Baby Bag

„თავი აარიდეთ შემაშფოთებელი ახალი ამბების ყურებას“ - როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში

„თავი აარიდეთ შემაშფოთებელი ახალი ამბების ყურებას“ - როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში

ფსიქოლოგმა ჯანა ჯავახიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები თარგმნა, თუ როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში. რეკომენდაციები მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისთვის:

ზოგადი მოსახლეობისთვის

1. COVID-19 გავრცელდა ბევრ ქვეყანაში. ამიტომ, გთხოვთ, არ დააკავშიროთ ის რომელიმე ეთნიკურ ჯგუფსა თუ ეროვნებასთან. გამოიჩინეთ თანაგრძნობა მათ მიმართ, ვისაც ეს პრობლემა გაუჩნდა, მიუხედავად რეგიონისა და ქვეყნისა. მათ, ვინც ავად გახდნენ, არაფერი დაუშავებიათ.

2. ნუ უწოდებთ დაავადებულ ადამიანებს „კორონავირუსის შემთხვევებს”, „მსხვერპლებს”, „კორონავირუსიან ოჯახებს” ან „ავადმყოფებს”. ისინი არიან „ადამიანები, ვისაც აქვს კორონავირუსი”, „ადამიანები, რომლებიც გადიან მკურნალობას კორონავირუსის გამო”, “ადამიანები, რომლებიც არიან კორონავირუსისგან განკურნების პროცესში” და COVID19-სგან განთავისუფლების შემდგომ ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურებს, ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს.

3. თავი აარიდეთ იმგვარი ახალი ამბებისა თუ გადაცემების ყურებას, რომლებიც თქვენში შფოთვას ამძაფრებს. ინფორმაცია, ძირითადად, მოიძიეთ იმ მიზნით, რომ განახორციელოთ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი და თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების თავდაცვის თვალსაზრისით. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადი ვირუსის გავრცელებაზე ნებისმიერს შეაშფოთებს. გაამახვილეთ ყურადღება ფაქტებზე. შეაგროვეთ ინფორმაცია რეგულარული ინტერვალებით, ჯანმოს ვებგვერდიდან და სხვა ავტორიტეტული და სანდო პლატფორმებიდან - იმისთვის, რომ ფაქტები ჭორებისგან განასხვავოთ

4. თავი დაიცავით და სხვებსაც გაუფრთხილდით. სხვისი დახმარება ამგვარი კრიზისის დროს ეხმარება როგორც იმას, ვისაც ეხმარებიან, ასევე თავად დამხმარეს.

5. ეცადეთ, გააზიაროთ პოზიტიური ამბები (მაგალითად - გამოჯანმრთელების თაობაზე) და პოზიტიური იმიჯები ადგილობრივი ადამიანებისა, რომლებმაც გამოიარეს დაავადება და გამოჯანმრთელდნენ, ან მათი, ვინც თავის ახლობლებს თანადგომას უწევს.

6. აღნიშნეთ იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც ეხმარება დაინფიცირებულ ადამიანებს და ზრუნავს თემის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე.

ჯანდაცვის მუშაკებისთვის

7. ჯანდაცვის მუშაკები ამჟამად იღებენ ისეთ გამოცდილებას, რომელიც სტრესს იწვევს. ამიტომ, მოცემულ ვითარებაში აბსოლუტურად ნორმალურია იგრძნოთ სტრესი. სტრესი და მასთან დაკავშირებული შეგრძნებები/გრძნობები არ არის იმის მანიშნებელი, რომ თქვენ არ შეგიძლიათ საქმის კეთება, ან რომ სუსტი ხართ. პირიქით. საკუთარი სტრესის მართვა ასეთ დროს იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი ფიზიკური მდგომარეობის მართვა.

