Baby Bag

ბავშვი აუცილებლად სიყვარულის ფონზე უნდა დაისაჯოს

ბავშვის დასჯა - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი საუბრობს. 

​როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვის დასჯა უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში:

„ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის დასჯა შეიძლება. თუმცა ეს უნდა იყოს უკიდურეს შემთხვევაში. ბავშვის დასჯა იმ დროს, როცა ჩვენ თვითონ შინაგანად გაცოფებულები ვართ  და ბავშვის მიმართ აგრესია გვაქვს, არ შეიძლება. საუკეთესო დასჯის ფორმა მშობლებმა უნდა მოიფიქრონ, ანუ რა სიტუაციაში როგორ უნდა დაისაჯოს ბავშვი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საღი გონებით. ბავშვი უნდა დავსაჯოთ სიყვარულის ფონზე. ჯერ ვუხსნით ბავშვს, რომ ძალიან გვიყვარს, მაგრამ იმ ფონზე, რაც მოხდა, უნდა გამოვიყენოთ დასჯის ქმედებები. მას შემდეგ, რაც ამ დასჯის ქმედებებს გამოვიყენებთ, ბავშვს კიდევ ერთხელ უნდა ავუხნათ, რომ გვიყვარს...“ - აღნიშნავს პაატა ამონაშვილი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

წაიკითხეთ სრულად