Baby Bag

ერთი სრულფასოვანი ჰოლოტროპი, ხშირ შემთხვევაში, 2-3 წლიან ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას უტოლდება

ერთი სრულფასოვანი ჰოლოტროპი, ხშირ შემთხვევაში, 2-3 წლიან ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას უტოლდება

ჰოლოტროპი - ჰოლოტროპული სუნთქვა, ეს ფსიქოთერაპიული ტრანსული მიმართულება, იდეურად დასაბამს, ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებს, როდესაც გადმოცემის თანახმად, „შამანების“ რიტუალებით, ადამიანები ცეცხლის გარშემო რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში ცეკვავდნენ… გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ ახერხებდნენ ეს ადამიანები გაუჩერებლად, საჭმელ-სასმლის გარეშე ასეთ აქტივობას, პასუხი მარტივია - ტრანსული მდგომარეობა, რომლის დროსაც ჩვენ ქვეცნობიერსა და არაცნობიერში ვმოგზაურობთ, ულევ შესაძლებლობებს იძლევა და განამტკიცებს იმ იდეას, რომ ადამიანი მისი შესაძლებლობების ნახევარსაც არ იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ბოლო დროს განსაკუთრებით დიდი ინტერესი გაჩნდა ამ ჯგუფური თერაპიის მიმართ, და საჭიროდ ჩავთვალეთ, უფრო მეტი მოგიყვეთ ჰოლოტროპის შესახებ… ჰოლოს ნიშნავს ერთ მთლიანობას, ხოლო ტროპი ნიშნავს გზას, სვლას მიმართულებით. ეს მიმდინარეობა ჩვენს საუკუნეში ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთმა გურუმ, „სტანისლავ გროფმა” შეიმუშავა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აკვირდებოდა ამ ტრანსულ თერაპიაში ჩართულ ადამიანებს და შედეგად მიიღო ახალი მიმდინარეობა ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში, რომელსაც საბოლოოდ „ჰოლოტროპი - ჰოლოტროპული სუნთქვა” ეწოდა.

სუნთქვის დროს ადამიანი შედის საკუთარი არაცნობიერისა და ქვეცნობიერის ისეთ შრეებში, რომლებიც ეხმარება, მისი ცხოვრებიდან ამოიტანოს გარკვეული ტრავმები ან მომენტები, რომლებიც ცნობიერში თითქოს არ არსებობს, უბრალოდ დაივიწყა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაზე ზეგავლენა არ აქვს, პირიქით, ზუსტად ასეთი გაუცნობიერებელი ფაქტორები გვიშლის ხელს ჰარმონიულ და პოზიტიურ ყოველდღიურობაში. ჰოლოტროპული სუნთქვა, აღიარებულია როგორც ყველაზე ეკოლოგიური ტრანსული თერაპია, რადგან პროცესის განმავლობაში, ადამიანი არც ერთი წამით არ კარგავს გონებას და ცნობიერთან კავშირს, პირიქით, ის აბსოლუტურად საღ გონებაზეა ტრანსული თერაპიის პარალელურად, რომლის შეწყვეტაც ნებისმიერ დროს შეუძლია.

იქიდან გამომდინარე, რომ ჰოლოტროპის დროს ადამიანი ხსნის არაცნობიერის შესაძლებლობებს, რომელიც ცნობიერში გამოსაყენებლად შეუძლებელია, ამიტომ სტანისლავ გროფმა, ამ პროცესს „შინაგანი მკურნალი” უწოდა.

საქართველოში, ამ მიმართულების აღმოცენება ფსიქოლოგ, ფსიქოთერაპევთ, სექსოლოგ და ფსიქიატრ „ვადიმ ბელკოვს” უკავშირდება, რომელიც ფსიქოთერაპიის სახლ „დიალოგში” მოღვაწეობს და უკვე მრავალი წელია ჩვენს ქვეყანაში მუშაობს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ფსიქოთერაპიის მიმართულებით. ვადიმი მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსეთის და არა მხოლოდ ამ ქვეყნის სხვადასხვა სასწავლებელში, პარალელურად, აგროვდება პრაქტიკულ გამოცდილებას და საქართველოში დაფუძნების შემდეგ, არაერთ ქართველ ადამიანს დაეხმარა ცხოვრების უკეთესობისკენ შემოტრიალებაში. მან გარკვეული ცვლილებები შეიტანა ჰოლოტროპის ჯგუფურ თერაპიაში, რამაც საშუალება მისცა, რომ ემუშავა ქართველებთან და მიეღო შედეგზე ორიენტირებული თერაპია.

