Baby Bag

რა არის პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა, რა ასაკში ვლინდება და რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზები?

რა არის პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა, რა ასაკში ვლინდება და რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზები?
რა არის პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა, რა ასაკში ვლინდება და რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზები? - ​MomsEdu.ge-ს ამ და სხვა კითხვებს ფსიქოლოგმა ლანა აკოფაშვილმა უპასუხა. 

- პირველ რიგში, რა არის პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა და რამდენად რთულად უმკლავდებიან ბავშვები?

- პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა არის შეყოვნებული რეაქცია, რაც ვითარდება სახიფათო ან კატასტროფული მასშტაბის სტრესულ მოლენაზე საპასუხოდ. მატრავმირებელი სიტუაცია მუდმივად განიცდება შემდეგი სახით: მომხდარის მუდმივად გამეორება ხდება, რაც მოიცავს წარმოდგენებს, აზრებს, აღქმას; ბავშვების თამაშში ჩანს ტრავმის განმეორება; პიროვნებას აქვს აკვიატებული სიზმრები ტრავმული მოვლენის შესახებ, თუმცა ბავშვებთან ვლინდება გაუზრებელი კოშმარები, რომლის შინაარსიც არ არის დაკავშირებული ტრავმულ მოვლენასთან; ვლინდება ,,ფლეშბექები’’, რომლის განცდის პროცესში პიროვნება ტრავმულ მოვლენას განიცდის აწმყოში ისე, როგორც ამას განიცდიდა ტრავმული სიტუაციის განცდის პროცესში. ბავშვები თამაშის პროცესში აღადგენენ მატრავმირებელ სიტუაციას. ვლინდება ინტენსიური ფსიქოლოგიური დისტრესი ნებისმიერ ინტერნალურ ან ექსტერნალურ სტიმულზე, რომელიც პიროვნებას ახსენებს ტრავმულ მოვლენას; პიროვნებას აქვს ტრავმასთან დაკავშირებული სტიმულებისგან გაქცევის მუდმივი მცდელობა; ასევე ვლინდება ყურადღების კონცენტრაციის გაძნელება, განრისხება, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, მომატებული შიშის გრძნობა ხშირი შეკრთომებით და ზესიფხიზლე.

აშლილობის გამკლავება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დროულად მოხდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის ჩართვა, როგორია ოჯახის მხარდაჭერა, ბავშვის თავის გართმევის სტრატეგიები და რესურსები.

- ტრავმული მოვლენიდან რამდენ ხანში შეიძლება, განვითარდეს აშლილობა და რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძლედეს?

- სიმპტომები ვლინდება პირველი სამი თვის განმავლობაში, თუმცა ხდება რამდენიმე თვით ან წლით დაგვიანებული დასაწყისიც. ხშირად აშლილობა იწყება უშუალოდ სტრესის შემდეგ და ამ შემთხვევაში ისმევა მწვავე პოსტ-ტრავმული აშლილობის დიაგნოზი. ეს დიაგნოზი ისმევა მაშინაც, თუ სიმპტომების ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს.

თუ სიმპტომები ვლინდება ტრავმული მოვლენიდან 6 თვის შემდეგ, ამ შემთხვევაში ისმევა დიაგნოზი- პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა მოგვიანებითი დასაწყისით.

გამოსავალი და მიმდინარეობის ხანგრძლივობა დამოკიდებეულია რამდენიმე ფაქტორზე. კარგი პროგნოზის მაჩვენებლად ითვლება სწრაფი დასაწყისი, სიმპტომების გამოვლენის ხანმოკლე ვადა, ძლიერი სოციალური მხარდაჭერა, სხვა ფსიქიკური და სომატური დაავადებების არარსებობა, დახმარების დროულად აღმოჩენა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის მიერ.

- რა ასაკში შეიძლება, განვითარდეს პტსა და რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზები?

- პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა შეიძლება, განვითარდეს ნებისმიერ ასაკში 1 წელზე მეტი ასაკის მქონე პირებთან.

პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობა, ემოციური ძალადობა ან ბულინგი, უარყოფა, ბუნებრივი კატასტროფა, უბედური შემთხვევა, ომი. ბავშვს ტრავმული მოვლენა შესაძლოა უშუალოდ შეემთხვეს, შეემთხვევს ბავშვის ახლობელს ან ბავშვმა ნახოს ეს მოვლენა.

პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის განვითარების რისკის ქვეშ არის ბავშვი, თუ ტრავმული მოვლენა მოხდა არაერთხლ, იყო მწვავე, გრძელდებოდა დიდხანს, ბავშვის მხარდამჭერ პირთა რაოდენობა არის მცირე, ბავშვს არ აქვს ადაპტური თავის გართმევის უნარები და ბავშვის ფსიქიკური მედეგობა არის მცირე.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში მზრუნველთან დაკავშირებული ნეგატიური გამოცდილება მიჩნეულია, როგორც პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი, რაც ნიშნავს იმას, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვმა მშობელთან განშორება, მშობლის გარდაცვალება ან მასთან დაკავშირებული ნეგატიური გამოცდილება, შესაძლოა განიცადოს როგორც ტრავმული მოვლენა, რაც გახდეს პოსტრავმული სტრესული აშლილობის გამომწვევი მიზეზი.

- როგორ ვლინდება პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა, როდის უნდა მივხვდეთ რომ მივმართოთ სპეციალისტს?

- ჩვეულებისამებრ ბავშვის ემოციური რეაქციები - შფოთვა, უიმედობა, მოწყენა, დანაშაულის განცდა ვლინდება ტრავმული მოვლენიდან მოკლე პერიოდში. თუ ტრავმული სტრესული რეაქციები არის ისეთი ინტენსიური, რომ გავლენას ახდენს ბავშვის ფუნქციონირებაზე სახლში, სკოლაში და სიმპტომების რაოდენობა იზრდება, მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის დახმარება. თუ ტრავმული მოვლენიდან გავიდა 6 კვირა და ბავშვი არ გრძნობს თავს უკეთესად, ბავშვს აქვს ფუნქციონირების სირთულეები სკოლაში, ბავშვი განიცდის ტრავმულ მოგონებებს, ,,ფლეშბეკებს’’ და ღამის კოშმარებს, ბავშვს უჭირს თანატოლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და ბავშვი თავს არიდებს ყველაფერს, რაც ახსენებს ტრავმულ მოვლენას, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბავშვთა ფსიქოთერაპევტის და ფსიქიატრის კონსულტაცია.

პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. ბავშვები ტრავმულ ხშირად გამოხატავენ თამაშის პროცესში. სკოლამდელ ასაკში ვლინდება ხშირი ტირილი, ღამის კოშმარები, სხვადასხვა სახის შიშები, მშობელთან ან მზრუნველთან განშორების შფოთვა, წონის და მადის კლება, ბრაზის მართვის სირთულე, რეგრესიული ქცევები როგორიც არის ენურეზი და თითის წოვა, ასევე, ხშირად ვლინდება მუცლის ტკივილი და თავის ტკივილი სამედიცინო მიზეზების გარეშე.

სასკოლო ასაკში ვლინდება ძილის დარღვევა, ღამის კოშმარები, სწავლის პროცესში ყურადღების კონცენტრაციის სირთულე, დანაშაულის და სირცხვილის განცდა, შიშები, შფოთვის მაღალი დონე, გარკვეული სიტუაციებისა და ადგილების თავიდან არიდება, რომლებიც აცოცხლებს ტრავმულ მოგონებებს.

მოზარდობის ასაკში ვლინდება თვითდამაზიანებელი ქცევა, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება, დეპრესია, იმპულსური სარისკო გადაწყვეტილებები და ქცევები, სარისკო სექსუალური ქცევა.

- როგორია პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობის გზები და რა რჩევებს მისცემდით მშობლებს იმისთვის, რომ პატარებმა მსუბუქად გადალახონ რთული ეპიზოდი?

- პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობაზე მუშაობა ხდება ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპიით. აშლილობის სიმწვავის ხარისხიდან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა ბავშვთა ფსიქიატრის მიერ. 

რეკომენდაციები მშობლებისთვის:

  • წაახალისეთ ბავშვი ღიად გაგიზიაროთ ემოციები. აუხსენით, რომ მათი ემოციური რეაგირება არის ნორმალური და გავრცელებული;
  • მოახდინეთ ბავშვის ჩივილების ვალიდიზაცია. შეუქმენით შვილს იმის განცდა რომ გესმით და იღებთ მის ემოციებს, მაშინაც კი, თუ ბავშვის შიშები არ არის თქვენთვის რელევანტური;
  • ტრავმული გამოცდილება ცვლის ბავშვის მიერ სამყაროს აღქმას და ბავშვი აღიქვავს გარემოს, როგორც საფრთხის შემცველს. მცირდება ბავშვის ნდობის დონე გარემოსა და სხვა ადამიანების მიმართ. მშობელს შეუძლია დაეხმაროს შვილს ამ ნდობის აღდგენაში გარემოს მიმართ და შეუქმნას დაცულობის, უსაფრთხოების განცდა;
  • შეინარჩუნეთ რუტინა, წინასწარ განსაზღვრული განრიგის არსებობა დაეხმარება ბავშვს აღიქვას სამყარო, როგორც კვლავ სტაბილური;
  • ისაუბრეთ მომავლის შესახებ და დასახეთ გეგმები. ეს შეცვლის ბავშვის მიერ მომავლის აღქმას, როგორც საშიშის და განუსაზღვრელის;
  • არ აიძულოთ საუბარი. ზოგიერთი ბავშვისთვის ტრავმულ მოვლენაზე საუბარი არის ძნელი. ბავშვებს უადვილდებათ საკუთარი ემოციების დახატვა, ამიტომ შეგიძლიათ ესაუბროთ ბავშვს საკუთარი ნახატის შესახებ, რომლითაც გამოხატა ემოციები;
  • აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ბავშვთა ფსიქოთერაპევთთან და ფსიქიატრთან. 


ესაუბრა მაკა ქაფიანიძე​

შეიძლება დაინტერესდეთ

რა იწვევს, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს და როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს? - თემაზე პედიატრი თეა დადიანიძე საუბრობს

რა იწვევს, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს და როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს? - თემაზე პედიატრი თეა დადიანიძე საუბრობს

რა იწვევს ჭიებს ბავშვებში და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს? - ამ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თეა დადიანიძე ესაუბრა. 

- რა იწვევს ჭიებს ბავშვებში?

- ჰელმინთოზი - ნაწლავური ჭიებით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ინფექციებს შორის. პარაზიტი არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც სხვა ორგანიზმის ხარჯზე ცხოვრებს და მისგან იღებს ცხოველმყოფელობისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო ნივთიერებას.

პარაზიტებს ყოფენ ორ ძირითად ჯგუფად:

  1. უმარტივესები - ერთუჯრედიანი ორგანიზმია, მისი დანახვა შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით;
  2. ჰელმინთები კი შეუიარაღებელი თვალით კარგად ჩანს.

დასნებოვნება ხდება საყოფაცხოვრებო გზით, დაუბანელი ხელებით, გაურეცხავი ბოსტნეულით, ხორც-პროდუქტებით, რომლებიც არ არის სათანადოდ დამუშავებული. თუ ჭიის ლავრა მოხვდა საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ის კუჭის წვენის ზემოქმედების შედეგად იშლება, მაგრამ თუ ნაწლავში მოხვდა, ხდება მათი გააქტიურება.

- რა სიმპტომებით მივხვდებით რომ ბავშვს ჭიები ჰყავს?

- ძირითადი სიმპტომებია: ტკვილი მუცლის არეში, შებერილობა, გულის რევა, პირღებინება, მადის დაქვეითება, დაღლილობა, აგზნებადობა, ალერგიული რეაქცია, ქავილი ანუსის მიდამოში. ასევე, შესაძლოა გამოვლინდეს მომატებული ნერწყვდენა, თუმცა აღნიშნული ჩივილი ზოგჯერ პირის ღრუს დაავადებებს უკავშირდება.

ხშირად, ჭიებით ინვაზიის ერთ-ერთ სიმპტომად ღამის ბრუქსიზმს (კბილების კრაჭუნი) მიიჩნევენ, მაგრამ აღნიშნული ჩივილი, ძირითადად, ძილის დარღვევას და სტრესს უკავშირდება.

- რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?

- ერთ-ერთია ნაწლავთა გაუვალობა, რომელიც ახასიათებს ასკარიდოზსს. მისი მასიური ინვაზია იწვევს ნაწლავის გაუვალობას. ენტერობიოზს შეიძლება ახლდეს შემდეგი გართულებები: ვულვოვაგინიტი, პერიანალური მიდამოს ეგზემა და კანის სხვა დაავადებები.

- შესაძლებელია თუ არა ინფიცირების პრევენცია?

პრევენციისთვის აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, ფრჩხილების კარგად დაჭრა, ხილის და ბოსტეულის კარგად გარეცხვა, ხორცპროდუქტების თერმულად დამუშავება. ასევე, მნიშვნელოვანია, საბავშვო ბაღებში ჰიგიენური ნორმების დაცვა და შინაური ცხოველების დეჰელმინთიზაცია.

- მკურნალობის გზებზე რომ ვისაუბროთ.

- მკურნალობა მოიცავს ანტიჰალმინთურ პრეპარატებს, ჰელმინთის სახეობის გათვალისწინებით. თვითმკურნალობა და პრევენციის მიზნით ანტიჰელმინთური პრეპარატების მიღება დაუშვებელია. მშობელი, როგორც კი შენიშნავს აღნიშნულ ჩივილებს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად