Baby Bag

თუ ბავშვს ექიმთან ვიზიტის ეშინია, პირველ რიგში, ფობიის გამომწვევი მიზეზი დაადგინეთ

თუ ბავშვს ექიმთან ვიზიტის ეშინია, პირველ რიგში,  ფობიის გამომწვევი მიზეზი დაადგინეთ

ბავშვების ნაწილს ექიმთან მისვლის ძალიან ეშინია. პედიატრთან ვიზიტისას ისინი ისტერიკას აწყობენ, ტირიან და შფოთავენ. ექიმების განსაკუთრებით მცირეწლოვან პატარებს და სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ეშინიათ. მიუხედავად ამისა, მშობლები შვილის პედიატრთან მიყვანაზე უარს ვერ ამბობენ, რადგან სავალდებულო ვაქცინაცია, შეუძლოდ მყოფი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და მისი განვითარების დონის შეფასება აუცილებელია. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვს ექიმთან მისვლა აშინებს?

ბავშვის დახმარება თუ გსურთ, პირველ რიგში, გაარკვიეთ, რატომ ეშინია მას ექიმთან მისვლის. ბავშვების პედიატრთან პირველი შეხება ვაქცინასთან არის დაკავშირებული. ბავშვებს ექიმები იმიტომ აშინებთ, რომ მათ აცრების გაკეთების ეშინიათ. ბავშვის შიშს გაგებით უნდა მოეკიდოთ. ჰკითხეთ მას, რატომ ეშინია ექიმთან ვიზიტის და პასუხს ყურადღებით მოუსმინეთ. თქვენს შვილს აუხსენით, რომ მისი გესმით.

ბავშვს კარგად აუხსენით, რატომ მიგყავთ ის ექიმთან. პატარები ექიმთან ვიზიტს ხშირად კოშმარულ სიზმრად წარმოისახავენ. თუ ბავშვს ნემსის ჩხვლეტა აშინებს, აუხსენით მას, რომ ექიმთან ვიზიტის დროს მას ვაქცინას ყოველთვის არ გაუკეთებენ და უმეტეს შემთხვევაში პედიატრის მონახულება მისთვის სავსებით უმტკივნეულო იქნება.

არასდროს მოატყუოთ ბავშვს, როდესაც ის ექიმთან მიგყავთ. არ დაუმალოთ მას, თუ რა ელოდება პედიატრის კაბინეტში. თუ ბავშვთან იცრუებთ, ის თქვენ მიმართ ნდობას დაკარგავს, ხოლო მისი შიში უკონტროლო გახდება. ბავშვს აუხსენით, რომ შესაძლოა, მას ნემსის ჩხვლეტა ეტკინოს, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდება. ამ შემთხვევაში, ბავშვი შედარებით დამშვიდდება და პანიკაში არ ჩავარდება. მას მოლოდინი ექნება, რომ ტკივილი დიდხანს არ შეაწუხებს, რის გამოც ვაქცინაციის პროცედურას მარტივად გაუმკლავდება.

ვაქცინის გაკეთებამდე ბავშვი გაართეთ. მას წიგნები წაუკითხეთ, საყვარელი სიმღერა უმღერეთ, მულტფილმი ჩაურთეთ, დაუსვით სახალისო კითხვები. როდესაც ბავშვი ექიმთან მიგყავთ, მისი საყვარელი სათამაშო თან წაიყოლეთ, ასე თქვენი შვილის შფოთვას მნიშვნელოვნად შეამცირებთ.

ბავშვს ისეთი წიგნები წაუკითხეთ, რომლებშიც ექიმები დადებით პერსონაჟებად არიან წარმოდგენილნი. თქვენს შვილს ექიმებზე დადებითი წარმოდგენა უნდა შეუქმნათ, რათა მას პედიატრთან ვიზიტისას პოზიტიური მოლოდინები ჰქონდეს.

ბავშვი ექიმთან ვიზიტის შიშს თუ გადალახავს, ის აუცილებლად დააჯილდოვეთ. ამ გზით თქვენი შვილი მიხვდება, რომ მისი მშვიდი ქცევა მოსაწონია და სწორია. ბავშვი საჩუქრის მიღების შემდეგ ექიმთან მომდევნო ვიზიტს უფრო მშვიდად შეხვდება და შიშის გადალახვაც გაუმარტივდება.