უშუალოდ პროცესი ძალიან საინტერესოა, ხდება ჯგუფის წევრების გაცნობა, სურვილების გაზიარება, ჯგუფური თერაპიის ტექნიკებით ადამიანების გახსნილობის უზრუნველყოფა და შემდეგ მეორე ნაწილში უშუალოდ სუნთქვა, რომლის დროსაც ჯგუფის მონაწილეები წყვილდებიან. მთლიანად ტრენინგი სამდღიანია, რაც აუცილებელი პირობაა წამოსული თემების გადასამუშავებლად, რადგან არასრულფასოვნად ჩატარებული ჰოლოტროპი, იგივეა რაც გახსნილი ჭრილობა, რომელიც ისე გვაწუხებს რომ შეიძლება ვერც მივხვდეთ, სწორად ამიტომ, თითოეულ დღეს წვილიდან ერთ-ერთი სუნთქავს, ხოლო მეორე ეხმარება, მეორე დღეს კი ცვლიან პოზიციებს, სუნთქვის შემდეგ, ჰოლონავტებიც (მსუნთქველები) და სიტერებიც (დამხმარეები) ხატავენ თავიანთ ემოციებს, ფურცელზე სხვა და სხვა ფერებით გადმოაქვთ ის შეგრძნებები, რომელიც მათ განიცადეს პროცესის განმავლობაში, შემდეგ დღეს კი ფსიქოთერაპევტის დახმარებით, ხდება დახატულის სრული ანალიზი, რომელიც აუცილებელია მონაწილეებისათვის პროცესის ჯანსაღი დასრულებისათვის.

ჰოლოტროპის ჩატარებას, ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება და კარგად დამუშავებული თეორიული ცოდნა სჭირდება, რადგან ერთი სრულფასოვანი ჰოლოტროპი, ხშირ შემთხვევაში, 2-3 წლიან ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას უტოლდება.

საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰოლოტროპული სუნთქვა მსოფლიოში აღიარებული ტექნიკაა, რომლის სწორად და სრულფასოვნად ჩატარებაც უდიდეს გამოცდილებასა და ცოდნას მოითხოვს. შედეგი ხშირ შემთხვევაში, ძალიან სწრაფი და მარტივად აღსაქმელია, პროცესის დასრულების შემდეგ, ადამიანი გრძნობს ზღვა გამოთავისუფლებულ ენერგიას, მოხსნილ დაღლილობას, ხდება უფრო მშვიდი, მას უკვე გაანალიზებული და გადამუშავებული აქვს უამრავი პრობლემა, რომელიც ხელს უშლიდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ ჯგუფის გავლის შემდეგ, არაერთი დაავადებისგან და ჯანმრთელობის პრობლემებისგან ნაწილობრივ ან სრულად განკურნებულა ადამიანი, რადგან სწორად ის გამოუხატავი და ჩაკლული ემოციები გამოუშვია გარეთ, რომელიც პირველი მტერია ჩვენი ჯანმრთელობისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჩვენ კი გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ ასეთი დონის ჯგუფური ფსიქოთერაპიული ტექნიკის მთელი რიგი უპირატესობები. ჰოლოტროპს „დიალოგში” ვადიმ ბელკოვი, საშუალოდ თვეში ერთხელ ატარებს და შეგვიძლია პირდაპირ კომპანიასთან კომუნიკაციით, დავჯავშნოთ წინასწარ ჩვენი ადგილი ჯგუფში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშალოთ ბავშვს სირბილი, წყალთან ურთიერთობა, ხეზე აძრომა,“ - ნინო კანდელაკი

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშალოთ ბავშვს სირბილი, წყალთან ურთიერთობა, ხეზე აძრომა,“ - ნინო კანდელაკი

ფსიქოთერაპევტმა ნინო კანდელაკმა ბავშვის განვითარებისთვის ზაფხულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვი მთელი წლის მანძილზე ზაფხულის შთაბეჭდილებებით საზრდოობს:

„ზაფხული არის დღესასწაული ბავშვისთვის. ის შთაბეჭდილებები, რომელსაც ბავშვი მიიღებს ზაფხულში მთელი წელი უნდა ეყოს, ამით უნდა საზრდოობდეს მთელი წლის განმავლობაში. ​შემდგომ მთელი ცხოვრება ეს, როგორც რესურსი მოჰყვება ადამიანს. ბავშვს სჭირდება ბუნებასთან ურთიერთობა, შეხება, განსაკუთრებით პატარებს ხშირი შეხება, ცხოველებთან ურთიერთობა. ყველაფერი ამის საშუალება არის ზაფხულში. მოძრაობა, სირბილი სასიცოცხლოდ აუცილებელია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშალოთ ბავშვს სირბილი, წყალთან ურთიერთობა, ხეზე აძრომა.“

ნინო კანდელაკმა მშობლებს ურჩია ბავშვებს მოძრაობაში მაქსიმალურად შეუწყონ ხელი:

„სასურველია, მშობელმა წაიღოს ჰულა-ჰუპი, სახტუნაო, ბურთი. ​ყველანაირი მოძრაობა საჭიროა. ამ დროს ბავშვი სწავლობს საკუთარ თავს. ზაფხული ისეთი დროა, როდესაც ბავშვს აქვს ბუნებრივად, ინსტინქტურად ისეთი მექანიზმი, რომლითაც იცავს თავს. ქართველ მშობლებს და მით უმეტეს, ძიძებს ცოტა ზედმეტად ახასიათებთ სიფრთხილე. ძიძებს ჩაბარებული ბავშვი რომ ჰყავთ, არ აძლევენ არაფრის საშუალებას ბავშვს, არ გაიქცე, არ წახვიდე, არ ჩამოხტე. ზაფხულში მაინც ცოტა თავი შევიკავოთ, რომ ბავშვმა მოსინჯოს თავისი ძალები.“

ნინო კანდელაკის თქმით, ბავშვისთვის ცხოველებთან და ბუნებასთან ურთიერთობა აუცილებელია:

„აუცილებელია ბუნებასთან და ცხოველთან ურთიერთობა. ერთი ცხოველიც რომ იყოს, თუნდაც კუ ეზოში, ისიც იმხელა რესურსს აძლევს ბავშვს. სტრესის დროს დიდისთვისაც და ბავშვისთვისაც ძალიან კარგია წყალთან ურთიერთობა და მიწაზე ფეხშიშველი სიარული. ნეგატიურ ინფორმაციას შლის წყალი. დიდი რაოდენობით უნდა დავლიოთ წყალი და ნებისმიერი წყლის პროცედურა, ეს იქნება შხაპი, მდინარეში ბანაობა თუ ა.შ. კარგია. ფეხშიშველა სიარული ბალახზე, მიწაზე ძალიან კარგია, კარგია თიხის ზელვაც.“

„ბავშვმა ყოველ ზაფხულს უნდა შეიძინოს ახალი უნარები. მან უნდა მოსინჯოს თავისი ძალები, გაიფართოვოს შესაძლებლობები, ​ახალ ტერიტორიაზე უნდა გავიდეს ყოველ ზაფხულს. მთელი ცხოვრება მერე ამითი უნდა მიაღწიოს მიზნებს. ვთქვათ ეშინია წყალში შესვლა, უნდა შევიდეს, პირველად ავიდეს ხეზე. ფსიქოლოგიურად გადამწყვეტია თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც არის ზაფხულში და არ არის ბეტონის გარემოში. ძალიან დიდ ნახტომს აკეთებს განვითარებაში ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო კანდელაკმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“


წაიკითხეთ სრულად