Baby Bag

მშობლები, რომლებიც შვილებს დაბალი ნიშნების გამო სჯიან, სავალალო შედეგებს იღებენ

მშობლები, რომლებიც შვილებს დაბალი ნიშნების გამო სჯიან, სავალალო შედეგებს იღებენ
მშობლებს ძალიან ახარებთ, როდესაც მათი შვილები სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. თუ თქვენ გსურთ, რომ ბავშვმა კარგი ნიშნები მიიღოს, ალბათ, თვლით, რომ მას თქვენი სურვილი დაუფარავად უნდა გაუმხილოთ. ბავშვი მშობლების მოლოდინებს ხშირად ზეწოლად განიხილავს, რაც მას წარმატების მიღწევაში ხელს უშლის.
თქვენი შვილის მომავალი, მისი წარმატებები და წარუმატებლობები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თქვენს სურვილებსა და მოლოდინებზე. როდესაც მშობლები ბავშვზე ზეწოლას ახორციელებენ და მას სკოლაში მაღალი ნიშნების მიღებას თხოვენ, ბავშვი სერიოზულ სტრესს განიცდის, მისი ჯანმრთელობა უარესდება და წარმატების მიღწევის ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება. თუ ბავშვი გრძნობს, რომ მშობლები ემპათიის, ქველმოქმედების, სიკეთისა და სოციალური უნარების განვითარებაზე მეტად მის მაღალ აკადემიურ მოსწრებაზე ზრუნავენ, ის უფრო მეტად ისტრესება.
არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერები იკვლევდნენ, თუ რა გავლენას ახდენს მშობლის შვილისადმი დამოკიდებულება ბავშვის ჯანმრთელობასა და მის აკადემიურ მოსწრებაზე. მათ 506 მეექვსე კლასელი გამოკითხეს. ბავშვებს უნდა გამოეკვეთათ მშობლების 6 მთავარი სურვილი და მოლოდინი, რომელიც მათ თავიანთი შვილების მიმართ ჰქონდათ. ბავშვებმა შერჩეული ექვსეულიდან 3 ყველაზე მძაფრი მოლოდინი გამოყვეს. აღმოჩნდა, რომ ის ბავშვები, რომელთა მშობლები მათგან სოციალური უნარების განვითარებას და მეტ კეთილშობილებას მოითხოვდნენ, სკოლაში უკეთესი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდნენ. იმ მოსწავლეებს კი, რომლებსაც მშობლები მაღალი ნიშნების მიღებას და სწავლაში წარმატებას თხოვდნენ, შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ. გარდა ამისა, მშობლებისგან მეტისმეტი წნეხის ქვეშ მყოფ ბავშვებს შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, ყოფაქცევისა და მასალის ათვისების პრობლემები ჰქონდათ.

მშობლები, რომლებიც შვილებისგან სკოლაში მაღალი ნიშნების მიღებას კატეგორიულად მოითხოვენ, მაგრამ მის პიროვნულ განვითარებას უყურადღებოდ ტოვებენ, ბავშვის ფსიქიკას სერიოზულ ზიანს აყენებენ. პატარები ადრეული ასაკიდანვე უდიდესი სტრესის ქვეშ იმყოფებიან, რაც მათ აკადემიურ მოსწრებაზე დაბალ კლასებშივე აისახება. დეპრესია, შფოთვა და დასწავლის პრობლემები იმ ბავშვებსაც აქვთ, რომლებსაც მხოლოდ ერთი მომთხოვნი მშობელი ჰყავთ.
როგორ წავახალისოთ ბავშვი?
ბავშვების მიერ მშობლების ღირებულებების სუბიექტური აღქმა მათ განვითარებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ბავშვები, რომლებიც სკოლას ამთავრებენ, ცხოვრებაში ბევრ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ. მათ უამრავი არჩევანის გაკეთება უხდებათ. ისინი იმ ასაკს უახლოვდებიან, როდესაც ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის და რა მიზნები აქვს ცხოვრებაში. ბავშვების არჩევანზე მშობლების ღირებულებები, მათი შეხედულებები და ბავშვის მიმართ დამოკიდებულება ძალიან დიდ გავლენას ახდენს.
ბავშვების წახალისებაში ცუდი არაფერია. ცხადია, მშობელმა ბავშვს წარმატების მიღწევისკენ უნდა უბიძგოს. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მშობლების დიდი ნაწილი ბავშვზე ზეწოლას ახდენს და მისგან იმაზე მეტს მოითხოვს, ვიდრე ბავშვს შეუძლია. თუ თქვენს შვილს აიძულებთ, რომ წარმატებას ნებისმიერ ფასად მიაღწიოს და შთააგონებთ, რომ მისი თვითშეფასება სხვების მიერ მის აღიარებაზე ან სკოლაში მაღალი ქულების მიღებაზეა დამოკიდებული, ამით მის ფსიქიკას წარმოუდგენელ ზიანს მიაყენებთ. მშობელმა ბავშვის სოციალური უნარების განვითარებას ძალიან დიდი დრო და ენერგია უნდა დაუთმოს. შვილის კრიტიკის ნაცვლად მას მხარდაჭერა გამოუცხადეთ და უფრო წარმატებულ და პროდუქტიულ ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმარეთ.
ბავშვს გამუდმებით შრომისა და სწავლისკენ ნუ მოუწოდებთ
თუ თქვენ მშრომელი ადამიანი ხართ, რომლისთვისაც კარიერული წარმატებები და კარგი შემოსავალი უცხო არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი შვილისგანაც იმავეს უნდა მოითხოვდეთ. თქვენი ქმედებები ბავშვისთვის საუკეთესო მაგალითია. ის ისედაც ხედავს, როგორ ცხოვრობთ და რის ხარჯზე აღწევთ წარმატებას. გამუდმებით შრომისა და სწავლისკენ მოწოდება არ არის საჭირო. ბავშვს მაღალი ნიშნების მიღებას ნუ აიძულებთ. როდესაც ის რაიმე პრობლემას შეეჯახება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ მან თავისი დადებითი თვისებებით უნდა იამაყოს.
არასდროს უთხრათ ბავშვს, რომ ის საუკეთესო უნდა იყოს
ბავშვები სამყაროსგან გამუდმებით იღებენ მინიშნებას, რომ ისინი უნდა განვითარდნენ. მათ ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებიც მათგან მეტ მონდომებას, შრომას და წარმატებებს ითხოვენ. თანამედროვე სამყაროში მსგავს მოთხოვნებს ვერავინ გაექცევა. როდესაც ბავშვი ყოველი მხრიდან ზეწოლას განიცდის და წარმატების მიღწევისთვის ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვა უხდება, თქვენი მხრიდან დამატებითი მოთხოვნების წამოყენება გამართლებულ საქციელად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ამის ნაცვლად შვილს დახმარების ხელი გაუწოდეთ. აუცილებლად გამოკვეთეთ მისი ძლიერი მხარეები, გაამხნევეთ და აგრძნობინეთ, რომ სახლში საჭირო მხარდაჭერას და მზრუნველობას ყოველთვის მიიღებს.
არ გააკრიტიკოთ შვილები
ბავშვის თვითშეფასების განადგურება თუ გსურთ, მისი ხასიათის უარყოფით თვისებებს ხშირად გაუსვით ხაზი და არც კრიტიკა დაინანოთ. იმის ნაცვლად, რომ თქვენი შვილი წარუმატებლობების გამო გააკრიტიკოთ, მას პრობლემების გადაჭრის გზები უნდა ასწავლოთ. ყოველთვის შეაქეთ ბავშვი, როდესაც ის სირთულეებთან გამკლავებას წარმატებით ახერხებს. თქვენს შვილს ღირსეული მაგალითი უნდა მისცეთ. იყავით ყოველთვის პოზიტიური და ბავშვს პრობლემების გადალახვაში დაეხმარეთ.
კვლევებით დასტურდება, რომ მშობლები, რომლებიც შვილებს დაბალი ნიშნების გამო სჯიან ან უბრაზდებიან, საბოლოოდ სავალალო შედეგებს იღებენ. დასჯილი ბავშვი მოტივაციას და თვითშეფასებას კარგავს, რის გამოც მისი აკადემიური მოსწრება უარესდება. იმის ნაცვლად, რომ ბავშვს წარუმატებლობის გამო გაუბრაზდეთ, მასთან ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბება სცადეთ. თბილი, ოჯახური გარემო, სადაც ბავშვი თავს დაცულად გრძნობს და სადაც მას პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან, თქვენს შვილს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
ბავშვებს სიკეთის უპირატესობებზე ხშირად ესაუბრეთ
ბავშვებს აუხსენით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციას. ასწავლეთ თქვენს შვილს, როგორ მოექცეს სხვა ადამიანებს. აუხსენით ბავშვს, რომ სხვებისადმი პატივისცემისა და თანაგრძნობის გამოვლენა აუცილებელია. თქვენი შვილისთვის კარგი მანერების სწავლებას სათანადო დრო და ენერგია უნდა დაუთმოთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ბოროტ და ეგოისტ ადამიანებს ურთიერთობების დანგრევის წარმოუდგენელი ნიჭი აქვთ. აუხსენით თქვენს შვილს, რომ ოჯახი და ადამიანური ურთიერთობები ისევე (ან უფრო მეტადაც) მნიშვნელოვანია, როგორც კარიერული წინსვლა და წარმატებების მიღწევა.
გააკონტროლეთ თქვენი ქცევები და სიტყვები
თუ შვილს ეტყვით, რომ მისი მონდომება და შრომისმოყვარეობა ძალიან გაგახარებთ და ბედნიერი იქნებით, თუ ის სწავლისას მაქსიმალურად დაიხარჯება, შემდეგ კი მას იმის გამო გაკიცხავთ, რომ ყველა საგანში უმაღლესი შეფასება არ დაიმსახურა ან რაიმე კონკურსში ვერ გაიმარჯვა, თქვენ ბავშვს იმედებს გაუცრუებთ. ბავშვებთან ურთიერთობისას სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. თქვენი სიტყვები და ქცევები ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ბავშვი თქვენ მიერ მიცემული დაპირების შესრულებას ელის. მას იმედი არ უნდა გაუცრუოთ.
ბავშვის წახალისება და გამხნევება აუცილებელია. მშობელი შვილს მიმართულებას უნდა აძლევდეს. ზომიერი შფოთვა ბავშვისთვის სასარგებლოა. როდესაც ის ღელავს (ზომიერად), მასალაზე უკეთ ფოკუსირდება, რადგან ტესტში მაღალი ქულის მიღების სურვილი აქვს. ბავშვს არ უნდა უთხრათ, რომ ის აუცილებლად პირველი და საუკეთესო უნდა იყოს. მსგავსი რადიკალური მოთხოვნებით თქვენს შვილს დააფრთხობთ და მის ფსიქიკას დააზიანებთ.
მომზადებულია ​verywellfamily.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზედმეტი შექებისთვისაც ბოდიში მოვიხადოთ. უსაფუძვლო ქება-დიდებას არაფერი კარგი არ მოაქვს,“ - პაატა ამონაშვილი

„ზედმეტი შექებისთვისაც ბოდიში მოვიხადოთ. უსაფუძვლო ქება-დიდებას არაფერი კარგი არ მოაქვს,“ - პაატა ამონაშვილი

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვის თვითშეფასების ამაღლებისთვის მშობლის მხრიდან შვილთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„კარგი იქნება, დავფიქრდეთ, ​როგორ მიგვყავდა საუბარი ბავშვთან წლების განმავლობაში. მომწამლავი შეფასებები, კრიტიკა ბავშვის მიმართ ადრეული ასაკიდან შემდეგ თვითშეფასებაში გადადის. თვითშეფასების ცნებას უფრო გავაღრმავებდი. საკუთარი თავის რწმენაზე ხომ არ სჯობს ხანდახან ვილაპარაკოთ. რაც უფრო მეტია ბავშვში საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა, მით უფრო მეტ წარმატებებსაც მიაღწევს. ეს ძალიან ადრეულ ასაკში ყალიბდება ხოლმე.“

პაატა ამონაშვილის თქმით, ნეგატიური შეფასებები დაბლა სწევს ბავშვის თვითშეფასებას:

„ჩვენი შეფასებები: „რითი ფიქრობ? რა ვერ გააკეთე?“ დაბლა სწევს თვითშეფასებას უკვე მომავალში. თუ ეს მოხდა და ვგრძნობთ, რომ ჩვენი ბრალია, ​მე მოვიხდიდი ბოდიშს ბავშვის წინაშე. მოვუყვებოდი ბავშვს: როგორ კრიტიკულად გაფასებდი, როგორ ვერ ვხედავდი შენს შესაძლებლობებს, ნაკლები რწმენა მქონდა შენი, ახლა შემეცვალა ეს პოზიცია, ახლა სულ სხვანაირად ვხედავ, ახლა მჯერა შენი. ამ საუბარს ჩავატარებდი დასაწყისისთვის მაინც.“

„გავაკონტროლებდი ჩემს თავს, რომ ნაკლებად შემეფასებინა ბავშვი კრიტიკულად, უფრო მეტად წავახალისებდი. თუ ბევრი იყო კრიტიკა ბავშვის მიმართ ბავშვობაში, ამისთვის ვთხოვდი პატიებას. ზედმეტი შექებისთვისაც ბოდიში მოვიხადოთ. უსაფუძვლო ქება-დიდებას აზრი არ აქვს და არაფერი კარგი არ მოაქვს. ჰუმანური პედაგოგიკის ცნებაა: რწმენა ბავშვის შესაძლებლობებში. თუ ეს რწმენა გვაქვს, საფუძვლიანადაც გამოვხატავთ ამ რწმენას. გვექნებოდა განხილვა, რა არ გამოსდის ბავშვს. ვისაუბრებდით, როგორ გავაუმჯობესოთ ის, რასაც ვაკეთებთ, იმიტომ, რომ მჯერა შენი შესაძლებლობების. ბავშვის შესაძლებლობების რწმენა ჯერ მშობელში ჩნდება ხოლმე,​ შემდეგ გამოხატულია ურთიერთობებში და მერე შესაბამისად არის ბავშვშიც. სჯობს რეალობის აღქმა გვქონდეს, მაგრამ გვქონდეს რწმენა ჩვენი შესაძლებლობების," - აღნიშნულ საკითხზე პაატა ამონაშვილმა ტელეკომპანია იმედის" გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად