ბავშვისთვის ჰაერზე ყოფნა ბევრი სარგებლის მომტანია. ეზოში თამაშის შემდეგ მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა უმჯობესდება. გარდა ამისა, პატარები D ვიტამინსაც იღებენ, რომლის დეფიციტი ზამთარში განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა.

წყარო: ​moms.com

წაიკითხეთ სრულად