Baby Bag

ბავშვი აუცილებლად სიყვარულის ფონზე უნდა დაისაჯოს

ბავშვის დასჯა - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი საუბრობს. 

​როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვის დასჯა უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში:

„ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის დასჯა შეიძლება. თუმცა ეს უნდა იყოს უკიდურეს შემთხვევაში. ბავშვის დასჯა იმ დროს, როცა ჩვენ თვითონ შინაგანად გაცოფებულები ვართ  და ბავშვის მიმართ აგრესია გვაქვს, არ შეიძლება. საუკეთესო დასჯის ფორმა მშობლებმა უნდა მოიფიქრონ, ანუ რა სიტუაციაში როგორ უნდა დაისაჯოს ბავშვი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საღი გონებით. ბავშვი უნდა დავსაჯოთ სიყვარულის ფონზე. ჯერ ვუხსნით ბავშვს, რომ ძალიან გვიყვარს, მაგრამ იმ ფონზე, რაც მოხდა, უნდა გამოვიყენოთ დასჯის ქმედებები. მას შემდეგ, რაც ამ დასჯის ქმედებებს გამოვიყენებთ, ბავშვს კიდევ ერთხელ უნდა ავუხნათ, რომ გვიყვარს...“ - აღნიშნავს პაატა ამონაშვილი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვი უბრალოდ იღლება, იფიტება და ამ დროს ეწყება გაღიზიანება" - თამარ გაგოშიძე

,,ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვი უბრალოდ იღლება, იფიტება და ამ დროს ეწყება გაღიზიანება" - თამარ გაგოშიძე

,,ცნება ,,აგრესიას" როგორ იყენებენ ხოლმე მშობლები, ეს არის ძალიან საინტერესო. როდესაც ვეკითხებით, რომ გთხოვთ, აღწერეთ, რას უწოდებთ ,,აგრესიულ ქცევას", აღმოჩნდება ხოლმე, რომ ქცევა არ არის  აგრესიული. ეს უბრალოდ არის ბავშვის მინიშნება მის საჭიროებაზე, იმაზე - თუ რა აწუხებს მას. ბავშვს რაღაც აწუხებს - აქვს ემოციური მდგომარეობა, ამას ვერ გამოთქვამს და  გარედან ეს ჩანს აგრესიულ ქცევად", - ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა, თამარ გაგოშიძემ ,,რადიო  ფორტუნას" ეთერში ისაუბრა.

,,მაგალითად, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ის უბრალოდ იღლება, იფიტება და ამ დროს ეწყება გაღიზიანება. ჩვენ ეს უნდა გავიგოთ - რომ ბავშვი დაიღალა და შესაბამისი პრევენციული ზომები გავატაროთ. საბავშვო ბაღში ხდება ხოლმე ასე, რომ ამბობენ აღსაზრდელზე - აგრესიულად იქცევა. რომ ვეკითხებით, რომელ საათზე იქცევა ,,აგრესიულად", გვეუბნებიან, მაგალითად, რომ ასე პირველი საათისთვის, სადილამდე. იქნებ, ბავშვი დაიღალა და ეძინება? ამას ყურადღებას არ აქცევენ. ჩვენ ჩვენი გადმოსახედიდან ვმოქმედებთ და გვგონია, რომ ისინი ყველაფერს იტანენ. იქნებ, შია? ასევე, მაგალითად, წაიყვანეთ ბავშვი მოლში და, მადლობის ნაცვლად, გაგიმართათ ისტერიკა. ჯერ კარგად უნდა გაარკვიოთ, რატომ იქცევა ასე. ბავშვის ეს ქცევა არ არის მექანიკური, მას აქვს საკუთარი მიზეზები. 

როდესაც ჩვენ ვეუბნებით მშობლებს, იგნორირება გაუკეთონ არასასურველ ქცევას, ამ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი კანფეტს ითხოვს და ის შიშით აძლევს იმის გამო, რომ მისმა შვილმა რაიმე არ დაიშავოს, ამასთან, იგნონირება გაუკეთა ბავშვის ტირილს, ამას ისინი მექანიკურად ავრცელებენ ყველაფერზე. მაგალითად, შენ ვერ გაუკეთებ იგნორირებას ფაქტს, როდესაც ბავშვი შუა მოლში დაიღალა და ტირის. ამ დროს მას უნდა მოეფერო, დაამშვიდო, გადაატანინო ყურადღება... იცით, რა არის მთავარი რჩევა? შენს შვილს უყურო, გაიგო, რატომ იქცევა ის ასე. ჩვენთვის უფრო ადვილია რეცეპტი - დავსაჯოთ-არ დავსაჯოთ, მივაქციოთ ყურადღება - არ მივაქციოთ ყურადღება. ეს ასე არის არის. არსებობს შემთხვევები, როდესაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ასევე, როდესაც უნდა გავუკეთოთ იგნორირება და  არის შემთხვევები, როცა დასჯა ნიშნავს სიამოვნების მოკლებას, ფსიქოლოგების ენაზე", - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ,,​რადიო ფორტუნა"

წაიკითხეთ სრულად