Baby Bag

,,პანიკური აშლილობით დღეს უამრავი ადამიანი იტანჯება - ავტოთერაპიისთვის ერთ „ილეთს“ გასწავლით''

,,პანიკური აშლილობით დღეს უამრავი ადამიანი იტანჯება - ავტოთერაპიისთვის ერთ „ილეთს“ გასწავლით''
,,პანიკური აშლილობით დღეს უამრავი ადამიანი იტანჯება. განცდაში ჩართულია ფიზიოლოგიური შეგრძნებები: გაძლიერებული გულისცემა, ოფლიანობა, კანკალი, სუნთქვის უკმარისობა, ყელში სპაზმი, შეციება, ან პირიქით, წამოხურება, გულისრევა, ტკივილი მუცლის ან გულმკერდის არეში, თავბრუსხვევა, იშვიათად გულის წასვლა, სხეულის დაბუჟება, ადამიანს აქვს გაგიჟების ან სიკვდილის შიში, არარეალურობის განცდა, დეპერსონალიზაცია.პანიკური შეტევის პირველი გამოცდილების შემდეგ ჩნდება შეტევის განმეორების შიში და ახლა უკვე დადარაჯებული ადამიანი თავს არიდებს სიტუაციებსა და გარემოს, სადაც როდესმე შეტევა განუვითარდა. პანიკურ აშლილობასთან ასოცირებულია ნივთიერებებით ინტოქსიკაცია, დეპრესია, ხშირად თან ახლავს აგორაფობია, იგივე ღია სივრცის შიში. გაშლილი სივრცე, სიმაღლე, სიმბოლიზებული თავის-უფლებასთან და ძალა-უფლებასთან, რომელსაც ფარულად შეიძლება მიელტვოდეს ადამიანი, მაგრამ ვერ მაგრდებოდეს შინაგანი არასრულფასოვნების, არასაკმარისობის, სამყოფი ძალის უქონლობის განცდის გამო; აშინებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ცუდად გახდომის შემთხვევაში რომ „არ შერცხვეს“, ამავე დროს უჩნდება გარემოში მარტო ყოფნის შიშიც. ამდენად, ამ პრობლემით შეწუხებული ადამიანი თანდათან თავს თითქმის სრულ იზოლაციაში იქცევს. ხშირად შერჩეულ პირს, მშობელს, მეუღლეს, ახლო მეგობარს ავალდებულებს მუდმივ შეთვალყურეობას და ზრუნვას, რასაც ასევე აქვს გაუცნობიერებელი შინაგანი, დაფარული მიზეზი, იყოს გადაჭარბებული ზრუნვის ობიექტი და ამოავსოს ის ემოციური დეფიციტი, რომელიც შესაძლოა, ძალიან ადრეული ასაკიდან ჯერ კიდევ გაუაზრებლად, სახელის დაურქმევლად იზრდებოდა სულში და ქმნიდა მეტ და მეტ ცარიელ, მტანჯველ სივრცეს.

პანიკური შეტევა თავიდან აშკარად არაფერს უკავშირდება, მოულოდნელად, კონკრეტული მიზეზის გარეშე იწყება. თუმცა დროთა განმავლობაში იძენს გარკვეულ სისტემურობას, ვითარდება მსგავს ან ერთნაირ სიტუაციებსა და გარემოში. მედიკამენტური და ფსიქოთერაპია ერთად ეფექტურად ამარცხებს პრობლემას, თუმცა, სანამ სპეციალისტს მიმართავდეთ, ავტოთერაპიისთვის ერთ „ილეთს“ გასწავლით, თავის ნებაზე მოჯირითე ფსიქიკას ლაგამი რომ ამოსდოთ და უკეთ დაიმორჩილოთ, თქვენვე სცადოთ თქვენი შინაგანი მონსტრის გახედვა და მოთვინიერება.

ეს უმარტივესი „ილეთი“ არა მხოლოდ პანიკურ აშლილობასთან შებრძოლებისთვისაა კარგი, ნებისმიერს გამოადგება, ვინც დაღლილია შეგრძნებით, რომ სიცოცხლე არ უღირს, დაღლილია იმ სამყაროში გამოკეტილობით, რომლისაც არ ესმის და ვერ ეგუება, დაღლილია გრძნობით, რომ რაღაც აკლია. გამოადგება მასაც, ვინც გადაიქანცა სურვილით, იყოს ცხოვრებაში ეფექტური, ისევ და ისევ, თავიდან იყოს ნაპოვნი იმ უამრავ მარცხს შორის ჩაკარგვის შემდეგ, რომელიც განიცადა. 

ილეთის არსი „მეს“ ნამდვილი ბუნების ცნობიერი გემოს აღმოჩენაა, იმისათვის, რომ გავაქროთ გარემოს მიმართ გაუცხოება და ეჭვიანობა, გავაუქმოთ გაუცნობიერებლად აღქმული წინაპირობა სიცოცხლის საშიშროების შესახებ, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ, შეუმჩნევლად დაგვეხმარება ცხოვრებასთან ინტელექტუალურად შებმის გზების ფორმირებაში, ფსიქიკის რეგენერაციაში და თანდათან ჩამოშლის დაავადებულ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს.

რადგან პანიკური შეტევა საკუთარ სხეულს გვიპირისპირებს, პირველ ყოვლისა, მოლაპარაკება ჩვენც სხეულთან გავმართოთ. 

დაჯექი ჩუმად. დაიწყე ყურადღების მიქცევა შენი სუნთქვისთვის, როგორ შედის და გამოდის შენი სხეულიდან. არ ეცადო რომ აკონტროლო, როგორ სუნთქავ, უბრალოდ შეიგრძენი, როგორ მოძრაობს ჰაერი ნესტოებში, სხეულში შემოსვლისა და სხეულიდან გასვლის დროს. შეამჩნევ, რომ შეგრძნება გრილია, როდესაც გაივლის ნესტოებს სხეულში შემავალ გზაზე და თბილი, როდესაც სხეულს ტოვებს.

უკეთ ფოკუსირდი. ყოველი სხეულიდან გამოსული სუნთქვა გონებაში დათვალე: ერთი, ორი, სამი, ოთხი და ა. შ. თუ შეამჩნევ, რომ ყურადღება გეფანტება და გადაგაქვს რაიმე სხვაზე გარდა სუნთქვისა, ფიქრზე, ხმაზე ან რაიმე ვიზუალურზე, შენს თავს უხმოდ, შინაგანად უთხარი, - დარღვევა!

ისევ გადაიტანე ყურადღება სუნთქვაზე და თავიდან დაიწყე დათვლა.

გააკეთე ეს ყოველდღე, ათი წუთის განმავლობაში. თავიდან, სავარაუდოდ, ვერ შეძლებ ორის ან სამის დათვლაზე მეტს. ამან არ დაგაბრკოლოს. განაგრძე მცდელობა და არ დანებდე. რომც გაჩერდე ორზე და სამზე და თავიდან მოგიწიოს დაწყებამ, ამით საქმე მაინც კეთდება.

ამ სავარჯიშოს მიზანი არ არის, რომ ისე გაიწვრთნა, მაღალ ციფრებამდე შეძლო დათვლა. მიზანია, განავითარო და გააძლიერო შენი შესაძლებლობა, გაასწორო ფოკუსი იმ განცდაზე, იმ შეგრძნებაზე, იმ არჩევანზე, სადაც გინდა, რომ დამაგრდეს შენი გონება.

ენდე შენს სუნთქვას.''
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე
,,შიშო, გამოდი გარეთ''

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ გსურთ, რომ ბავშვის ქცევა გამოსწორდეს, დილით მისი გაღვიძების სწორი ფორმა შეარჩიეთ

თუ გსურთ, რომ ბავშვის ქცევა გამოსწორდეს, დილით მისი გაღვიძების სწორი ფორმა შეარჩიეთ

დილით გაღვიძების ფორმა ადამიანის დღეს და მის განწყობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ზრდასრულებს კარგად გვესმის, რომ ძილის ხარისხი და დილის განწყობა ჩვენს ხასიათზე გავლენას ახდენს. აღნიშნული წესები ბავშვების შემთხვევაშიც სწორედ ასევე მოქმედებს.

თუ ბავშვს ნაჩქარევად აღვიძებთ, რადგან გვიან ადექით და ოჯახის ყველა წევრს სადღაც ეჩქარება, მას დღის განმავლობაში ამაღლებული განწყობა ნამდვილად არ ექნება. ​იმას, თუ როგორ აღვიძებენ მშობლები შვილებს დილით, ბავშვების ხასიათსა და პროდუქტიულობაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია.

მშობლები ბავშვის გაღვიძებისას დადებით და მხიარულ განწყობაზე უნდა იყვნენ. ეს ბავშვებზეც პოზიტიურად აისახება და მათი დღე სასიამოვნოდ დაიწყება.

მშობლებმა დილით ბავშვებზე ოცი წუთით ადრე მაინც უნდა გაიღვიძონ, რათა ბავშვს მომზადებულები დახვდნენ და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი დახმარება აღმოუჩინონ. ბავშვის საგარეო ტანისამოსი წინა ღამით გაამზადეთ, დაეხმარეთ ბავშვს ჩანთის ჩალაგებაში და დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს სკოლის დავალებები მომზადებული აქვს.

ცუდ ხასიათზე ყოფნისას გადაწყვეტილებების მიღება რთულია. ამიტომ აჯობებს, ბავშვთან შეთანხმებით წინასწარვე გაამზადოთ მათთვის ტანისამოსი და საუზმეც. ​დილით თქვენს შვილებს, შესაძლოა, არ ჰქონდეთ იმის განწყობა, რომ მსგავს საკითხებზე იფიქრონ.

არცერთ ზრდასრულს არ სურს, რომ დასტრესილმა ნაჩქარევად გაიღვიძოს, როდესაც დილით სადღაც მიდის. ანალოგიური წესი მოქმედებს ბავშვების შემთხვევაშიც. აუცილებლად გამონახეთ დრო, რომ საწოლიდან ბავშვებზე ადრე ადგეთ, რათა ისინი მშვიდად და აუჩქარებლად გააღვიძოთ. დილით დადებითი ემოციებითა და თბილი განწყობით გაღვიძებული ბავშვი მთელი დღის განმავლობაში მეტად პროდუქტიული და მშვიდი იქნება.

წყარო: moms.com

წაიკითხეთ სრულად