Baby Bag

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ღამის შიშების დაძლევაში?

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ღამის შიშების დაძლევაში?

​ბავშვის ფსიქიკა სამი წლის ასაკიდან სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. პატარას გონებრივი შესაძლებლობები იზრდება და მისი წარმოსახვა წარმოუდგენლად მდიდრდება. ამავე დროს, სამი წლის ბავშვს რეალობისა და ფანტაზიის ერთმანეთისგან გარჩევის უნარი არ შესწევს. საკუთარი წარმოდგენებითა და უარყოფითი ფიქრებით შეპყრობილ პატარას, შიშის გრძნობა უჩნდება. შესაძლოა, ბავშვი ღამით ფანჯრიდან მის საძინებელში „შეპარულმა“ რომელიმე ზღაპრულმა მონსტრმა დააფრთხოს ან ტელევიზორში ნანახმა ქვეწარმავალმა შეაშინოს, რომელიც პატარას წარმოდგენით, ღამით მისი საწოლის ქვეშ იდებს ბინას. მსგავსი აზრები, როგორც წესი, ბავშვს ძილის წინ ებადება, როდესაც ოთახში შუქი ქრება და ის საძინებელში მარტო რჩება.

ბავშვმა შიშის გადალახვა რომ შეძლოს, მას უნდა აუხსნათ, რომ პრობლემა მის წარმოსახვაშია და რეალური საფრთხე არ არსებობს. თუ ხედავთ, რომ ბავშვს ატრაქციონზე დაჯდომის ეშინია, დაეხმარეთ მას სისუსტის დაძლევაში. ეცადეთ, პატარა დაარწმუნოთ, რომ საშიში არაფერია. თქვენი შვილი ამას თავადვე მიხვდება, როდესაც თავის შიშს თვალებში ჩახედავს. ბავშვი ატრაქციონზე დაჯდომისთანავე იგრძნობს, რომ ცდებოდა და საკუთარი წარმოსახვის მსხვერპლი იყო. პატარა, რომელსაც ღამის შიშები აქვს, ამავე მეთოდით უნდა განკურნოთ. თქვენი შვილი უნდა მიხვდეს, რომ შიში მისი ფანტაზიის ნაწილია და მას რეალური საფუძველი არ გააჩნია. მშობელი ბავშვს მეტი გამბედაობისა და თავდაჯერების შეძენაში უნდა დაეხმაროს.

ჩვენს სტატიაში სპეციალური სტრატეგიების შესახებ ​გესაუბრებით, რომელთა დახმარებით ბავშვს დამოუკიდებლად დაძინებას მიაჩვევთ, რასაც ის ყოველგვარი შიშისა და შფოთვის გარეშე შეძლებს.

ესაუბრეთ ბავშვს ადამიანის ტვინის ამოუწურავი შესაძლებლობების შესახებ

ბავშვს აუცილებლად უნდა აუხსნათ, რომ ადამიანის ტვინი ძალიან ძლიერია. ის ფანტაზიის ამოუწურავი წყაროა, თუმცა ამავე დროს, რეალობისა და წარმოსახვის ერთმანეთისგან გარჩევაშიც გვეხმარება. ზოგჯერ ჩვენი წარმოსახვა გვაბნევს და გვაფიქრებინებს, რომ საფრთხე გვემუქრება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან რეალურად სრულიად უსაფრთხოდ ვართ. უთხარით ბავშვს, რომ როდესაც მას შიში იპყრობს და ფიქრობს, რომ დედა სამსახურიდან არასდროს დაბრუნდება, ის თავისი წარმოსახვის მსხვერპლი ხდება, რადგან დედა სახლში ყოველთვის ბრუნდება. აუხსენით თქვენს შვილს, რომ მას საკუთარი ფიქრების მართვა შეუძლია, რადგან ადამიანს პრობლემის განსჯისა და გაანალიზების საოცარი უნარი აქვს. თუ თქვენი შვილი საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს სწორად გამოიყენებს, ფანტაზიისა და რეალობის ერთმანეთისგან გარჩევას აუცილებლად შეძლებს.