მომზადებულია​ theswaddle.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„მოსახლეობის 60-70 პროცენტის აუცრელობის გადამწყვეტი მიზეზი გაუნათლებლობა ვერ იქნება, მოგახსენებთ რატომაც...“ - ექიმი დავით მრელაშვილი

„მოსახლეობის 60-70 პროცენტის აუცრელობის გადამწყვეტი მიზეზი გაუნათლებლობა ვერ იქნება, მოგახსენებთ რატომაც...“ - ექიმი დავით მრელაშვილი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამომწვევ მიზეზებზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს. გთავაზობთ დავით მრელაშვილის პოსტიდან ამონარიდს:

კვლევის" შედეგი დასრულებულია და ერთი საინტერესო აჰა!” მომენტი მქონდა - თუ რატომ იკავებს თავს ხალხის დიდი ნაწილი ვაქცინაციისგან.

აქამდე მეც და ბევრი კოლეგაც ფიქრობდა რომ ქვეყანაში განათლების პრობლემის ბრალია ეს, და რადგან ხალხს ბევრი სამედიცინო (და ზოგიერთ მარტივი რამ) რამ არ ესმით.

განათლების პრობლემა ზოგადად,რა თქმა უნდა არის, თუმცა ეს ვერ იქნება მოსახლეობის 60-70%-ის აუცრელობის გადამწყვეტი მიზეზი და მოგახსენებთ რატომ.

რეალურად, საკმარისი სამედიცინო, სტატისტიკური და მათემატიკური განათლება (ყველაფერი ერთად რომ სიღრმისეულად გაიგონ რატომ არის აცრა უსაფრთხო) აქვს ალბათ საერთო მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებს, უფრო მეტი ალბათობით -1%-ზე ნაკლებს. ამას ვინმეს დამცირების მიზნით კი არ ვამბობ - რა თქმა უნდა ვერ ექნებათ, რადგან არც თუ ისე ადვილია ბოლომდე გაგება ამ საკითხის, და ხანდახან უბრალოდ ექიმობაც” არაა საკმარისი ის მედიცინის უახლესი მიღწევები გესმოდეს საკმარისად.

აუცრელობის ძირეული (root cause) მიზეზი - არასაკმარისი *ნდობაა* (რწმენა არა, კონკრეტულად ნდობა). ნდობა მეცნიერებისადმი (ვაქცინა ნამეტანი მოკლე დროშია შექმნილი და ვერ ვენდობი), ნდობა მთავრობისადმი (მთავრობას ჩვენი დახოცვა უნდა, ფეხებზე ვკიდივართ), ნდობა ექიმებისადმი (ეს ექიმები მოსყიდულები არიან რომ ვაქცინა გაასაღონ), ნდობა სტატისტიკისადმი (ხელოვნურად ცვლიან ციფრებს რომ მეტი ჩაეთვალოთ) და კიდევ მრავალი სხვა). თუ ეს კითხვები გეცნობათ - ქვემოთ მარტივად ვუპასუხებ.

დანარჩენ ყველა კითხვას ბადებს უნდობლობა. ვერ ენდობიან - და „ამის შემდეგ* ჩნდება კითხვები, და არა პირიქით. მოსახლეობის დიდ უმეტესობას არ ჰყავს ოჯახში თუ უახლოეს საახლობლო წრეში ისეთი ექიმი - ვისაც საკმარისად ენდობა.

ან უფრო უარესი - ჰყავთ ვინმე, რომელსაც თავად არ ესმის საკმარისად, მაგრამ რადგან ისეთ როლში ჩავარდა რომ რაღაც უნდა თქვას - თავს იზღვევს” და ამბობს რომ მოდი, თავი შეიკავე”.

აქვე მინდა შემოვიტანო ნულოვანი რისკის ცნება. ადამიანებს გენეტიკურადაც და სოციალურადაც, რაიმეს არ-გაკეთების შედეგი ქვეცნობიერად გვგონია ნულოვანი (უფრო სწორად baseline) რისკი, და იგივე რამის გაკეთების - გარკვეულ წილად გარისკვა (მაგალითი: „რ მინდა ის რაღაც 0.001% გავრისკო რო ავიცრა - იქნებ მე ვიყო ის რეაქცია რო მისცეს").

საქმე იმაშია რომ პანდემიამ ეს ნულოვანი რისკი შეატრიალა: იმის ილუზია აღარავის აქვს,რომ „კორონა მე არ შემხვდება” - თითო ტალღაზე მინიმუმ მოსახლეობის 5-10% ინფიცირდება. ანუ აქ აცრის არ გაკეთება იმას ნიშნავს რომ თქვენი იმუნიტეტი მოუმზადებელი შეხვდეს ვირუსს და მიახლოვებით 70-ში ერთი შემთხვევა (დადასტურებულის) - სიკვდილით დამთავრდეს. გარდა ამისა, ყოველ მესამე ადამიანს - ხანგრძლივი პოსტ-კოვიდური ჯანმრთელობის პრობლემა დაუტოვოს.

ასე რომ „საახლობლოს ავტორიტეტებო”, ვინც თქვენ ნდობა გამოგიცხადათ - სანამ „მოდი თავი შეიკავე”-ს იტყოდეთ, ობიექტურად განსაზღვრეთ თავის შეკავების რისკიც.

რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას: „არ ვიცი რას გამოაჩენს ვაქცინა ორი წლის მერე".

ამაზე თეორიულიც და პრაქტიკული პასუხიც ცალსახაა: თუ რამე „მნიშვნელოვანი“რისკი იქნებოდა - აქამდე, ამ მილიარდობით აცრაში გამოვლინდებოდა, და აგერ გეტყვით რატომ:

აცრა რა ცვლილებებსაც იწვევს ორგანიზმში - ანტისხეულების და უჯრედული იმუნიტეტის გამომუშავება, პიკს აღწევს მეორე აცრიდან 2-3 კვირაში, ანუ ჯამში - პირველი აცრიდან უმეტეს შემთხვევაში 1-2 თვეში. შემდეგ ეს იმუნიტეტი და ანტისხეულები ნელ-ნელა “განზავებას” განიცდის ჩვენს მიერ ყოველდღიურად შესუნთქული და ნაჭამი ბაქტერიასა და ვირუსების მიერ (რაც ასევე ფიზიოლოგიურ “აცრად” შეიძლება ჩაითვალოს) გამოწვეული იმუნური პასუხის შედეგად მიღებული ანტისხეულებით (ანუ მარტივად რომ ვთქვათ - ჩანაცვლდება). ასე, მუდმივ “მონაცემთა ბაზის განახლებას" აკეთებს იმუნიტეტი - უახლოეს დროში გარემოში არსებულ მიკროორგანიზმებზე.

აცრიდან 6-12 თვეში ეს ანტისხეულები იმდენად გაილევა (რადგან ბაზაში ახალი შემოსული ანტისხეულები განაზავებენ) რომ ნელნელა დაიწყება მომატებული შანსი კიდე ინფიცირების, ახალ შტამების დამატებასთან ერთად (აქედან გამომდინარეა ბუსტერის საჭიროება გარკვეული ვირუსებისთვის როგორც კოვიდი და გრიპი). ნუ ინერვიულებთ, ეს რისკი უცებ არ ჩნდება 6 თვის და 1 დღის მერე, ეს თანდათანობითი პროცესია, და თუ ნამეტანი გადააცილეთ ბუსტერი - ინფექცია რომელიც შეგხვდებათ - დიდი ალბათობით ნაწილობრი დაცული იქნებით ნარჩენი” იმუნიტეტით რომელიც ნელ-ნელა მცირდება.

რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდილებას - ეს 2 თვეზე მეტი აცრილი ადმიანების რაოდენობა მილიარდებია მსოფლიოში, რამოდენიმე მილიარდი, და არ ჩანს ეს რქები და ჩლიქები ჯერ (მელოტებშიც კი), და რაღას ელოდებით?

მსოფლიოში ძალიან ბევრი ვაქცინა შექმნილა ბოლო 100 წლის განმავლობაში. არცერთ შემთხვევაში, ვიმეორებ - არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისე რომ წელიწადზე მეტი გავიდეს (კვლევების საწყისიდან), და ათიათასობით საწყის აცრილში მაინც თუ რაიმე მოსახდენი არ იყო სერიოზული გვერდითი ეფექტების მხრივ - არ იყოს გამოვლენილი.

ანუ - თუ თქვენ ორ წელს ელოდებით - იგივე ლოგიკით 5 და 10 წელსაც შეიძლება ელოდოთ. პრაქტიკულად არ განსხვავდება 2 წლის მერე მოსახდენის და 5-10 წლის მერე მოსახდენი რისკი კონკრეტულად ვაქცინის ეფექტის მხრივ.

ერთი სახალისო მეცნიერული ფაქტი - ნებისმიერმა ჩვენგანმა რომ სნო-ს ნაცვლად ჩაილურის წყალი დალიოს საჭმლის გადაცდენის შემდეგ - 100,000%-ით მეტი შანსია, ვიდრე ვაქცინის გამო მოკვდეს. საჭმელს ხო ჭამთ? ჰოდა ვაქცინა 1000-სჯერ უფრო უსაფრთხოა ვიდრე ჭამის დროს დახრჩობა ლუკმის გადაცდენით,“ - აღნიშნავს დავით მრელაშვილი.

წაიკითხეთ სრულად