8. დაუკვირდით და შეეცადეთ, დაიკმაყოფილოთ თქვენი საბაზო საჭიროებები და გამოიყენოთ სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები: აუცილებლად მიეცით თავს დასვენების საშუალება - როგორც სამუშაო დღის მსვლელობაში, ასევე მორიგეობებს შორის ინტერვალში, იკვებეთ ჯანსაღად, იყავით ფიზიკურად აქტიური, იყავით კონტაქტში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. თავი აარიდეთ სტრესთან გამკლავების საზიანო სტრატეგიებს: თამბაქოს, ალკოჰოლს და სხვა ნარკოტიკებს. გრძელვადიანი პერსპექტივით ამას შეუძლია თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესება. ეს უნიკალური და უპრეცედენტო გამოცდილებაა ჯანდაცვის ბევრი მუშაკისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში თუ მათ არ აქვთ მსგავსი კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობის გამოცდილება. მიუხედავად ამისა, წარსულში გამოცდილი კონსტრუქციული გამკლავების სტრატეგიების გამოყენება ძალიან დაგეხმარებათ.


9. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა, გამოსცადოს ახლობლების, ოჯახის წევრების, მეზობლების მხრიდან თავის არიდების ქცევა - სტიგმისა და შიშის გამო. ამან, შესაძლოა, კიდევ უფრო დაგიმძიმოთ სტრესული გამოცდილება. თუ შესაძლებელია, იყავით კავშირში თქვენს საყვარელ ადამიანებთან დიგიტალური საშუალებების გამოყენებით. ასევე, ეძიეთ სოციალური მხარდაჭერა კოლეგების წრეში, თქვენს მენეჯერთან ან სხვა სანდო ადამიანებთან - თქვენი კოლეგები, შესაძლოა, იმავე სირთულეებს განიცდიან, რასაც თქვენ და ერთმანეთის მხარდაჭერა დაგეხმარებათ, უკეთ იგრძნოთ თავი.

10. განსაკუთრებული (ინტელექტუალური, შემეცნებითი, ფსიქოსოციალური) საჭიროებების მქონე ადამიანებთან კომუნიკაციისას ვირუსზე გამოიყენეთ მარტივი და გასაგები ენა. თუ ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხართ, არ შეიზღუდოთ თავი კომუნიკაციის მხოლოდ წერილობითი ფორმით.

ჯანმრთელობის დაცვის და სამკურნალო ორგანიზაციების მენეჯერებსა და ლიდერებს

11. შეეცადეთ, დაიცვათ თქვენი თანამშრომლები ქრონიკული სტრესისგან და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისგან - ამ შემთხვევაში ისინი უკეთ შეძლებენ თავისი მოვალეობების განხორციელებას.

12. უზრუნველყავით თქვენს თანამშრომლებთან კომუნიკაციის მაღალი ხარისხი და ინფორმაციის რეგულარული განახლება. გააკეთეთ მუშაკების როტაცია მუშაობის მაღალი სტრესისა და დაბალი სტრესის პირობების მონაცვლეობით. ნაკლები გამოცდილების თანამშრომლები ამუშავეთ პარტნიორობაში უფრო გამოცდილ კოლეგებთან. ორგანიზაციაში/გუნდში წაახალისეთ უერთიერთდახმარების კლიმატი - ეს უზრუნველყოფს მხარდაჭერას, ერთმანეთის სტრესის მონიტორინგსა და უსაფრთხოების პროცედურების დაცვას. ადამიანები, ვინც თემში გადიან სამუშაოდ, აუცილებლად უნდა მუშაობდნენ წყვილებში. წაახალისეთ, გაუწიეთ მონიტორინგი და თავად გააკეთეთ ინიცირება სამუშაო შესვენებებისა, საჭიროების მიხედვით. გააკეთეთ მოქნილი გრაფიკი იმ თანამშრომლებისთვის, ვინც უშუალოდ ექვემდებარება მასტრესირებელ მოვლენებს, ან ვისი ოჯახიც დაექვემდებარა ამგვარ მოვლენებს.

13. თუ გუნდის ან სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი ხართ - უზრუნველყავით ის, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვენს თანამშრომლებს ჰქონდეთ ფსიქოლოგიური და ფსიქოსოციალური მომსახურების მიღების შესაძლებლობა. მენეჯერებიცა და გუნდის ხელმძღვანელებიც სტრესორთა იმავე სისტემის ზემოქმედებას განიცდიან, რასაც მათი თანამშრომლები, და ზოგჯერ - გამომდინარე მაღალი პასუხისმგებლობიდან, კიდევ უფრო მეტს. ამიტომ, მნიშვენლოვანია, ერთი მხრივ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, და მეორე მხრივ - მენეჯერებმა პირადი მაგალითით უჩვენონ თანამშრომლებს სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები.

14. გაათვიცნობიერეთ პირველადი ემოციური და ფსიქოლოგიური დახმარების მეთოდებში და პრაქტიკულ ხერხებში მედპერსონალი, სასწრაფოს მძღოლები, მოხალისეები, მასწავლებლები, ისინი, ვინც შემთხვევებს ავლენენ და კარანტინის მუშაკები.

ბავშვებზე მზრუნველ პირთათვის (მშობლები, სხვა ოჯახის წევრები, ძიძები და ა.შ.)

15. დაეხმარეთ ბავშვებს, მონახონ პოზიტიური გზები (მაგ., ხატვის საშუალებით და სხვ.), რომ გამოხატონ შემაწუხებელი გრძნობები - მაგ., შიში და სევდა. თითოეულ ბავშვს გამოხატვის თავისი გზა აქვს. ზოგჯერ ამაში ეხმარება ისეთ შემოქმედებით აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა თამაში, ხატვა, და ა.შ. შემაწუხებელი გრძნობების გამოხატვა/კომუნიკაცია უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში ეხმარება ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს.

16. ამყოფეთ ბავშვები ახლოს თავის მშობლებთან და ოჯახთან, თუ ეს უსაფრთხოა ბავშვებისთვის და რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავი აარიდეთ ბავშვებისა და მათზე მზრუნველი ადამიანების (მშობლების, ძიძების და ა.შ.) დაცილებას. თუ აუცილებელი გახდა ბავშვის დაშორება მის ძირითად მზრუნველთან, მაშინ დარწმუნდით, რომ მას კარგ ალტერნატიულ ზრუნვას უწევენ და რომ სოციალური მუშაკი ან მისი ექვივალენტი რეგულარულად შეამოწმებს ბავშვის კეთილდღეობას. ამასთან, დაშორების პერიოდში, უზრუნველყავით ბავშვის რეგულარული კონტაქტი თავის ოჯახის წევრებთან/მზრუნველებთან - იქნება ეს დღეში ორჯერ სატელეფონო საუბარი, ან ვიდეოზარი თუ სხვა, ასაკისთვის შესაფერისი კომუნიკაციის ფორმატი (მაგ, სოციალური მედია).

17. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჩვეული რუტინა, განსაკუთრებით, თუ ბავშვი სახლშია იზოლირებული. ჩართეთ ბავშვი ასაკისთვის შესაფერის აქტივობებში. რამდენადაც შესაძლებელია, წაახალისეთ ბავშვი, ჰქონდეს ურთიერთობა და ითამაშოს სხვებთან - თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრებთან, თუ ოჯახი იზოლაციის მდგომარეობაშია.

18. სტრესისა და კრიზისის პერიოდში ბავშვებს მეტი ურთიერთობა სჭირდებათ და ისინი ითხოვენ კიდეც მშობლების ყურადღებას. განიხილეთ კორონავირუსი თქვენს შვილებთან გულწრფელად და მათი ასაკისთვის შესაბამისი ფორმით. თუ შეატყობთ, რომ ბავშვი წუხს, განიხილეთ მისი წუხილი ერთობლივად, ამან შესაძლოა, შეამსუბუქოს მისი მდგომარეობა. ბავშვები აკვირდებიან ზრდასრულთა ემოციებსა და ქცევას და მათგან სწავლობენ რეაგირებას და ემოციების მართვას განსაცდელის სიტუაციაში.

მათთვის, ვინც ხანდაზმულებზე ზრუნავს

19. ხანდაზმულებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც იზოლაციაში არიან ან, ვინც დემენციის მდგომარეობაშია, შესაძლოა, მეტად ინერვიულონ, მიიღონ სტრესი ან გაითიშონ ამგვარი კრიზისის/კარანტინის დროს. გაუწიეთ პრაქტიკული და ემოციური დახმარება არაფორმალური კავშირების (ოჯახის) და პროფესიონალების დახმარებით.

20. გაუზიარეთ მარტივი ფაქტები იმის თაობაზე, თუ რა ხდება და მკაფიო ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ინფიცირების რისკის დაქვეითება - ისეთი ფორმით, ადვილად გასაგები იყოს შემეცნებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოხუცებისთვისაც. რამდენჯერაც საჭირო იქნება, გაიმეორეთ ინფორმაცია. ინსტრუქციები უნდა იყოს არტიკულირებული მკაფიოდ, მოთმინებითა და პატივისცემის გამოხატვით. შესაძლოა დაგეხმაროთ ასევე, წერილობითი ფორმით, ან ნახატების სახით გამოხატვაც. ჩართეთ ოჯახის წევრები და სხვა დამხმარეები ინფორმაციით უზრუნველყოფის პროცესში და აგრეთვე, თავდაცვითი ქცევის გავარჯიშების მიზნით (მაგ., ხელების დაბანვის).

21. წაახალისეთ ხანდაზმულები (მაგ., კეთილდღეობაში მცხოვრები პენსიონრები), რომ მოხალისეობრივი აქტივობები ჩაატარონ თემში - დაეხმარონ თანატოლებს, გადამოწმონ მეზობლების მდგომარეობა, იზრუნონ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის შვილებზე და ა.შ.

მათთვის, ვინც იზოლაციაშია

22. დარჩით დაკავშირებული თქვენს სოციალურ ქსელებთან. იზოლაციაშიც კი შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ თქვენი პირადი ყოველდღიური ჩვეული რუტინა. თუ რეკომენდებულია, რომ ფიზიკური კონტაქტი შეზღუდოთ, რათა გადადების საფრთხე შემცირდეს, თქვენ შეგიძლიათ იყოთ დაკავშირებული სოციალური ქსელების, იმეილის, ვიდეო-კონფერენციებისა და ტელეფონის საშუალებით.

23. სტრესის დროს მიაქციეთ ყურადღება თქვენს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს. ჩაერთეთ ჯანსაღ აქტივობებში, რომელიც გსიამოვნებთ და მარელაქსირებელია. ივარჯიშეთ, შეინარჩუნეთ ძილის ჩვეული რუტინა, იკვებეთ ჯანსაღად. შეხედეთ მოვლენებს პერსპექტივაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოები და ექსპერტები ყველა ქვეყანაში მუშაობენ, რათა უზრუნველყონ საუკეთესო ზრუნვის ხელმისაწვდომობა მათთვის, ვინც ინფიცირებულია.

24. თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადმა ინფექციის გავრცელების შესახებ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აგრძნობინოს შფოთვა და დისტრესი. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დროის კონკრეტულ/გარკვეულ პერიოდებში ჯანდაცვის პროფესიონალებისგან და ჯანმოს ვებგვერდზე და თავი აარიდეთ ჭორების მოსმენას, რაც დისკომფორტს იწვევს.

შეიძლება დაინტერესდეთ

5 ყველაზე გავრცელებული სიმსივნე ბავშვებში - სიმპტომები, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ

5 ყველაზე გავრცელებული სიმსივნე ბავშვებში - სიმპტომები, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ

სიმსივნური დაავადებები, რომლებიც ბავშვებშია გავრცელებული, მნიშვნელოვნად განსხვავდება ზრდასრულებში გამოვლენილი სიმსივნური დაავადებებისგან. სამკურნალო საშუალებების ზრდის წყალობით, ბავშვების 80 %-ზე მეტი სიმსივნური დაავადების დადგენიდან ხუთი წლის განმავლობაში სიცოცხლეს ახერხებს. თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვების გარდაცვალების მიზეზებს შორის სიმსივნე მეორე ადგილს იკავებს, უპირველეს მიზეზად კი უბედური შემთხვევები რჩება.

ბავშვებში სიმსივნის პირველი ნიშნების ამოცნობა საკმაოდ რთულია, რადგან სხვა გავრცელებული დაავადებები ან თამაშისას მიღებული კანის დაზიანებები მნიშვნელოვან სიმპტომებს ფარავს. ჩვენს სტატიაში ბავშვებში ყველაზე გავრცელებულ სიმსივნურ დაავადებებს გაგაცნობთ და მათ გამაფრთხილებელ ნიშნებზეც გესაუბრებით.

1. მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია ბავშვებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. ბავშვებში გავრცელებული სიმსივნური დაავადებების 34 % სწორედ მწვავე ლიმფობლასტურ ლეიკემიაზე მოდის. როგორც წესი, ის ორიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება და უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. ის ძვლის ტვინიდან იწყება და შემდეგ სისხლში ვრცელდება. შესაძლოა, სიმსივნე სხვა ორგანოებზეც გავრცელდეს. ბავშვებში გამოვლენილი ლეიკემიის ყოველი სამი შემთხვევიდან ორი მწვავე ლიმფობლასტურ ლეიკემიაზე მოდის.

სიმპტომები, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ:

  • ძვლისა და სახსრების ტკივილი
  • დაღლილობა
  • სისუსტე
  • სისხლდენა
  • ტემპერატურის მატება
  • წონაში კლება

2. თავის ტვინის სიმსივნე

ბავშვებში გავრცელებული სიმსივნეების 27 % სწორედ თავის ტვინის სიმსივნეზე მოდის. თავის ტვინის სიმსივნე სხვადასხვა ფორმით გვხვდება და მათი მკურნალობის მეთოდებიც განსხვავებულია. ბავშვებში თავის ტვინის სიმსივნე ძირითადად ნათხემიდან იწყება.

სიმპტომები, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ:

  • თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • ბალანსის დარღვევა
  • მხედველობითი, სმენითი და ლაპარაკის პრობლემები
  • ხშირი პირღებინება

3. ნეირობლასტომა

ნეირობლასტომა ნერვის უმწიფარი უჯრედიდან ვითარდება. ის, როგორც წესი, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება და პატარებში გავრცელებული სიმსივნეების 7% სწორედ მასზე მოდის. ნეირობლასტომა უფრო ხშირად ბიჭებს ემართებათ, ვიდრე გოგონებს. დაავადებული ბავშვების მხოლოდ 1-2 %-ს აქვს სიმსივნის ოჯახური ისტორია.

სიმტპომები, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ:

  • სიარულის უნარის დარღვევები
  • ცვლილებები თვალების გარშემო (ქუთუთოების ჩამოწევა, შეშუპება, სიშავე)
  • სხეულის სხვადასხვა ზონაში ძლიერი ტკივილები
  • დიარეა
  • არტერიული წნევის მატება

4. თირკმლის ადენოსარკომა

თირკმლის ადენოსარკომა თირკმელში ვითარდება და უმეტესად მხოლოდ ერთ თირკმელზე გვხვდება. იშვიათ შემთხვევაში ის ორივე თირკმელზე ვრცელდება. როგორც წესი, ის 3-4 წლამდე ასაკის ბავშვებშია გავრცელებული, ექვსი წლის შემდეგ კი ძალიან იშვიათია. თირკმლის ადენოსარკომით დაავადებული 10 ბავშვიდან 9 იკურნება.

სიმპტომები, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ:

  • მუცლის ამოზნექილობა
  • ცხელება
  • ტკივილი
  • ღებინება
  • მადის დაქვეითება

5. ლიმფომა

ლიმფომა ლიმფოიდური ქსოვილის დაავადებაა. შესაძლოა, მან ძვლის ტვინიც დააზიანოს. იმის მიხედვით, თუ რომელ ზონებშია ლიმფომა გავრცელებული, მას სხვადასხვა სახის გამოვლინება ახასიათებს. ჰოჯკინის ლიმფომა ბავშვებში იშვიათად გვხვდება. ის უფროსებსა და ბავშვებში ერთგვარი მიმდინარეობით გამოირჩევა. არაჰოჯკინის ლიმფომა უფრო გავრცელებულია სამ წლამდე ასაკის ბავშვებში. ლიმფომას სწრაფი ზრდა ახასიათებს და დროული მკურნალობა ესაჭიროება. როგორც წესი, არაჰოჯკინის ლიმფომა ბავშვებში უფრო მეტად განკურნებადია, ვიდრე ზრდასრულებში.

სიმპტომები, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ:

  • ლიმფური კვანძების გადიდება
  • სისუსტე
  • წონაში კლება
  • ოფლიანობა
  • ცხელება

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს საეჭვო სიმპტომებსა და ნიშნებს ამჩნევთ, აუცილებლად მიაკითხეთ პედიატრს.

მომზადებულია ​roswellpark.org - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად