Baby Bag

აჩუქეთ შვილებს თავგადასავლები სათამაშოების ნაცვლად!

აჩუქეთ შვილებს თავგადასავლები სათამაშოების ნაცვლად!
უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ბავშვებისთვის ბევრი სათამაშოს ჩუქება ​არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან პატარები, რომლებსაც სათამაშოების დიდი არჩევანი აქვთ, როგორც წესი, ნაკლებად ბედნიერები არიან. ისინი ძალიან იშვიათად თამაშობენ და პასიურები ხდებიან. სათამაშოების ჭარბი რაოდენობა ბავშვებს აბნევს და აფორიაქებს. ისინი თამაშის დახმარებით სწავლას ვეღარ ახერხებენ, რადგან კონცენტრაციის უნარი მნიშვნელოვნად უქვეითდებათ.

კვლევებით ასევე დგინდება, რომ ბავშვებს, რომლებსაც ნაკლები რაოდენობის, მაგრამ ხარისხიანი სათამაშოები აქვთ, თანამშრომლობის, გაზიარების და თანაგრძნობის უნარები გაცილებით სწრაფად უვითარდებათ. თუ ბავშვს ბევრი სათამაშო აქვს, ის მარტო თამაშს ამჯობინებს. როგორც წესი, აღნიშნულ შემთხვევაში აქტივობა არაპროდუქტიული და დამღლელი ხდება.

მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბავშვის სურვილების 100 პროცენტით დაკმაყოფილება არ ღირს. იმის ნაცვლად, რომ შვილს ყველა სათამაშო უყიდოთ, რომელზეც ის ოცნებობს, ეცადეთ, მასთან ბევრი დრო გაატაროთ.

ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 3-დან 5 წლამდე ასაკის 3000-მდე ბავშვი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ აკადემიურ წარმატებას აღმზრდელობით დაწესებულებებში უფრო ის ბავშვები აღწევდნენ, რომლებიც თბილ ოჯახურ ატმოსფეროში იზრდებოდნენ. მათ ცხოვრებაში მშობლების აქტიური ჩართულობა ბავშვების თავდაჯერებას მნიშვნელოვნად ამაღლებდა. მშობლებს, რომლებიც მკაცრად აკონტროლებდნენ ბავშვებისთვის მიცემული სათამაშოების რაოდენობას, ძალიან წარმატებული შვილები ჰყავდათ. ბავშვები, რომლებსაც ძალიან ცოტა სათამაშო ჰქონდათ, ამასთან მშობლების ყურადღება და მზრუნველობა არ აკლდათ, ემოციური და სოციალური განვითარების თვალსაზრისით თანატოლებს მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ.

მშობლის ყურადღებას ვერ ანაცვლებს ვერცერთი სათამაშო ან ელექტრონული მოწყობილობა, რომლის ყიდვაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ მარტივად შეგიძლიათ. კვლევებით ასევე დადასტურდა, რომ ბავშვები, რომლებსაც მშობლები სათამაშოების ნაცვლად თავგადასავლებით ანებივრებენ, ძალიან ხელგაშლილები და სულგრძელები არიან, მათ კეთილი საქმის სანაცვლოდ მადლიერების გამოხატვა არასდროს ავიწყდებათ. კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანებს ბედნიერებას თავგადასავლები ანიჭებთ და არა მატერიალური ნივთები.

ბავშვობის ტკბილი მოგონებებისგან მიღებული ბედნიერება გაცილებით დიდია, ვიდრე ნაძვის ხის ქვეშ დალაგებული სათამაშოების დანახვისას დროებითი აღფრთოვანების გრძნობა. ბავშვისთვის ოჯახთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება გაცილებით დიდი ბედნიერების მომნიჭებელია, ვიდრე სათამაშოების საჩუქრად მიღება. ძვირფასო მშობლებო, გამუდმებით შვილებისთვის საჩუქრების ყიდვაზე ორიენტირებულები ნუ იქნებით, ამის ნაცვლად ისინი სასიამოვნო მოგონებებითა და თავგადასავლებით დაასაჩუქრეთ! 

მომზადებულია iheartintelligence.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ვეცდები სიტყვებს თავი მოვუყარო.. რაც მე გადავიტანე, არ გადაიტანოს არცერთმა მშობელმა. ღმერთს მადლობა!''

,,ვეცდები სიტყვებს თავი მოვუყარო.. რაც მე გადავიტანე, არ გადაიტანოს არცერთმა მშობელმა. ღმერთს მადლობა!''

თათია შარანგია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც მის შვილს ანდრუშას ეხება. როგორც თათია აღნიშნავს, ანდრიუშა მის თვალწინ მეორედ დაიბადა:

,,ვეცდები სიტყვებს თავი მოვუყარო.. რაც მე გადავიტანე, არ გადაიტანოს არცერთმა მშობელმა. ღმერთს მადლობა! ანდრუშა მეორედ დაიბადა ჩემს თვალწინ, მამამისის დაბადების დღეზე. წინა ღამეს ამბობდა, ეს ჩემი დაბადების დღეა-მამიკომ მაჩუქაო. სიმართლეს ამბობდა თურმე.

ანდრუშა აუზში ჩავარდა, კამერის გარეშე. წყლიდან მე ამოვიყვანე, წყალნაყლაპი... დეტალებს ვერ მოვყვები... რაც შევძელი შემზარავი კივილი და არაადექვატური რეაქციები იყო. ამ ყველაფერს ხედავდნენ ედუ და სანი. ვერ გადმოვცემ მათ ცრემლებს და უდიდეს, წარმოუდგენელ ემოციებს. მუხლებზე მდგომი იძახდნენ "ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა"... უდიდესი მადლობა ჰოლიდეინის თანამშრომელს - ლუკა მურვანიძეს, Luka Murvanidze რომელმაც თავისი სწრაფი, პროფესიონალური რეაქციით თვალწინ მაჩუქა შვილი. არვიცი საიდან გაჩნდა წამებში იქ, უშიშარი, გამბედავი... ის, რომ არა, მე ვხედავდი რა მემართებოდა. რომ შეგვეძლოს დაუნანებლად ვაჩუქებდით სიცოცხლის წლებს. მეც და სანდროც.

დიდი მადლობა იაშვილის კლინიკას, განსაკუთრებული მადლობა გიორგი გორგიჯანიძეს, ვალერი კვარაცხელიას... Valeri Kvaratskhelia მადლობა ზე-პროფესიონალ ექიმებს. რომლებიც საკუთარი შვილივით ექცევიან ანდრუშას. მადლობა ქალბატონ მარინას, მაკას,ელენეს, ნანას. არაჩვეულებრივ ექთნებს - ლიზის, ქეთის, ანას...

მადლობა ყველას ვინც ილოცეთ ჩემი შვილისთვის... მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც 3 წუთში გაჩნდნენ ჰოლიდეინში... დედაჩემის თვალებში ვკითხულობდი იმედს. მადლობა ჩემს გარემოცვას, მთელ არმიას რომელიც იაშვილის ეზოში იდგა და ჩვენთან ერთად ნერვიულობდა. ჩვენს შვილს ორი დაბადების დღე აქვს. ჩემს თვალწინ, ჩემს თვალწინ ის მეორედ დაიბადა. ალბათ ამ შემზარავ წუთებს ვერასდროს გავიხსენებ ცრემლების ზღვის გარეშე. მაგრამ მადლობელი და უბედნიერესი ვარ რომ ის ჩემს გვერდით არის და რაც მთავარია ჯანმრთელი... სიკეთე არ იკარგება და პირველად ცხოვრებაში რეანიმაციის კართან მდგომმა ვთქვი, რომ რაც კი სიკეთე გაუკეთებია სანდროს, მამაჩემს, ზოგადად ჩემს ოჯახს, ბუმერანგივით დამიბრუნდა შვილის მეორედ დაბადებით...

არაფერია ჯანმრთელობის ფასი.. ერთმა უყურადღებო წუთმა შეიძლება ტრაგედიად აქციოს ჩვენი დარჩენილი ცხოვრება. გავუფრთხილდეთ შვილებს, ყველა წუთი ვაჩუქოთ მათ. სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. ამ ყველაფერმა ძალიან დაგვაფიქრა ცხოვრებაზე და ბევრ რამეს სხვანაირად შეგვახედა. 18 აგვისტოს მოგვილოცეთ ამიერიდან მთელ ოჯახს დაბადების დღე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა,'' - აღნიშნავს თათია შარანგია. 

წაიკითხეთ სრულად