Baby Bag

მშობელი - ,,მწვრთნელი" თუ ,,მეგობარი"? - ,,გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ბავშვის მშობელი და არა მეგობარი''

მშობელი - ,,მწვრთნელი" თუ ,,მეგობარი"? - ,,გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ბავშვის მშობელი და არა მეგობარი''
რა პერიოდს მოიცავს გარდატეხის ასაკი, რატომ არის სტრესული, რა პრობლემებს აწყდება მშობელი და როგორ უნდა გაუმკლავდეს? - ​MomsEdu.ge-ს ამ და სხვა კითხვებს ფსიქოლოგმა მარიტა მერკვილაძემ უპასუხა. 


- პირველ რიგში რომ განვმარტოთ, რა პერიოდს მოიცავს გარდატეხის ასაკის კრიზისი, როდის იწყება, როდის მთავრდება?
- მოზარდობა მოიცავს პერიოდს 10-11 წლიდან 16-19 წლამდე და იყოფა უმცროსი და უფროსი მოზარდობის პერიოდებად. უმცროსი მოზარდობა მოიცავს პერიოდს 10-11 წლიდან 15 წლამდე, უფროსი მოზარდობა კი - 15 წლიდან 19 წლამდე.
მოზარდობის ხანა არის პერიოდი ბავშვობასა და მოწიფულობას შორის. მისი ხანგრძლივობა თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო იზრდება, ვინაიდან მოწიფულობის მიღწევამდე ძალიან ბევრი ცოდნა და უნარ-ჩვევებია დასაუფლებელი. დღეს ფიზიკური მოწიფულობა ცოტა უფრო ადრე იწყება, ვიდრე 10-11 წელია და სრულდება უფრო გვიან, გარდატეხის ასაკი დიდხანს გრძელდება
- რატომ არის გარდატეხის ასაკი სტრესული პერიოდი მოზარდისთვის?
- გარდამავალ ასაკში მოზარდის ორგანიზმში ძირითადი ცვლილებები მიმდინარეობს: იწყება ფიზიკური განვითარების ახალი ეტაპი, დგება სქესობრივი მომწიფების პერიოდი. ორგანიზმში მიმდინარე ყველა ცვლილებას მართავს ჰორმონები. ამ პერიოდში მკვეთრად მატულობს როგორც ზრდის, ისე სასქესო ჰორმონების გამომუშავება და იწყება სქესობრივი მომწიფება. რაც შეეხება ნერვულ სისტემას, გარდამავალ ასაკში აღგზნებისა და შეკავების პროცესები არ არის გაწონასწორებული. აღგზნება მნიშვნელოვნად სჭარბობს შეკავებას.
ხშირად ოჯახსა და სკოლაში - მშობლები, მასწავლებლები არ ითვალისწინებენ მოზარდობის ასაკისგან გამოწვეულ ხასიათის თავისებურებებს, ის კი განიცდის გაღიზიანებას, დეპრესიას, ტანჯვასა და პროტესტის გრძნობას. 
მოზარდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა - „ვინ ვარ მე?". თვითშემეცნება მოზარდის ერთ-ერთი წამყვანი შემეცნებითი ინტერესია. ამიტომ გამოცდის სხვადასხვა როლს, მათ შორის ნეგატიურს და მიუღებელსაც.
- როგორია კრიზისული ასაკის გამოხატულება გოგონებსა და ბიჭებში, რომელ სქესში უფრო მწვავეა?
- 9-10 წლამდე ბიჭებისა და გოგონების ორგანიზმის განვითარება ერთნაირად მიმდინარეობს, მაგრამ 10 წლის შემდეგ გოგონები უფრო ინტენსიურად იზრდებიან და სიმაღლეში ასწრებენ ბიჭებს. სქესობრივი მომწიფების პროცესის დასრულების შემდეგ, გოგონების სიმაღლეში ზრდის ტემპი იკლებს, ხოლო ბიჭებისა - 18-20 წლამდე გრძელდება. 

როგორც ირკვევა, არც მოზარდთა ემოციური გაუწონასწორებლობა და არც უფროსებთან კონფლიქტი არ წარმოადგენს განვითარების აუცილებელ ატრიბუტს. მოზარდთა დიდი ნაწილი მოზრდილებთან მშვიდობიან და კეთილგანწყობილ ურთიერთობას ინარჩუნებს. 

თუკი მოზარდმა იცის იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც მის სხეულსა და ფსიქიკაში მიმდინარეობას, მისთვის უფრო ადვილია ამ ყველაფრის გადალახვა.
ბიჭების ნაადრევი სქესობრივი მომწიფება მათ თავდაჯერებულობას უწყობს ხელს, გოგონები კი, პირიქით, თავს უხერხულად გრძნობენ.
არსებობს სტერეოტიპი, რომ ბიჭები მეტად აგრესიულები არიან მოზარდობის პერიოდში და გოგონები კი ჩაკეტილები და დეპრესიულები. თუმცა ეს ყველაფერი მშობელზეა დამოკიდებული და არა სქესზე.
- მშობელი - ,,მწვრთნელი" თუ ,,მეგობარი"?
- გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ბავშვის მშობელი და არა მეგობარი. მოზარდთან უკონფლიქტო, გულღია და ახლო ურთიერთობა არ გულისხმობს მასთან მეგობრობას. მოზარდზე ზეწოლა, ჩხუბი და მუქარა ყველაზე გამოუსადეგარი სტრატეგიაა, რადგან სრულიად საპირისპირო შედეგი მოაქვს. თქვენი შვილი კიდევ უფრო იკეტება და გშორდებათ, უფრო დაუმორჩილებელი და ჯიუტი ხდება;
მოუსმინეთ თქვენ შვილს, არ მოიმიზეზოთ თქვენი საქმეები და მხოლოდ ჭკუის დარიგებით ნუ შემოიფარგლებით, ამის ნაცვლად, ეცადეთ რამდენიმე ალტერნატივა განიხილოთ და წაახალისოთ არჩევანი თვითონ გააკეთოს, როგორ ჯობს მოქცევა. ამ დროს მოზარდისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებას თვითონ იღებს.
თქვენ აღარ ხართ ბავშვისთვის უპირობო ავტორიტეტი, ამიტომ მოგიწევთ მასთან დისკუსია კონკრეტულ საკითხებზე.
მნიშვნელოვანია ასწავლოთ რა არის მისი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. თუ მოზარდი თავის მოვალეობებს შეასრულებს, არ დაიშუროთ შექება და თქვენი დადებითი შეფასება;
გამონახეთ დრო, როდესაც მაკონტროლებელი ფრაზების ნაცვლად უბრალოდ დაელაპარაკებით თქვენს შვილს ცხოვრებაზე, თქვენს გამოცდილებასა და შეცდომებზე, მის ემოციებზე - რას გრძნობს და რას განიცდის. ეს შეიძლება, იყოს სულ 20-30 წუთი დღეში;
მიუხედავად მოზარდის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვისა და მშობლებისგან გაუცხოებისა, მისთვის მაინც მნიშვნელოვანია ოჯახური ერთობლივი ხალისიანი და თბილი საღამოები, ოჯახური სადილი ან გასეირნება, მეგობარ ოჯახებთან ერთობლივი ღონისძიებები. ეს თავდაჯერებას და უსაფრთხოების განცდას უძლიერებს, ხელს უწყობს მის უფროსებთან კომუნიკაციას, ამცირებს წინააღმდეგობას და დაპირისპირებას.
ბავშვები იწყებენ პიროვნული დამოუკიდებლობის სურვილის გამოვლენას, თუმცა ემოციურად ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი მშობლებზე. სწორედ უსაფრთხო, მზრუნველ გარემოში არის შესაძლებელი დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბება.
- როგორ ფიქრობთ, აუცილებელია ამ ასაკში თავისუფლება მივცეთ მოზარდებს, რადგან ეს მომავალში მათ პიროვნებაზე ცუდად არ აისახოს?
- მშობელთა ჰიპერმზრუნველობის შედეგად იზრდება ინფანტილური პიროვნება, რომელსაც უჭირს დამოუკიდებლად ცხოვრება, საკუთარი თავის მოვლა და საკვანძო საკითხების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. გარდამავალი ასაკის მთავარ სირთულედ მიიჩნევენ კონფლიქტს მშობლებთან და სხვა უფროსებთან, რომლებიც მოზარდთა დამოუკიდებლობისა და ავტონომიისკენ სწრაფვას ეწინააღმდეგებიან. მოზარდის ემოციები არამდგრადია და დამოკიდებულია მის ფიზიკურ მდგომარეობაზე. ხშირად ის მკვეთრად რეაგირებს გარკვეულ სიტუაციაზე - ხმამაღლა ყვირის, იცინის ან უმიზეზოდ ტირის.
სრული თავისუფლება არც მოზარდებისთვის არის ხელსაყრელი, რადგან მათ აფრთხობთ ის პასუხისმგებლობა, რაც თან ახლავს დამოუკიდებლობას. უფრო სწორი იქნება, თუ ავტონომიას განვიხილავთ, როგორც თვითრეგულაციას. ამ თვალსაზრისით, დამოუკიდებლობა გულისხმობს საკუთარი დასკვნების გაკეთებასა და საკუთარი ქცევი რეგულაციას.
მართალია, მოზარდი არ იღებს „ბრძანებებს“, მაგრამ ამავე დროს გახსნილია სხვისი აზრის მოსასმენად. მას სურს, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. მოზარდს სურს, რომ იყოს წარმატებული გარკვეულ საქმიანობაში, რომელიც მისთვის საინტერესოა. თუკი ამას ვერ ახერხებს, მას შეიძლება განუვითარდეს არასრულფასოვნების კომპლექსი.
- რა პრობლემებს აწყდება მშობელი და როგორ უნდა გაუმკლავდეს, რისგან უნდა დავიცვათ მოზარდი?
- იმპულსურობისკენ მიდრეკილების, ახლის შეცნობის სურვილის, საკუთარი იდენტობის ძიებისა და გამოცდის გამო მოზარდს რისკის შემცველი ქცევების განხორციელების დიდი ალბათობა აქვს. ეს შეიძლება იყოს ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკული ნივთიერებები, ადრეული სქესობრივი ცხოვრება, აზარტული თამაშები.
კვლევებით დასტურდება, რომ მშობლების დამოკიდებულება სარისკო ქცევების მიმართ, შვილებისადმი მათი ყურადღება, მიმღებლობა და გულდასმით მოსმენა ეხმარება მოზარდებს საკუთარ თავში გარკვევასა და სოციალურად მისაღები ქცევის არჩევაში.
რაც უფრო მაღალი შფოთვა აქვს მოზარდს, რაც უფრო მეტად არის უკმაყოფილო საკუთარი თავით, რაც უფრო ნაკლები ურთიერთობა აქვს მშობლებთან, რაც უფრო ნაკლებად აქცევენ ყურადღებას მის ემოციებს და აზრებს, ნაკლებად უსმენენ და მსჯელობენ მასთან, მით უფრო მეტია მის მიერ სარისკო ქცევების განხორციელების ალბათობა.
მშობლის იდეალისა და ავტორიტეტის მსხვრევა - მშობელთან კონტაქტის შესუსტება, მისთვის თავის არიდება, მუდმივი კამათი, გულჩათხრობილობა, დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ სწრაფვა, მშობლის აზრისა და პოზიციის გაუფასურება;
გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილება - ჰორმონული დისბალანსის გამო მოზარდს სწრაფად და მკვეთრად ეცვლება განწყობა, აქვს არასტაბილური ემოციური ფონი, მუდამ განიცდის მისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და ამავე დროს დარწმუნებულია, რომ “მისი არავის ესმის”, განსაკუთრებით – უფროსებს;
ხშირად უფროსები განგაშს ტეხენ და ნეგატიურად განეწყობიან მოზარდის მიმართ, თუ დაინახეს, რომ ის ატარებს პირსინგს, არატრადიციულ ვარცხნილობას, მაკიაჟს, უცნაურად იცვამს ეს ყოველთვის არ მიუთითებს სერიოზულ პრობლემაზე, თუმცა, სიტუაციაში დროული გარკვევითა და სწორი ანალიზით მრავალი თავსატეხის თავიდან აცილება შეიძლება.
მშობლებმა ყოველდღე უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: ,,რამდენად სარისკოდ იქცევა ჩვენი შვილი?” , თუ ქცევა (რომელიც მშობლებს შესაძლოა არც ესმოდეთ და არც მოსწონდეთ) ხანგრძლივ გავლენას არ მოახდენს მოზარდის კეთილდღეობაზე, ახალგაზრდას უნდა მიეცეს მისი განხორციელების საშუალება. მაგალითად, სჯობს თავად წყვეტდეს, რა სტილის მუსიკას მოუსმინოს, როგორ გაატაროს თავისუფალი დრო – მეგობართან თუ საკუთარ ოთახში, მოკლედ შეჭრილი თმა ატაროს თუ გრძელი... ამ არჩევანის გაკეთებით ახალგაზრდა სწავლობს დამოუკიდებლობას, გამოიმუშავებს გემოვნებას და საკუთარ სტილს, პასუხისმგებლობას იღებს თავის გადაწყვეტილებებზე. მეორე მხრივ, აუცილებელია თანმიმდევრულობა იმ ქცევის აღსაკვეთად, რომელსაც შესაძლოა გრძელვადიანი უარყოფითი შედეგი მოჰყვეს: დისკუსია ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების შესახებ, შინ დაბრუნების დროის შეთანხმება, სხვადასხვა საკვანძო საკითხის თაობაზე მშობლების ინფორმირება.
- როდესაც მოზარდს უნდა ღამით წავიდეს მეგობრებთან ერთად გასართობად, რას ურჩევთ მშობლებს, როგორ უნდა მოაგვარონ ეს საკითხი კონფლიქტის გარეშე?
- ენდეთ მას, მიეცით კონკრეტული ინფორმაცია გარეთ საზოგადოებაში და მის თანატოლებში არსებული საფრთხეების შესახებ. სთხოვეთ, იყოს ყურადღებით და დაუწესეთ გარკვეული დროის ლიმიტი. ასევე, ნუ შეაწუხებთ მას კონტროლით, თუ შეგიძლიათ მისი კონტროლი, გააკონტროლეთ ისე, რომ მან ამას ვერ მიხვდეს.
- გარდატეხის ასაკში მოზარდები ძიების პროცესში არიან და ეს ხშირად მშობლებისთვის გამაღიზიანებელი ხდება, უნდა მისცენ თუ არა ექპერიმენტების შესაძლებლობა?
- მოითმინეთ გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდის უცნაური ახირებები, თუკი ამით სხვას არ აწუხებენ ან უშლიან ხელს. ნუ გააკრიტიკებთ მკაცრად მათ ჩაცმულობას თუ ვარცხნილობას. ხელი შეუწყვეთ მათ სწრაფვას სრულყოფისკენ.
„იზომებენ“, „ირგებენ“, „ცდიან“ სხვადასხვა როლს, ამიტომ გამოყავით როლი პიროვნებისგან - გააკრიტიკეთ ქცევა, და არა ადამიანი.
ყურადღება მიაქციეთ მოულოდნელ ცვლილებებს (უხასიათობა, გაღიზიანება, ყურადღების კონცენტრაციის მოდუნება, მუდმივი დაღლილობა ან ზედმეტი ენერგიულობა) ქცევაში, რომლებიც შეიძლება პრობლემებზე მიუთითებდეს. დაეხმარეთ მოზარდებს პოზიტიური თვითშეფასების ფორმირებაში.

