Baby Bag

რა რეაქცია უნდა გქონდეთ, როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა? - ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის სტრატეგიები, რომლებიც ბავშვის ჯანსაღი დისციპლინის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ

MomsEdu.ge ფსიქოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე ქცევასთან დაკავშირებით საუბრობს.

როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ, როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა. სწორედ ამ თემაზე გთავაზობთ მარი ჯოხარიძე რამდენიმე სტრატეგიას, რომლებიც დაგეხმარებათ სასურველი და ჯანსაღი დისციპლინის ჩამოყალიბებაში.

  • პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გქონდეთ, ნათელი, მკაფიო და თანმიმდევრული წესები, რომლებსაც ბავშვს აუხსენით მათთვის გასაგებ ენაზე.
  • მშვიდად, ნათლად, მაგრამ ძალიან მტკიცედ უთხარით ბავშვს, რა მოჰყვება ამ წესების დარღვევას. მაგალითად, თუ ბავშვი დაბლა დაყრის სათამაშოებს და თქვენ სთხოვთ სათამაშოების ალაგებას, უნდა იცოდეს ბავშვმა, რომ თუ არ შეასრულებს მოთხოვნას, სათამაშოებს ჩამოართმევთ. თქვენი პირობა უნდა შეასრულოთ კიდეც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს თხოვნას არ შეასრულებს, მთელი დღის განმავლობაში ჩამოართვით სათამაშოები. არ დაუშვათ ასეთ დროს გამონაკლისები, მიუხედავად იმისა, როგორი რეაქციაც არ უნდა ჰქონდეს ბავშვს. 
  • ძალიან იშვიათად, შეზღუდულად გამოიყენეთ სიტყვა არა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე ბავშვის უსაფრთხოებას ეხება. სხვა დროს კი ეცადეთ, რომ ყოველთვის გამოიყენოთ პოზიტიური ენა ბავშვთა საუბრის დროს. აკრძალვებიც კი იყოს პოზიტიურად მიწოდებული. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს უთხრათ, არ ადგე, უთხარით, დაჯდომის დროა ან გთხოვ, დაჯექი. 
  • დიდი ყურადღება მიაქციეთ ბავშვს, როდესაც კარგად იქცევა. შეაქეთ, წაახალისეთ, დააჯილდოვეთ. თქვენი ასეთი რეაქცია განამტკიცებს ამ ქცევას და წაახალისებს, რომ ხშირად მოიქცეს კარგად. 
  • ცუდ ქცევას კი ხშირად გაუკეთეთ იგნორი. ბავშვმა თქვენი ყურადღება არ უნდა დაიმსახუროს ცუდი საქციელის დროს.
  • შესაძლებლობა მიეცით, ნახოს, რა მოჰყვება მის ცუდ საქციელს. მაგალითად, თუ ტკბილეულს დაბლა დაყრის, მისი ჭამის უფლება არ მისცეთ. ნახოს ბავშვმა, რომ თუ დაყარა ტკბილეული, შემდეგ მას ვეღარ შეჭამს. ასევე თუ სათამაშოს გააფუჭებს, ამ სათამაშოთი ვეღარ ითამაშებს. როდესაც სათამაშოს გააფუჭებს, თუ სახლში მოგეპოვებათ მსგავსი სათამაშო, არ მისცეთ. შემდგომშიც არ შეუძინოთ ისეთი სათამაშო, რომელიც ბავშვმა გააფუჭა. 
  • ეცადეთ, რომ მთელი დღის განმავლობაში ბავშვი დაკავებული იყოს მისთვის სასურველი და სახალისო აქტივობებით. რადგან ძალიან ხშირად ბავშვი სწორედ ყურადღების მიქცევას ცუდი ქცევით ცდილობს. მისთვის თავშესაქცევი და გასართობია ცუდად მოქცევა და ამით თქვენი ყურადღების მიპყრობა.
  • ასევე უნდა გითხრათ ისიც, რომ მშობლებსაც გაქვთ შეცდომების დაშვების უფლება. ბუნებრივია, რომ ბავშვის ცუდი საქციელი გაღიზიანებთ, ხშირად ხასიათიც გიფუჭდებათ ამის გამო. ამიტომ მიეცით თქვენს თავს იმის შესაძლებლობა, რომ რამდენიმე წუთით განმარტოვდეთ, მშვიდად ჩაისუნთქოთ, დაურეკოთ მეგობარს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამშვიდდებით და იგრძნობთ, რომ უკეთ ხართ, დაუბრუნდეთ ბავშვს და გააგრძელოთ მასთან საუბარი. 
  • არ მოერიდოთ ბავშვისთვის ბოდიშის მოხდას. როდესაც თქვენ დაუშვებთ შეცდომას ბავშვთან ურთიერთობისას, რაც ლოგიკური და ბუნებრივია, ამის შემდეგ აუცილებლად მოუხადეთ ბოდიში. სწორედ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ საუკეთესო მაგალითი ბავშვისთვის პრობლემების გადაჭრის და საქციელის გამოსწორების.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცო​დნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის მარტივი ფიგურების გადახატვას, ფურცელზე ჯღაბნას - ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ფსიქოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე ხატვის უნარზე საუბრობს. რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის მარტივი ფიგურების გადახატვას, ფურცელზე ჯღაბნას - დღევანდელი ვიდეოდან სწორედ ამ საკითხებზე მიიღებთ ინფორმაციას.

მარტივი ფიგურების გადახატვა, რგოლების, ხაზების ხატვა ან ფურცელზე ჯღაბნა, წარმოადგენს სამომავლოდ უფრო რთული უნარების განვითარების წინაპირობას. წრეები და ხაზები არის საბაზისო ელემენტები, რომელთა დახმარებით ბავშვი ისწავლის ასოების და ციფრების წერას, შემოქმედებითი ნახატების შექმნას. ეს უნარი ბავშვს საშუალებას აძლევს, დააკვირდეს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. მაგალითად, თითების მიზანმიმართულ მოძრაობას ფანქრის გადაადგილების მიზნით, მოჰყვება შედეგი - ნაჯღაბნი ქაღალდზე. სწორედ ასეთი მარტივი დეტალები არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის.
მშობლებს გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რეკომენდაციას, რომელთა შესრულებით შვილებს სტიმულს მისცემთ, რომ აღნიშნული თავადაც გააკეთონ:

  • თითით დახატეთ სხვადასხვა ფიგურა - წრე, ჯვარი, სამკუთხედი
  • დახატეთ მტვრიან ზედაპირზე, სილაში ან ფურცელზე საღებავით
  • ხატეთ წყლით, ტროტუარზე ან ეზოში. გაავლეთ ხაზები ან მოხაზეთ წრე
  • გააკარით კედელზე დიდი ზომის სუფთა ფურცელი და მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, რომ ზედ ხატოს
  • გამოფინეთ ბავშვის ნამუშევრები, რათა წაახალისოთ შემდგომი აქტივობები
  • გამოიყენეთ საპნის ფანქრები და ხატეთ აბაზანაში სხვადასხვა ფიგურა
  • ჰაერში თითით მოხაზეთ და დაასახელეთ მოხაზული ფიგურა
  • მიუთითეთ და დაასახელეთ სხვადასხვა ფორმა, რასთანაც აქვს ბავშვს შეხება. მაგ: ბორბალი მრგვალია, წრეა. ფანჯარა ოთხკუთხედია პიცის ნაჭერი სამკუთხედია და ა.შ.
  • როდესაც თქვენ მოგიწევთ წერა, ბავშვსაც მიეცით ფურცელი და კალამი. წაახალისეთ, რომ მოგბაძოთ
  • ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც ბავშვს შესთავაზებთ, მოარგეთ თქვენს ყოველდღიურ საქმიამობას.


​თუ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები გექნებათ, კომენტარებში მოგვწერეთ და ფსიქოლოგი თავად გიპასუხებთ.

წაიკითხეთ სრულად