Baby Bag

ბავშვი აუცილებლად სიყვარულის ფონზე უნდა დაისაჯოს

ბავშვის დასჯა - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი საუბრობს. 

​როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვის დასჯა უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში:

„ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის დასჯა შეიძლება. თუმცა ეს უნდა იყოს უკიდურეს შემთხვევაში. ბავშვის დასჯა იმ დროს, როცა ჩვენ თვითონ შინაგანად გაცოფებულები ვართ  და ბავშვის მიმართ აგრესია გვაქვს, არ შეიძლება. საუკეთესო დასჯის ფორმა მშობლებმა უნდა მოიფიქრონ, ანუ რა სიტუაციაში როგორ უნდა დაისაჯოს ბავშვი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საღი გონებით. ბავშვი უნდა დავსაჯოთ სიყვარულის ფონზე. ჯერ ვუხსნით ბავშვს, რომ ძალიან გვიყვარს, მაგრამ იმ ფონზე, რაც მოხდა, უნდა გამოვიყენოთ დასჯის ქმედებები. მას შემდეგ, რაც ამ დასჯის ქმედებებს გამოვიყენებთ, ბავშვს კიდევ ერთხელ უნდა ავუხნათ, რომ გვიყვარს...“ - აღნიშნავს პაატა ამონაშვილი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის წამყვანი ქცევა არ არის მეცადინეობა და დასწავლა. მისი ქცევა არის თამაში,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის ცხოვრებაში თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თამაშის დროს ბავშვი სამყაროს შეიმეცნებს, ხოლო სწავლის პროცესი, შესაძლოა. სრულიად გაუცნობიერებლად განხორციელდეს:

„პირველ რიგში, ალბათ, მნიშვნელოვანია ჩვენ განვასხვავოთ ერთმანეთისგან სწავლა და დასწავლა. სწავლა ისეთი პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ გვდევს თან. ეს სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში სრულიად გაუცნობიერებლადაც შეიძლება განხორციელდეს. რაც შეეხება დასწავლას, ეს არის ნებისყოფით გაშუალებული, ​მიზანმიმართული პროცესი, რომელსაც სჭირდება ძალისხმევა, ძალიან სერიოზული ყურადღების კონცენტრაცია.“

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვის ფსიქიკური განვითარება მნიშვნელოვნად განსხვავდება 6 წლის შემდგომი ბავშვის განვითარებისგან:

„ახლა შევხედოთ ბავშვის განვითარებას. 6 წლამდე ასაკის ბავშვის თავისებურება რადიკალურად განსხვავდება უკვე 6 წლის შემდგომი ბავშვის ფსიქიკური განვითარებისგან იმით, რომ​ 6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის წამყვანი ქცევა არ არის მეცადინეობა და დასწავლა. მისი ქცევა არის თამაში. თამაშს ჩვენი საზოგადოება არასერიოზულად უყურებს, განსაკუთრებით მშობლები. მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვი თავისთვის რაღაცებს შვრება, დროს ატარებს. ეს არ არის დროის გატარება, ეს არ არის დროის ფუჭად კარგვა.“

თამარ გაგოშიძის თქმით, თამაში ბავშვის უნარებს ავითარებს და მისი პოტენციალის რეალიზებისთვის ძალიან სასარგებლოა:

​ბავშვისთვის თამაში არის ცხოვრების შესწავლა, უნარების განვითარება, თავისი პოტენციალის რეალიზება, მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება. ეს არის თამაში, განსაკუთრებით შემეცნებითი თამაშები და როლური თამაშები. პირველი, რასაც ჩვენ მშობლებს ვეკითხებით, ეს არის როლურ და წარმოსახვით თამაშებს თუ თამაშობს ბავშვი. სწორედ ამ წარმოსახვითი თამაშებით ემზადება ბავშვი მომავალი ცხოვრებისთვის.“

„ეს არ არის არც გაჯეტების შედეგი, ​არც კომპიუტერული განმავითარებელი თამაშების. იმ თამაშებს არ აქვთ ის გავლენა ამ ასაკში, როგორი გავლენაც აქვს ხოლმე რეალურ შემეცნებით თამაშებს და წარმოსახვით როლურ თამაშებს. ყველა ფსიქოლოგი თანმხდება იმაზე და კარგი სკოლამდელი საგანმანათლებლო პროგრამები აგებულია თამაშზე, იმისთვის, რომ ბავშვმა შეიმეცნოს სამყარო, მოემზადოს ცხოვრებისთვის და ჰქონდეს კეთილდღეობის განცდა,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად