Baby Bag

„ორ წლამდე ასაკის ბავშვმა მულტფილმებს არ უნდა უყუროს,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი „იმედის დღეში“ ბავშვის ფსიქიკაზე ანიმაციური ფილმების ზეგავლენის შესახებ საუბრობს:

„მულტფილმები მაყურებელში ბევრნაირ ემოციას იწვევს. ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ საბავშვო ანიმაციურ ფილმებში იმაზე მეტი მთავარი პერსონაჟი იღუპება, ვიდრე ზრდასრულებისთვის განკუთვნილ დრამებში. როგორც ზღაპრებშია, როდესაც ბავშვს უკითხავენ, მან გარკვეული ტიპის ემოციები უნდა გაიაროს, ასევეა მულტფილმშიც. როდესაც პატარას დაჭერობანას ვეთამაშებით და ვეუბნებით: „მოვედი, მოვედი,“ ის შიშსაც განიცდის, თან უხარია, თან გიწვევს, რომ გაეკიდო, რადგან უნდა, რომ შეზავებული ემოციები ჰქონდეს. მულტფილმში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ემოცია. რა თქმა უნდა, მე როგორ გადავიტან ამას, ეს ჩემს ტემპერამენტზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ მშობელი იყოს გვერდით. როდესაც მე ვეღარ ვუყურებ ანიმაციურ ფილმს, ამ დროს ზრდასრულმა უნდა მკითხოს, რა მოხდა, რატომ შევწყვიტე ყურება? როდესაც ამ თემებს გავივლით, ეს მეხმარება, რომ რეალურ ცხოვრებაში რაღაცებს უფრო მარტივად გავუმკლავდე.“

მარიამ ხვადაგიანის თქმით, თანამედროვე ბავშვებს ძველი ქართული ანიმაციური ფილმები ნაკლებად იზიდავთ:

„ძველ ქართულ ანიმაციურ ფილმებს არ აქვს ის მკვეთრი ფერები, რომლებიც ახლა ბავშვებს იზიდავთ. ამას გარდა, ბავშვები ისეთ მულტფილმებს უყურებენ, რომლებსაც მათი თანატოლები ანიჭებენ უპირატესობას. როდესაც ბაღში მეგობარს ჰყავს რომელიმე საყვარელი პერსონაჟი, ბავშვს უჩნდება სურვილი, რომ მანაც ნახოს ის მულტფილმი, რომელსაც მისი მეგობარი უყურებს. ჩემი აზრით, ქართული მულტფილმი უფრო ნელა მიმდინარე პროცესია, მას აკლია ის დინამიკა, რომელიც თანამედროვე მულტფილმებს აქვთ.“

„ანიმაციური ფილმების ფერები მომხიბვლელია, ბავშვი ეკრანს ეჯაჭვება. მულტფილმის ყურებისას თავის ტვინის ნეირონების აღგზნება ხდება, პატარა ასაკის ბავშვის ტვინი არ არის მომწიფებული იმისთვის, რომ ასეთი ჭარბი დოზით აღგზნებას გაუძლოს. როდესაც პატარა ბავშვი მულტფილმს უყურებს, მას უჭირს დაძინება, დაძაბულია, მთელი სხეული ეჭიმება. ორ წლამდე ასაკის ბავშვი მულტფილმის სიუჟეტს ვერ იგებს. ის ანიმაციურ ფილმს აღიქვამს, როგორც ფერებს, ხმებს, კადრების ცვლილებას, მაგრამ შეუძლებელია, რომ მან დაიწყოს მულტფილმის ყურება და ბოლომდე მიჰყვეს,“ - აღნიშნავს მარიამ ხვადაგიანი.

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:

,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა. 

ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''

წყარო: ​,,ჯანმრთელობის ფორმულა''

წაიკითხეთ სრულად