,,ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ ინტელექტუალური თამაშები არის სარგებლობის მომტანი, სინამდვილეში ყველაფერი სასარგებლოა, რაც კონტაქტს და ენერგიის კონსტრუქციულ ხარჯვას გულისხმობს"
უბიძგებს თუ არა აგრესიისკენ ვიდეო თამაშები, რა ზეგავლენას ახდენს გონებაზე, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ შეთხვევაში - MomsEdu.ge-ს ამ და სხვა კითხვებზე NLP Coach მასტერმა, Enneagrama პრაქტიკოსმა, საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაციის PR-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ფსიქოლოგიური ინტერნეტჟურნალის დამფუძნებელმა ილია ნიკაჭაძემ უპასუხა.
- პირველ რიგში, უბიძგებს თუ არა აგესიისკენ ძალადობრივი ვიდეო თამაშები ადამიანს?
- ჩვენზე მოქმედებს ყველაფერი, რასაც გარშემო ვხედავთ. ჩვენი ტვინი აღიქვამს და ინახავს სურათებს, რომელიც ვიდეო თამაშებით ან რაიმე სხვა სახით შემოვიდა ჩვენში. როდესაც ვირტუალურად ვხედავ აგრესიას, ჩვენში შემოდის აგრესია. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ჩვენში აგრესია ისედაც არის, მაგრამ მას ინსტრუმენტული სახე აქვს, რაც ნიშნავს რომ მას კონსტრუქციულად ვიყენებთ. აგრესიული ვიდეო თამაშები კი მას არაკონსტრუქციულ მიმართულებას აძლევს, რადგან თავად ამ თამაშებში ადამიანს არაკონსტრუქციული სახე აქვს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ გარკვეული ზომები უნდა მიიღოს?
- როდესაც მშობელი ხედავს რომ ბავშვი დამოკიდებული გახდა ვიდეო თამაშებზე, მას არ შეუძლია ამ თამაშების გარეშე ყოფნა, საჭირო ხდება მშობლის ჩარევა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს არ ჰქონდეს მიჯაჭვულობა ვიდეო თამაშებისადმი.
- რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს ბავშვი და რა პრობლემები წარმოიშობა ასეთ დროს?
- ვიდეო თამაშების ხშირი გამოყენების შედეგი შეიძლება იყოს აგრესიის დონის ზომაზე მეტად ზრდა. ამ დროს ბავშვი კონფლიქტური ხდება კლასელების, მეგობრების და ოჯახის წევრების მიმართ. კონფლიქტი შეიძლება სიტყვიერი სახით გამოიხატოს, ხშირია ხოლმე ფიზიკური დაპირისპირებებიც. ვიდეო თამაშების გამოყენება აქვეითებს კინესტეტიკურ შეგრძნებებს (ინფორმაცია ჩვენი სხეულისა და მისი ნაწილების მოძრაობისა და მდგომარეობის შესახებ). იკარგება საკუთარი სურვილებისა და გარემოს ადეკვატური აღქმა. ეს თავად თამაშის პროცესშიც ადვილად შესამჩნევია, ადამიანი სრულიად წყდება რეალობას. როდესაც „გარემოს მოწყვეტა“ ხშირად მეორდება, ხდება მისი ფიქსაცია და ეს ნორმად იქცევა ხოლმე.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ხვდება, რომ ცუდ ზეგავლენას ახდენს თამაში ბავშვზე?
- მშობელმა უნდა შესთავაზოს ჯანსაღი ალტერნატივა ბავშვს, რაც გულისხმობს ისეთ თამაშებს, რომლებშიც კინესტეტიკა აქტიურად მონაწილეობს. ბავშვს იზიდავს ყველაფერი საინტერესო, როცა ის გრძნობს რომ მშობელთან ერთად დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვს, ის ამას სიამოვნებით გააკეთებს. ეს ეხება მათ შორის „აგრესიულ თამაშებსაც“, მათი რეალურად გაცოცხლება ნაკლები ზიანის მომტანია და ხშირ შემთხევაში სასარგებლოც. მაგალითად, თუ ვატყობთ, რომ ბავშვს აქვს მიდრეკილება აგრესიული თამაშებისკენ, შეგვიძლია ვეჭიდავოთ, ან ვატაროთ კრივზე, ვეთამაშოთ რაგბი. ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ ინტელექტუალური თამაშები არის სარგებლობის მომტანი, სინამდვილეში ყველაფერი სასარგებლოა, რაც კონტაქტს და ენერგიის კონსტრუქციულ ხარჯვას გულისხმობს.
- დასაშვებია თუ არა სრულიად აეკრძალოს მას თამაში ან რამდენია სათამაშოდ რეკომენდებული დრო?
- რა დონით უნდა მოხდეს ვირტუალურიდან ბავშვის რეალობაში გადმოყვანა, ეს მშობელმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს. მთავარი აქ არის სისტემურობა, რაც გულისხმობს არჩეული სტრატეგიის ბოლომდე მიყოლას. მაგალითად, თუ ნელ-ნელა გადაჩვევა გადაწყვიტა მშობელმა, ამ მეთოდს უნდა მიჰყვეს ბოლომდე, რომ ბავშვში გაუგებრობის შეგრძნება არ აღძრას.
,,ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია''
სიცილისა და დაცინვის თემაზე ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ პირველი არხის გადაცემაში ,,დღის კოდი'' ისაუბრა.
,,სიცილის წარმომავლობაზე დიდი კამათი იყო, ბევრ ადამიანს „უმტვრევია“ თავი. ითვლებოდა რომ სიცილსა და იუმორზე მონოპოლია ადამიანს აქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს აღმოაჩინეს, რომ მთლად ასე არ არის. უმაღლეს მაიმუნებში - შიმპანზეს, ორანგუტანგს, გორილას აქვთ იუმორის მსგავსი რამ, იცინიან ღიტინის დროს, სპეციფიკურ გამომეტყველებას ღებულობენ უწმაწურ ქმედებებზე, რომელსაც თვითონვე აკეთებენ და უხარიათ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ იუმორმა ფორმირება განიცადა და ბევრი მოსაზრება არსებობს თუ რატომ განვითარდა. პირველი, ეს არის სტრესის მოსახსნელი საშუალება და მეორე, ფლირტი. იუმორის მქონე ადამიანები, განსაკუთრებით მამაკაცები, წარმატებით სარგებლობენ საწინააღმდეგო სქესთან.''
გაგა ნიჟარაძის თქმით, ითვლება, რომ ადამიანს იუმორი უჩნდება პირველი წლის ბოლოდან. როდესაც ერთი წლის ბიჭი ან გოგო ხედავს, რომ დედამისი მის საწოვარიან ბოთლს იღებს და ვითომ სვამს, ამაზე ეღიმება. ესე იგი, ის ხედავს შეუსაბამობას, შეუსაბამობა კი აუცილებელი ნიშანია იუმორისა. ერთი ფრანგი ფსიქოლოგი აღწერს შესანიშნავ ამბავს. ზაფხულის დილაა, ის ზის თავის ოთახში და შემოდის მისი პატარა შვილიშვილი, სამი წლის გოგო. მიდის და ეუბნება- „ბაბუ, საღამომშვიდობისა“ (ამ დროს დილაა) და ამაზე ბავშვი იცინის. ეს არის დიდი ნაბიჯი ადამიანის განვითარებაში, როდესაც ის ხვდება, რომ შეუძლია გადატრიალების შექმნა სამყაროში, თავისი სიტყვით. ანუ, შეუძლია თქვას დილით - საღამომშვიდობის და ამით არ დაინგრევა ქვეყანა.
,,როდესაც ადამიანი ცუდ მდგომარეობაშია და ამ დროს, იუმორს არ კარგავს, ეს მის თავისუფლებაზე მეტყველებს. ცნობილ პოეტს, ფრანცუა ვიიონს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და მან სიკვდილის წინ დაწერა - „რას იწონის ჩემი ტანი, ხვალ ჩემი კისერი გაიგებს“- ამას რომ დაწერ სიკვდილის წინ დიდი შინაგანი თავისუფლების მატარებელი უნდა იყო.''
როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, იუმორის გრძნობა არის ინდივიდუალური. სად გადის ზღვარი არ ვიცი, ვიღაცას აქვს, ვიღაცას არა. აი მაგალითად, მე წამიკითხავს ნაწარმოები, რომელიც თურმე იუმორისტულად არის დაწერილი, მაგრამ ვერ მივხვდი, გერმანული იუმორია ასეთი. ასევე, ეთნიკური იუმორიც თავისებურია, ის რაც ერთ ადგილას სასაცილოა, მეორეგან სრულიად შეუსაბამოა.
,,ხშირად, იუმორი არის თავდაცვის საშუალება. აი, ახლა მე რომ ჩამოვვარდე ამ სკამიდან, შევეცდები გავიცინო, რადგან ამ მარცხის გადაფარვას იუმორით შევძლებ. მაგალითად, საშუალო ასაკის მასწავლებელი, რომელიც მარტოა სახლში და დაჯდომის დროს ჩაუტყდა სკამი, არაფერს იტყვის, შეიძლება ქმარი მოიხსენიოს, რატომ არ იყიდა სკამიო და ა.შ. ის არ ეცდება იუმორი შემოიტანოს მოქმედებაში. ასევე იქნება პირველ კლასელებთან, რადგან ამ ბავშვების წინ ეს მარცხი მის თვითშფასებას ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ თუ იგივე მოხდა თანამშრომლების თანდასწრებით, მაშინვე დაიწყებს სიცილს,'' - დასძინა გაგა ნიჟარაძემ.
რამდენად შეიძლება დაცინვა იყოს მსუბუქი?
,,თუ რომის პაპს დასცინებ - ერთია და თუ შენს მეგობარს - მეორე. ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია. თუ პრობლემა იუმორში გადაჰყავს ქმარს, ცოლი ამას ვერ გაუგებს. ასე რომ, იუმორს თავისი ადგილი აქვს.
ასევე, არსებობს შავი იუმორი, როდესაც ვიცინით ისეთ რამეზე, რაზეც არ უნდა ვიცინოდეთ. შავი იუმორის განსაზღვრებაა ასეთი, რომ ის ჰგავს ფეხებს, ზოგს აქვს, ზოგს არა. ცნობილია, რომ შავკანიანები, შავკანიანების შესახებ ანეგდოტებზე არანაკლებად იცინიან, ვიდრე თეთრკანიანები. ეს იმის მაჩვენებელია რომ ორ ერს შორის გარკვეული დაძაბულობა არსებობს, მაგრამ სერიოზული არა. აი, ოსური ანეგდოტები იმ დღეს მოისპო, როდესაც ცხელ ფაზაში გადავიდა ქართულ-ოსური ურთიერთობები.
ბატონი ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ ანეგდოტის სამი ძირითადი თემა არსებობს: სექსი, ტუალეტი და პოლიტიკა. დიდი ხანია აღარ გამიგია პოლიტიკაზე ანეგდოტები (როგორც ორთქლის გამოშვების საშუალება), რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს რომ არ ვართ ისე ცუდად, რომ ეს დაგვჭირდეს. ადამიანს, რომელსაც თვითონ უფლებები დათრგუნული აქვს და არ არის კარგად, ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გამოჰყავს ისე, როგორც იდიოტი.''
,,ინტერნეტის დიდი ჭია არ ვარ და კარგად არ ვიცნობ ამ სამყაროს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც პასუხისმგებლობა მოხსნილია (ანონიმურობიდან გამომდინარე), ადამიანი აკეთებს უფრო უარყოფითს, ვიდრე მაშინ როდესაც ეშინია რომ გამოიჭერენ.''