ძილის წინ ბავშვს მისი შიშების შესახებ ესაუბრეთ და პრობლემის გადაჭრის გზებზე ერთად იმსჯელეთ

თუ ბავშვს სიბნელე აშინებს, საძინებელში შუქი აუნთეთ. თუ მას მონსტრები აფრთხობენ, მასთან ერთად შემოიარეთ ოთახი და ყველა კუთხე-კუნჭული დეტალურად დაათვალიერეთ, რათა პატარა დარწმუნდეს, რომ მის საძინებელში არავინაა. თუ ბავშვი ფიქრობს, რომ შესაძლებელია მის ოთახში ღამით ფანჯრიდან ვინმე შეიპაროს, აჩვენეთ მას, რომ ფანჯარა საგულდაგულოდ არის დაკეტილი და მის გაღებას ვერავინ შეძლებს. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ ის უსაფრთხოდ არის, ღამით მშვიდად დაძინებას შეძლებს. ესაუბრეთ ბავშვს მისი შიშების შესახებ და ეცადეთ, პრობლემის მოგვარების გზები ერთად იპოვოთ.

ბავშვის საყვარელი სათამაშო პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ

ბავშვებს უყვართ სათამაშოების ან ნივთების ამოჩემება. მიეცით თქვენს შვილს საშუალება, თავის საყვარელ თოჯინასთან ან დათუნიასთან ერთად დაიძინოს. უთხარით ბავშვს, რომ სათამაშოს მასთან დაძინება სურს, რადგან მარტო ყოფნის ეშინია. აუხსენით პატარას, რომ მას შეუძლია საყვარელ თოჯინას შიშების გაქრობაში დაეხმაროს. სათამაშოს ბავშვის თანდასწრებით უთხარით, რომ შიში მისი წარმოსახვის ნაწილია, რეალურად კი საშიში არაფერია, რადგან მის გვერდით ძლიერი ადამიანი (იგულისხმება თქვენი შვილი) წევს და ის მას ყველა განსაცდელისგან დაიფარავს. ბავშვი თავს საჭირო ადამიანად იგრძნობს, რომელსაც სხვაზე ზრუნვა და სხვისი დაცვა ევალება. მისი თვითშეფასება ერთიორად ამაღლდება, რაც პატარას შიშის დათრგუნვაში დაეხმარება. თქვენს შვილს ყურადღება საყვარელი თოჯინის დაცვასა და მოვლაზე უნდა გადაატანინოთ, რაც მას საკუთარ შიშებს დაავიწყებს.

აუხსენით ბავშვს რა მოხდება, როდესაც ის გაიღვიძებს

აუხსენით თქვენს შვილს, რომ თუ ის ღამით მოულოდნელად გაიღვიძებს და შეშინდება, საშველად, პირველ რიგში, საკუთარ გონებას და ფიქრებს უნდა მოუხმოს. გაიხსენოს, რომ ძილის წინ ოთახი დეტალურად შემოწმდა და მის საძინებელში მონსტრები არ არიან. თუ ის შიშის დაძლევას ვერ მოახერხებს, უთხარით, რომ ყოველთვის შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ შიში ძალიან შეაწუხებს, თქვენი გაღვიძების უფლება აქვს და თქვენ მას ამის გამო არ გაუბრაზდებით. თუ ბავშვი ღამით გაგაღვიძებთ, დაამშვიდეთ, აუხსენით, რომ მას უსაფუძვლოდ ეშინია. მიაცილეთ თავის საძინებლამდე და ეცადეთ დაარწმუნოთ, რომ საშიში არაფერია. იყავით მაქსიმალურად პოზიტიური. დილით კი ბავშვი შეაქეთ და უთხარით, რომ მან შიში გმირულად დაძლია.

მოაწყვეთ სპეციალური წარმოდგენები

ბავშვთან ერთად გაითამაშეთ სხვადასხვა სცენა. წარმოიდგინეთ, რომ მას ღამით ცუდი სიზმარი აღვიძებს. გააკეთეთ ყველაფერი სწორედ ისე, როგორც რეალურად გააკეთებდით. ბავშვთან ერთად სხვადასხვა სტრატეგია შეიმუშავეთ, რათა მას შიშთან გამკლავებაში დაეხმაროთ. მსგავსი წარმოდგენების დახმარებით, ბავშვი თავის ფანტაზიებს სხვა თვალით შეხედავს. ის მიხვდება, რომ მისი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია და შიშის გადალახვა რთული სულაც არ არის.

მშობლები ძალიან ღელავენ, როდესაც შეშინებულ შვილებს ხედავენ. თუმცა მათ შეუძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიების გამოყენებით ბავშვს სწორად განვითარებაში დაეხმარონ და ღამის შიშები საბოლოოდ დააძლევინონ.

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არ აწყობენ იაპონელი ბავშვები ისტერიკას?

რატომ არ აწყობენ იაპონელი ბავშვები ისტერიკას?