ყურადღება გაამახვილეთ მათ ნიჭსა და უნარებზე. დააფასეთ მათი მცდელობები და მიღწევები.

ესაუბრა მაკა ქაფიანიძე 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედ​ები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი მტრად გაზარდეო, რომ ამბობენ, ასე გაზრდილი ბავშვი ამ უხეშ ფორმებს რომ მიიღებს, რას დაგვიბრუნებს მერე, იმავეს, არა?!“ - შალვა ამონაშვილი

„ბავშვი მტრად გაზარდეო, რომ ამბობენ, ასე გაზრდილი ბავშვი ამ უხეშ ფორმებს რომ მიიღებს, რას დაგვიბრუნებს მერე, იმავეს, არა?!“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის სწორი აღზრდის პრინციპებსა და მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში მშობლის შეუცვლელ როლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობლებს ბავშვის აღზრდაზე დიდი საქმე ამქვეყნად არ აქვთ:

„იმაზე დიდი საქმე, რაც ბავშვის აღზრდაა, მგონი, ჩვენ ამქვეყანაზე არ გვაქვს. ბავშვს როდესაც ვზრდით, გულს ვდებთ მასში, სიყვარულს ვდებთ, ჩვენს გამოცდილებას, ცოდნას, მონდომებას. თუკი რამე გვაქვს, მისთვის გვინდა ხოლმე, რომ გავიღოთ, არამარტო სულიერი, არამედ მატერიალურიც. თუ ქვეყანას კარგ ბავშვს გაუზრდი, ბედნიერი დედა ხარ მაშინ. „დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო,“ - ​ეს სწორედ ჩვენი, მშობლების ღირსებაზე მიუთითებს. ამრიგად ბევრი უნდა ვიფიქროთ ბავშვების აღზრდაზე, რა გვინდა მათგან, რა გვინდა გამოვიყვანოთ ისინი. რაც მთავარია კაცად კაციო, როგორც ილია იტყოდა ხოლმე.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვთან ერთად მაგიდაზე ჯდომისას, მას თანასწორად უნდა აღვიქვამდეთ და მასთან სერიოზული საუბარი უნდა შეგვეძლოს:

„ბავშვები ხშირად გვიერთდებიან მაგიდასთან, სუფრასთან. ხანდახან ჩვენც ვიწვევთ ხოლმე. ქართული სუფრა, თუ წესებით წარიმართება, აღმზრდელობითია. ხშირად ჩვენ ვარღვევთ ხოლმე ამ წესებს და ღრეობაში გადადის ხოლმე სუფრა. თუ მაგიდა კეთილშობილურია, ადამიანები საუბრობენ, ცხოვრების ამბებს ეხებიან, რაღაც სიბრძნეზე ლაპარაკობენ, წარსულს იხსენებენ, მომავალს გეგმავენ, არ გაგვიკვირდეს, რომ აქ შემოგვიერთდეს ექვსი წლის ბავშვი და რაღაც თავისი კითხვა დასვას. ჩვენ პრინციპი გვაქვს, რომ ბავშვი უნდა მივიღოთ, როგორც თანატოლი. თუ ის სუფრაზე მოიწვიეთ, მაგიდის წევრია. რატომ გინდათ ის მეორეხარისხოვნად მიიჩნიოთ?! ბავშვს უნდა თქვენი ტოლი იყოს. ზოგჯერ ბავშვი ისეთ კითხვას დაგვიყენებს, ჩიხში მოგვაქცევს ხოლმე. ამან არ უნდა გაგვაბრაზოს ჩვენ. მადლობა უნდა ვუთხრათ ბავშვს, სერიოზულად დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, ვუპასუხოთ . ​ახლანდელი ბავშვები არ გეგონოს 30-50-60-იანი წლების ბავშვები. ისინი სხვა ბავშვები არიან. მათ თავიანთი სხვანაირი გონებრივი აქტივობა, სითამამე აქვთ, ნუ წაართმევთ ამ სითამამეს. “

შალვა ამონაშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვის მხრიდან მიუღებელი ქცევის გამოვლენის შემთხვევაში, მშობელი მას უნდა გაესაუბროს, რათა მიღებული წესების შესახებ სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს:

„თუ რაღაც უზრდელობა მოხდება ბავშვის მხრიდან, საღამოს მშობელმა უნდა უჩურჩულოს: „შვილო, იქნებ სხვა დროს მაგიდასთან ასე მოიქცე. ჩვენი მაგიდის წესი ასეთია და ისეთია.“ ბავშვი, ალბათ, ამას გამოასწორებს. თუ ბავშვი მაგიდასთან მოიწვიეთ, ის ამ მაგიდის წევრია. იმან მარტო კი არ უნდა გისმინოთ პირდაღებულმა, ის გისმენთ, თქვენთან ერთად აზროვნებს, თავის დონეზე თავისი კითხვები უჩნდება. ​ძალიან სერიოზულად უნდა მოუსმინოს ბავშვს სტუმარმაც და მშობელმაც. ასეთია ჰუმანური პედაგოგიკა. ავტორიტარული იტყოდა, აბა ახლა აქედან აიბარგე, ვინ გეკითხება შენ ამდენს რომ ლაპარაკობო. ბავშვიც აიბარგებოდა, წავიდოდა. ეს არის ბავშვი მტრად გაზარდეო, რომ ამბობენ. ასე გაზრდილი ბავშვი ამ უხეშ ფორმებს რომ მიიღებს, რას დაგვიბრუნებს მერე, იმავეს, არა?!“

შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია სიტყვა „დასჯა“ აღზრდის მთავარ ცნებად აღარ გამოიყენონ:

„მშობლებს ვურჩევ, რომ ​სიტყვა „დასჯა“ არ გაიხადონ, როგორც აღზრდის მთავარი ცნება. გამოაგდეთ ეს ყველაფერი. დასჯა კი არ უნდა, წახალისება უნდა ბავშვს. ეს უფრო ვიფიქროთ, როგორ მივიყვანოთ ბავშვი რაღაცის გაგებამდე. ამაზე მეტი ვიფიქროთ, რომ კარგი პედაგოგიკა მოვნახოთ, თორემ დასჯის პედაგოგიკის გამონახვას დიდი ძებნა არ უნდა. შედეგებიც ძალიან ნაკლები აქვს ამას. გვეშინია, რომ თუ ბავშვი სიკეთეში გავზარდეთ და მოხვდება ბოროტებაში, ხომ არ დამარცხდება. თეორიულად დავუშვათ, რომ ბავშვი მოხვდება გარემოში, სადაც ბევრი ბოროტებაა, იმან ფეხი წამოკრა რაღაცას, გული ეტკინა. აქედან ის დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ჩვენ ეს უკვე ოჯახში უნდა ვუჩვენოთ ბავშვს?! ღალატი უნდა ვუჩვენოთ, ორპირობა, ძალადობა და უხეშობა, რომ ამ გამოცდილებით გაუძლებს ბაზარსაც და ქუჩასაც?! ჩვენი აღმზრდელობითი ამოცანაა, მივცეთ ბავშვს ყველაფერი საუკეთესო. ნათქვამია: ჩაიდინე სიკეთე და მოხდეს, რაც მოხდებაო. ჩვენ უნდა მივცეთ ბავშვს სიყვარული სუფთა, დანდობა სუფთა, შენდობა გულწრფელი. ყველაფერი უნდა მივცეთ რაც შეიძლება დახვეწილი. თუ ამას მივცემთ, ეს ისეთი სიძლიერეა ადამიანის სულისა, რომ ასეთი სულის ადამიანი ყველაფერს გაუძლებს. თქვენ გგონიათ, ბოროტი უფრო გაუძლებს ბოროტებას?! სიკეთე უფრო გამძლეა, მაგრამ ჩვენ ამას არ ვენდობით ხშირად.“

„არ დაივიწყო შენი ბავშვობა, სულ გაიყოლე თან. ბავშვობა ჩვენი ფესვებია. იქიდან ვიწოვთ ჩვენ სიხალისეს, რომანტიკას, სიყვარულს. გავიხსენებთ ბებიას და სიკეთე გვიჩნდება, პაპას გავიხსენებთ და სიბრძნე მოგვინდება, ჩვენს ცელქობას გავიხსენებთ და გაგვეცინება. ​ეს ჩვენი ფესვები სულ თან უნდა ვატაროთ ჩვენც. რამდენჯერაც ხშირად გავიხსნებთ, იმდენჯერ ცხოვრება გაგვიადვილდება. ჩვენი ბავშვობა ჩვენი ცხოვრების გაადვილებაა. მე ჩემი ბავშვობა თან დამაქვს. ახლაც ჩემი ბავშვობითა და ჩემი ასაკით ერთად გელაპარაკეთ,” - აღნიშნულ საკითხებზე შალვა ამონაშვილმა „ამონაშვილის აკადემიის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად