Baby Bag

უფროსების დიდი ნაწილი, ბავშვის ნეგატიური ქცევის მიზეზების გარკვევის ნაცვლად, შვილს მორალს უკითხავს

უფროსების დიდი ნაწილი, ბავშვის ნეგატიური ქცევის მიზეზების გარკვევის ნაცვლად, შვილს მორალს უკითხავს
განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ლიცენზირებული კლინიკური სოციალური მუშაკი და ცნობილი ფსიქოთერაპევტი ელაინ ჰეფნერი მშობლებს საინტერესო რჩევებით ხშირად მიმართავს. ყველაფერთან ერთად ის goodenoughmothering.com-ის წარმატებული ბლოგერია. მშობლები ცნობილი ფსიქოთერაპევტის რჩევებს ყოველთვის დიდი ინტერესით ეცნობიან. ჩვენს სტატიაში უცვლელად გთავაზობთ ელაინ ჰეფნერის ერთ-ერთ მიმართვას, რომელშიც ის მშობლებს შვილებისადმი მეტი ყურადღებისა და თანაგრძნობის გამოვლენისკენ მოუწოდებს.
„ერთხელ ერთმა ბავშვმა მითხრა, თუ როგორ ძალიან მოსწონდა სკოლის საქმეთა მმართველი. როდესაც მას ვკითხე, თუ რით დაიმსახურა საქმეთა მმართველმა მისი მოწონება, მან მიპასუხა: „ის ყოველთვის დიდი ინტერესით მისმენს, როდესაც ვესაუბრები.“ ბავშვმა ამიხსნა, რომ მშობლებთან ლაპარაკი ძალიან უჭირდა, რადგან ისინი გამუდმებით მითითებებსა და დირექტივებს აძლევდნენ, მისი საუბრის მოსმენა კი ნაკლებად სურდათ.
მოსმენას რამდენიმე განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. როდესაც მშობლები ბავშვებისგან მოსმენას მოითხოვენ, ისინი გულისხმობენ, რომ ბავშვმა მათი დარიგებები ყურადღებით უნდა მოისმინოს. თუ უფროსები ბავშვს უბრაზდებიან და ეუბნებიან, რომ მას არაფერი ესმის, ისინი გულისხმობენ, რომ ბავშვმა მათი რჩევები არ გაითვალისწინა. მოსმენის კულტურის ჩამოყალიბება ბავშვების ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს, რადგან მისი დახმარებით ისინი სწავლობენ და ვითარდებიან.
მოსმენის კულტურა მშობლებისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუ ბავშვი გეუბნებათ, რომ თქვენ მას არ უსმენთ, ის მიგანიშნებთ, რომ მის სურვილებსა და ინტერესებს არ ითვალისწინებთ. როდესაც ბავშვის საუბარს ისმენთ, არ ნიშნავს, რომ მისი გესმით. ბავშვები ძალიან განიცდიან, როდესაც ამჩნევენ, რომ მშობლებს მათთვის რჩევა-დარიგების მიცემა უფრო ხიბლავთ, ვიდრე მათთან გულახდილი საუბარი.
ბავშვებისადმი ყურადღების გამოჩენა ჩვენ უკეთეს მშობლებად ჩამოყალიბებაში გვეხმარება. მათი პრობლემების მოსმენისას უკეთ ვაცნობიერებთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. მცირეწლოვანი ბავშვების პრობლემებისა და სურვილების ამოსაცნობად მათ ქცევებზე ყურადღებით დაკვირვებაა საჭირო. ზოგჯერ ჩვენი შვილის ქცევა ძალიან არ მოგვწონს, მაგ. თუ ის სხვა ბავშვზე ძალადობს ან ტკბილეულის სხვებისთვის გაზიარება არ უნდა. იმის ნაცვლად, რომ შვილის ნაკლებად მოსაწონ საქციელზე გავბრაზდეთ, უმჯობესია, მისი ნეგატიური ქცევის მიზეზებზე დავფიქრდეთ და მას სოციალურად მიღებული ქცევის ნორმების ათვისებაში დავეხმაროთ. ბავშვის საქციელმა უნდა მიგვახვედროს, თუ განვითარების რა ეტაპზე იმყოფება ჩვენი შვილი და რა სახის დახმარებას საჭიროებს ჩვენგან.
ბავშვის საქციელი მის კომუნიკაციურ უნარებზე ბევრ რამეს გვეუბნება. მშობლები მეტად უნდა დაინტერესდნენ, რის თქმას ცდილობს ბავშვი ამა თუ იმ ქცევით და რას იტყოდა მათი მცირეწლოვანი შვილი, გამართულად საუბარი რომ შეეძლოს? უფროსების დიდი ნაწილი, ბავშვის ნეგატიური ქცევის მიზეზების გარკვევის ნაცვლად, მიუღებელი საქციელის გაკიცხვას ცდილობს და ბავშვს მორალს უკითხავს.
თუ ბავშვს აგრძნობინებთ, რომ მისი ქცევის მიზეზის ამოცნობა შეგიძლიათ, ის გააცნობიერებს, რომ მისი კარგად გესმით, რაც მას თქვენი შენიშვნების მშვიდად მიღებასა და გათვალისწინებაში დაეხმარება. თქვენი დახმარებით ბავშვი საკუთარი ქცევის მოტივებისა და ემოციური განწყობების ამოცნობას ისწავლის, ამასთან, ნეგატიური განცდების გამოხატვის უკეთესი გზების გამონახვასაც შეეცდება.
ბავშვები ზრდასთან ერთად საკუთარი ემოციების ვერბალურად გამოხატვას სწავლობენ და დაუფარავად გვეუბნებიან, თუ რა სურთ ან რა აწუხებთ. შესაძლოა, მათ ისეთი რამ გვითხრან, რაც ძალიან არ მოგვეწონება. თუ ბავშვის ნათქვამი სიტყვები გაღიზიანებთ, არასწორად იქცევით. უმჯობესია, კარგად გაარკვიოთ, თუ რა დგას მისი სიტყვების მიღმა.

ბავშვის ქცევა მიგვახვედრებს, რამდენად სწორად ვიქცევით როგორც მშობლები, გვაქვს თუ არა მისდამი მეტისმეტად დიდი მოლოდინები, უჭირს თუ არა ბავშვს სოციუმში ადაპტაცია იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. შვილის ქცევის მოტივებისა და მიზეზების ამოცნობას მშობლები მხოლოდ მოსმენისა და გაგების უნარების განვითარებით შეძლებენ. თუ ბავშვის მოსმენას ისწავლით, მას პრობლემების მოგვარებაში მარტივად დაეხმარებით და რაც მთავარია, თქვენი შვილისთვის საუკეთესო მასწავლებლადაც იქცევით.“ 
მომზადებულია www.regist​erguard.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)