Baby Bag

ბავშვი აუცილებლად სიყვარულის ფონზე უნდა დაისაჯოს

ბავშვის დასჯა - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი საუბრობს. 

​როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვის დასჯა უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში:

„ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის დასჯა შეიძლება. თუმცა ეს უნდა იყოს უკიდურეს შემთხვევაში. ბავშვის დასჯა იმ დროს, როცა ჩვენ თვითონ შინაგანად გაცოფებულები ვართ  და ბავშვის მიმართ აგრესია გვაქვს, არ შეიძლება. საუკეთესო დასჯის ფორმა მშობლებმა უნდა მოიფიქრონ, ანუ რა სიტუაციაში როგორ უნდა დაისაჯოს ბავშვი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საღი გონებით. ბავშვი უნდა დავსაჯოთ სიყვარულის ფონზე. ჯერ ვუხსნით ბავშვს, რომ ძალიან გვიყვარს, მაგრამ იმ ფონზე, რაც მოხდა, უნდა გამოვიყენოთ დასჯის ქმედებები. მას შემდეგ, რაც ამ დასჯის ქმედებებს გამოვიყენებთ, ბავშვს კიდევ ერთხელ უნდა ავუხნათ, რომ გვიყვარს...“ - აღნიშნავს პაატა ამონაშვილი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზოგიერთ ოჯახს აქვს ეს ტენდენცია, რომ ბავშვს წამოარტყას, დაუყვიროს... არ შეეფერება ეს ჩვენს პედაგოგიკას,“ - შალვა ამონაშვილი

„ზოგიერთ ოჯახს აქვს ეს ტენდენცია, რომ ბავშვს წამოარტყას, დაუყვიროს... არ შეეფერება ეს ჩვენს პედაგოგიკას,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, სკოლასთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვთან დიალოგის გზით მოაგვარონ:

„თუ ბავშვი გეტყვით თქვენ, რომ მე ხვალ სკოლაში წასვლა აღარ მინდა, რომელი ჭკვიანი დედა ეტყვის იმას, რომ აღარ გინდა და მაშინ ითამაშე აგერ, კნუტები არიან სახლში და მათთან ითამაშე და იყავი როგორც გინდაო. რომელი მამა ეტყვის ამას ბავშვს?! იქნებ დავსხდეთ, ბრძნულად განვიხილოთ, რატომ არ გვინდა სკოლა? რითი შეგვაწუხა სკოლამ? ამხანაგები არ გვყავს კარგი? გზა არის ძალიან შორი? როდესაც ამ მიზეზს გამოვამზეურებთ, ადვილად შეიძლება განუმარტო ბავშვს როგორ შეიძლება ამ მიზეზის მოშორება. ჩვენ მიზეზებს არ ვამზეურებთ და პირდაპირ ვეუბნებით ბავშვს: როგორთუ არ გინდა სკოლაში?! ზოგჯერ ვეუბნებით: კარგი, ნუ წახვალ! ერთიც და მეორეც არასერიოზული მოქმედებაა. გამოვარკვიოთ მიზეზები და რაღაცას გამოვიგონებთ ჩვენ.

არ იყოს ჩხუბი, არ იყოს ნერვიულობა, არ იყოს ძალდატანება, არ იყოს წივილ-კივილი, არ იყოს ბავშვის ცემა! დიდი ბოდიში, მაგრამ ზოგიერთ ოჯახს აქვს ეს ტენდენცია, რომ ბავშვს წამოარტყას, დაუყვიროს, დასაჯოს ამგვარად. ეს აღარ არის ჩვენი ბავშვებისთვის ღირსება. არ შეეფერება ჩვენს პედაგოგიკას, ჩვენს დღევანდელს ცხოვრებას ასეთი ქცევები.

ეს წარსულს ჩავაბაროთ. გოგებაშვილიც ამბობდა, ეს არ გააკეთოთო. ეს იყო მეცხრამეტე საუკუნე და მეოცე საუკუნის დასაწყისი. XXI საუკუნეში, ჩემო ძვირფასებო, ასეთი მეთოდები ნიშნავს იმას, რომ ჭაში ჩავცვივდეთ,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად