Baby Bag

საყვარელ ადამიანთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების ნაცვლად თუ ტელეფონს ხართ მიჯაჭვული, თქვენს ურთიერთობაში კრიზისია

საყვარელ ადამიანთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების ნაცვლად თუ ტელეფონს ხართ მიჯაჭვული, თქვენს ურთიერთობაში კრიზისია
ადამიანების დიდ ნაწილს ძალიან მოსწონს, როდესაც მეორე ნახევართან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავს და ვირტუალურ მეგობრებს საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ სიახლეებს ხშირად უზიარებს. სოციალურ ქსელებში აქტიური ადამიანები ამ გზით ახლობლებსა და ნათესავებს მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციას მარტივად აწვდიან. მიუხედავად ამისა, ინტერნეტ სივრცეზე მიჯაჭვულობამ, შესაძლებელია, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი ყოველდღიურობა მთლიანად სოციალური ქსელებით არის განსაზღვრული, აუცილებლად შეცვალეთ ვირტუალური სივრცისადმი თქვენი დამოკიდებულება.

სოციალურ მედიას პარტნიორების ცხოვრებაში დრამატიზმის შემოტანის უნარი შესწევს. თუ აღმოაჩენთ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების ნაცვლად ტელეფონს ხართ მიჯაჭვული, ე.ი. თქვენს ურთიერთობაში კრიზისია. ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ ვიდრე სოციალურ ქსელში შეტყობინებას განათავსებთ ან ფოტოს ატვირთავთ, კარგად დაფიქრდით, რატომ აკეთებთ ამას. ზოგიერთი ადამიანი აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში სიახლეებს სხვებისთვის თავის გაცნობის გულწრფელი სურვილის გამო ტვირთავს. თუ პირადი ცხოვრების ინტერნეტ სივრცეში აფიშირება თქვენც გხიბლავთ, ამაში საგანგაშო არაფერია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების შესახებ დუმილი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე გულახდილობა.
• თქვენ უფრო მეტად ხართ ჩართული ურთიერთობაში
საკუთარი ურთიერთობის ხშირი დოკუმენტირება თქვენ ძალიან ძვირფას დროს გაკარგვინებთ. როდესაც სოციალურ ქსელებში სიახლეების განთავსებით ხართ დაკავებული, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ვერ ახერხებთ, რასაც რომანტიკის ნაკლებობამდე მიყავხართ. როდესაც წყვილი ერთმანეთის პირდაპირ ზის და გულახდილად საუბრობს, მათ შორის ძლიერი ურთიერთკავშირი ჩნდება. ყველაფერი რადიკალურად განსხვავებულადაა, როდესაც თითოეული მათგანი ტელეფონის ეკრანს უყურებს. თუ სოციალურ ქსელებს თავს დააღწევთ და ერთმანეთისთვის მეტ დროს გამონახავთ, ურთიერთობაში მეტი სიახლოვის გაჩენას შეუწყობთ ხელს.
• ურთიერთობაში ავთენტურობის განცდა ძლიერდება
საყვარელ ადამიანთან ყოფნისას სოციალური ქსელისთვის ეფექტური ფოტოს გადაღებაზე ფიქრის ნაცვლად დროის სასიამოვნოდ გატარება ურთიერთობაში ავთენტურობის განცდას გააძლიერებს. თუ შეყვარებულთან ან მეუღლესთან ერთად ბუნებაში პიკნიკს აწყობთ და ერთად ყოფნით ფოტოების გადაღების გარეშე ტკბებით, თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობთ. სოციალური მედიის ურთიერთობიდან გაქრობა, განსაკუთრებით თქვენთვის მნიშვნელოვანი წუთების დროს, იმაზე მეტ ბედნიერებას მოგიტანთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
• თქვენ გარშემომყოფებისგან ნაკლებ წნეხსა და ზეწოლას იგრძნობთ
სოციალურ ქსელებზე ნაკლებად ფოკუსირების შემთხვევაში, თქვენ არამხოლოდ ურთიერთობით ტკბობას შეძლებთ, არამედ მნიშვნელოვანი წნეხისგან გათავისუფლდებით. ადამიანების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, თუ როგორი ზეწოლის ქვეშ უხდება ცხოვრება სოციალურ მედიაზე ძლიერი მიჯაჭვულობის გამო. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილს ქსელში აქტიურობა სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ საშუალებად მიაჩნია, რის გამოც თავს ვალდებულად თვლის, რომ სიახლეები რეგულარულად განათავსოს. თუ თქვენს პირად ურთიერთობას სოციალური ქსელიდან გააქრობთ, აღნიშნული წნეხისგან მარტივად გათავისუფლდებით.
• თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის მეტი სიახლოვე გაჩნდება
სასიყვარულო ურთიერთობა თქვენგან პარტნიორისთვის საკმაოდ დიდი დროის გამოყოფას მოითხოვს. ურთიერთობას იმაზე მეტად არაფერი აზიანებს, ვიდრე მნიშვნელოვანი წუთების გაფუჭება სოციალური ქსელისთვის საჭირო ეფექტური ფოტოების გადაღებით. როდესაც თქვენ საკუთარ თავზე ორიენტირების ნაცვლად თქვენს ურთიერთობაზე ფიქრს დაიწყებთ, იგრძნობთ, რომ საყვარელ ადამიანთან მეტი სიახლოვე გაკავშირებთ. თქვენს შორის მეტი თანაგრძნობა, ზრუნვა და ურთიერთპატივისცემა გაჩნდება.
• თქვენ მეტი პირადი სივრცე გექნებათ
მართალია, თქვენ სოციალური ქსელის ზომიერად გამოყენებაც შეგიძლიათ, რაც თქვენს ურთიერთობას არ დააზიანებს, მაგრამ თუ პირად ცხოვრებას სოციალური ქსელებიდან გამოაძევებთ, უფრო მეტი პირადი სივრცე გექნებათ. თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენი ურთიერთობა სხვების პოტენციური ნეგატიური შეფასებებისა და მოსაზრებებისგან სრულად არის დაცული. ვიდრე სოციალურ ქსელში სიახლეს გამოაქვეყნებთ, კარგად დაფიქრდით, რამდენად სასარგებლო იქნება ეს თქვენი რომანტიკური პარტნიორისთვის.
• უფრო მეტს იმხიარულებთ
პირადი სივრცის ხელშეუხებლობის შემთხვევაში საყვარელ ადამიანთან ერთად დროს თავისუფლად გაატარებთ. თქვენ არ დაიწყებთ იმაზე ღელვას, თუ რა გაცვიათ ან როგორ გამოიყურებით და რას აკეთებთ, რადგან კამერები მყუდროებას არ დაგირღვევენ. ურთიერთობაში მეტი თავისუფლების შეტანა დროის სასიამოვნოდ და მხიარულად გატარებაში დაგეხმარებათ.
• საკუთარ და სხვების ცხოვრებას ერთმანეთს აღარ შეადარებთ
სოციალურ ქსელში პირადი ურთიერთობების შესახებ სიახლეების განთავსების შეწყვეტა სხვებისა და საკუთარი ცხოვრების ერთმანეთთან შედარების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. უმეტეს შემთხვევაში შედარებას არაცნობიერი ხასიათი აქვს და ადამიანები ვერ ხვდებიან, რა მასშტაბის ზიანს აყენებენ საკუთარ ფსიქიკასა და ურთიერთობებს. სოციალურ ქსელში თქვენ გამუდმებით აკვირდებით სხვა წყვილების ურთიერთობას და იწყებთ ოცნებას, რომ თქვენც მათსავით გაერთოთ, იმოგზაუროთ და ა.შ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ადამიანები სოციალურ ქსელში მხოლოდ გარკვეულ სიახლეებს ათავსებენ, რაც მათ რეალურ ცხოვრებაზე სწორ წარმოდგენას ვერ შეგიქმნით. მთავარია, როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს პარტნიორთან.

სოციალური მედიის გამუდმებული თანხლების გარეშე ცხოვრება თქვენს ურთიერთობაში სასწაულებს მოახდენს. თქვენ საყვარელ ადამიანთან დროის გატარება იმაზე მეტად მოგეწონებათ, ვიდრე ოდესმე და რაც მთავარია, თავს მეტად თავისუფლად იგრძნობთ. 

​მომზადებულია www.bus​tle.com-ის მიხედვით

​თარგმნა ია ნაროუშვილმა