იაპონელი ხალხის თვისებები მსოფლიოში ბევრ ადამიანს აღაფრთოვანებს. ისინი უდიდეს ტრაგედიებს შესაშური სტოიციზმით ხვდებიან. იაპონელები საკუთარ თავზე კონტროლს თითქმის არასდროს კარგავენ. ისინი სხვებისადმი ყოველთვის პატივისცემას იჩენენ და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისასაც ეთიკურ ნორმებს არასდროს ღალატობენ.

იაპონელი ზრდასრულების მსგავსად ბავშვებიც ძალიან მშვიდები და გაწონასწორებულები არიან. ისინი ისტერიკას არ აწყობენ და საკუთარ თავზე კონტროლს არ კარგავენ. როგორ ახერხებენ იაპონელები ბავშვებში მსგავსი დისციპლინის ჩამოყალიბებას? ჩვენს სტატიაში სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ.

იაპონიაში ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული. მოხუცებსა და ახალგაზრდებს შორის ურთიერთობა ემპათიური და სიყვარულით სავსეა. იაპონელები თვლიან, რომ მოხუცებს უდიდესი სიბრძნე აქვთ და მათ ყურადღებით უნდა უსმინონ. თავის მხრივ, ასაკოვანი ადამიანები ბავშვებს ზრდასრულებივით ექცევიან. ისინი ბავშვების ცხოვრებაში წინამძღოლის როლს ასრულებენ და არა ინსპექტორის ან დამსჯელის. ეს ყოველივე უფროსებსა და ბავშვებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

იაპონელებს დიდი ოჯახებისადმი უდიდესი პატივისცემა აქვთ, თუმცა არსებობს საზღვრები, რომლებსაც მკაცრად იცავენ. მათთვის მიუღებელია, რომ ბავშვის აღზრდასა და მოვლაზე პასუხისმგებლობა ბებია-ბაბუას დაეკისროს, მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებს დრო არ აქვთ.

იაპონელები თვლიან, რომ ბავშვთან დამოკიდებულება მოსიყვარულე უნდა იყოს. ისინი ნეგატიურად უყურებენ ყვირილს. მშობლები ბავშვებს სამყაროსთან ურთიერთობას და სხვების გრძნობების დაფასებას ასწავლიან. როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, იაპონელი მშობლები უკმაყოფილებას ჟესტით ან მზერით გამოხატავენ. ამგვარად ისინი ბავშვს მიანიშნებენ, რომ მისი ქცევა მიუღებელია. ისინი ხშირად იყენებენ ფრაზებს: „შენ მას ატკენ,“ „შენ ის დააზიანე.“ ბავშვი ხვდება, რომ მისმა ქცევამ სხვას ზიანი მიაყენა. მსგავსი ფორმულა ნივთების მიმართაც გამოიყენება. თუ ბავშვი თოჯინას გატეხავს, იაპონელი მშობელი მას ეტყვის, რომ თოჯინას ეტკინა და დაზიანდა. ის არ გამოიყენებს სიტყვას „გატყდა.“ ბავშვები ნივთების პატივისცემას სწორედ ასე სწავლობენ.

იაპონელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბავშვთან ერთად დროის ხარისხიანად გატარებას. იაპონიაში იშვიათია შემთხვევები, როდესაც ბავშვი ბაღში 3 წლამდე ასაკში მიჰყავთ. პატარები დროის უდიდეს ნაწილს დედებთან ერთად ატარებენ. იაპონელი მშობლებისთვის მნიშვნელოვანია შვილთან საუბარი.

იაპონელები ხშირად მართავენ ოჯახურ სადილებს, სადაც ბავშვებს წინაპრების ისტორიებს და ოჯახის თავგადასავლებს უამბობენ. მსგავსი შეკრებები ბავშვს ოჯახისადმი მიკუთვნებულობის განცდას უჩენს. გარემო, რომელიც იაპონელი ბავშვების ირგვლივ არის შექმნილი, მათ ამბოხების საფუძველს ნაკლებად აძლევს, რის გამოც ისინი ისტერიკებს არ აწყობენ. იაპონელ ბავშვებს უფროსებისგან ყურადღება არ აკლიათ. ისინი მიჩვეული არიან წესრიგს, სადაც ყველა ადამიანს თავისი ადგილი და როლი აქვს. ეს ყოველივე ბავშვს სიმშვიდეს ანიჭებს და ემოციური აფეთქებებისკენ ნაკლებას მიდრეკილს ხდის.

წყარო: ​exploringyourmind.com 

წაიკითხეთ სრულად