Baby Bag

„ყველაზე მნიშვნელოვანია არა საჩუქარი ან განებივრება, არამედ ის, თუ შვილთან ურთიერთობის რამდენი მომენტი გვაქვს,“ - ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე

ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე გადაცემაში „პირადი ექიმი“ მშობლისა და შვილის ურთიერთობებზე საუბრობს. ის იმ ელემენტებს გამოყოფს, რომლებიც მშობელს ბავშვის უკეთ გაცნობაში ეხმარება:

„ბავშვის გაცნობის პროცესი ერთმხრივი არ არის, ის ორმხრივია, მშობლისა და შვილის ურთიერთობაა, რომელიც ოჯახურ დინამიკაში ჯდება. არის ელემენტები, რომლებიც გვეხმარება, რომ დავაფიქსიროთ, ვიცნობთ თუ არა ჩვენს შვილს. მთავარია, ჩვენ მივეხმაროთ ჩვენს თავს, რომ გავიცნოთ საკუთარი თავი. შემდეგ კი ეს ბერკეტები გამოვიყენოთ ბავშვის დასახმარებლად, რომ გაიცნობს თავისი თავი. ჩვენი ურთიერთობა ამაზე უნდა ავაწყოთ. რა არის ბავშვის გაცნობის ინდიკატორი? მაგ. თქვენ უყიდით შვილს ნივთს, მას კი საჩუქარი მოეწონება. არის თუ არა ეს იმის ინდიკატორი, რომ ბავშვს იცნობთ?! ეს პროცესი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ფლირტი. როდესაც შეყვარებული ცდილობს მის რჩეულს თავი მოაწონოს, რას აკეთებს იმის გასაგებად, თუ რა მოსწონს მისთვის საყვარელ ადამიანს? მას მენიუ აქვს შედგენილი, იცის როგორი სუნამო მოეწონება მის რჩეულს, სად შეიძლება წაიყვანოს, მუსიკა მოსწონს თუ მხატვრობა. ბავშვთანაც ზუსტად იგივე პროცესია. ეს შეყვარების და თავის მოწონების პროცესი ბევრად მარტივია მშობლისთვის. თუმცა შეიძლება ეს პროცესი გართულდეს, თუ მშობელს სხვა ამოცანები დაუდგება წინ. ჩვენ მივყვებით ბავშვის მხრიდან გამოხატულ საჭიროებებს და ინტერესებს, ყველაფერს ვინიშნავთ. მაგ. ამას მწვანე ვაშლი მოსწონს, ყაბაყი მოსწონს, იმას შორტები მოსწონს, იმას ბრიჯები მოსწონს. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ჩვენი შვილი შევამჩნიეთ.“

ნინო გოგიჩაძის თქმით, ბავშვთან დაახლოების პროცესზე მშობლის არასახარბიელო მატერიალური მდგომარეობა გავლენას ვერ ახდენს:

„ეს პროცესი არ არის დაკავშირებული მატერიალურ მდგომარეობასთან. ხშირად აღმოჩნდება, რომ ვისაც მატერიალური შესაძლებლობა აქვს, ის მშობელი შვილს ფულს აძლევს და ბავშვი თვითონ ყიდულობს, რაც უნდა. ამ დროს მშობელმა საერთოდ არ იცის, ბავშვს რა ინტერესები აქვს. ასე პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ მატერიალური კეთილდღეობის პირობებში მშობელი დისტანცირებულია შვილისგან. თუმცა როდესაც მშობელს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები აქვს, მას საკუთარი თავის გაგებაც უჭირს და შვილის გაგების პრობლემებიც არის. მას არ აქვს შესაძლებლობა, რომ იზრუნოს შვილზე ან გულისყურით შეხედოს ბავშვს, რის გამოც უგულებელყოფის მომენტი დგება.“

ნინო გოგიჩაძე აღნიშნავს, რომ ურთიერთობაში მშობელმა ბავშვის ინტერესები უნდა ამოიცნოს:

„ურთიერთობაში მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ და ამოვიცნოთ, ამასთან ბავშვს ვაჩვენოთ, რომ დავინახეთ და ამოვიცანით. მომენტი უნდა შევარჩიოთ, როდესაც შვილს ვეტყვით და გავუზიარებთ, რაც დავინახეთ ან შევამჩნიეთ. მთავარია, ურთიერთობის პროცესში შევიდეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია არა საჩუქარი ან განებივრება, არამედ ის, თუ რამდენი მომენტი გვაქვს შვილთან ურთიერთობის, რა შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად, რაც ორივესთვის სასიამოვნოა.“

„ზოგჯერ ჩვენი შვილები ჩვენთვის აკეთებენ რაღაცას. რთულია ეს შვილისთვის. როდესაც ბავშვი დედის ან მამის ხათრით მიირთმევს, ან თევზს ჭამს ბაბუას ხათრით. ნიშნავს ეს, რომ ბავშვს ვიცნობთ? რაღაც კუთხით ნამდვილად ნიშნავს, რომ ვიცნობთ. ბავშვებს გამბედაობა აკლიათ, რომ რაღაც ახალი გაიგონ და გასინჯონ. შეიძლება ეს იყოს ხიდი, რითიც მივეხმარებით მათ, ვუბიძგებთ შემეცნებისკენ. უსაფრთხო გარემოში ვეუბნებით ბავშვს, რომ რაღაც გასინჯოს, იქნებ მოეწონოს. გარდა იმისა, რომ შვილს უნდა ვიცნობდეთ, უფრო შორსაც უნდა წავიდეთ, ის იმ მიმართულებით უნდა წავიყვანოთ, რაც მისთვის უფრო შესაფერისია. ბავშვს არ მოეთხოვება იცოდეს რაღაცები, რაც, შეიძლება, მშობლის პასუხისმგებლობა იყოს. რა არის იმის ინდიკატორი, რომ მე ჩემს შვილს ვიცნობ? შემიძლია, ვიწინასწარმეტყველო, რას გააკეთებს, მეცოდინება, რომ სკოლაში არ წავა ხვალ, თუ დღეს არ მეცადინეობს, თუ კარგად იმეცადინებს, მეცოდინება, რომ გამოცდებს კარგად ჩააბარებს. თუ ტელეფონზე ბევრს საუბრობს, მივხვდები, რომ ურთიერთობაშია. ეს მე მიადვილებს ამოვიცნო მისი საჭიროებები და მასაც დავეხმარო საკუთარი საჭიროებების ამოცნობაში,“ - აღნიშნავს ნინო გოგიჩაძე.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

აჩუქეთ შვილებს თავგადასავლები სათამაშოების ნაცვლად!
უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ბავშვებისთვის ბევრი სათამაშოს ჩუქება ​არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან პატარები, რომლებსაც სათამაშოების დიდი არჩევანი აქვთ, როგორც წესი, ნაკლებად ბედნიერები არიან....

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა მიხვდეთ, თქვენს მეორე ნახევარს ძველებურად უყვარხართ თუ არა?

როგორ უნდა მიხვდეთ, თქვენს მეორე ნახევარს ძველებურად უყვარხართ თუ არა?
ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეებს შორის სიყვარული ხშირად ნელდება. როგორ უნდა მიხვდეთ, თქვენს მეორე ნახევარს ძველებურად უყვარხართ თუ არა? ჩვენს სტატიაში იმ უტყუარ ნიშნებზე გესაუბრებით, რომელთა მეშვეობით ადვილად მიხვდებით, რამდენად ძლიერია გრძნობა, რომელიც თქვენს მეუღლეს თქვენ მიმართ აქვს.
1. ის ყოველთვის თვალებში გიყურებთ
ერთად სადილობისას თქვენი მეუღლე ტელეფონში არ დაძვრება და არც აქეთ-იქით იყურება. მისი მზერა ყოველთვის თქვენკენ არის მომართული. თქვენი მეუღლე გულისყურით გისმენთ და ყველაფერი აინტერესებს, რასაც ეუბნებით. საუბრისას თვალებში გიყურებთ და მაქსიმალურად ცდილობს, არაფერი გამოეპაროს, რასაც ამბობთ. უახლესი კვლევებით დგინდება, რომ შეყვარებული წყვილები ერთად ყოფნისას დროის 75 %-ს ერთმანეთის ყურებაში ატარებენ, ხოლო ის პარტნიორები, რომლებმაც ერთმანეთისადმი ინტერესი დაკარგეს, ერთმანეთის ყურებაში მხოლოდ დროის 30-60 %-ს ხარჯავენ. როდესაც თქვენ შორის ძლიერი კონტაქტია და მისი თვალები გამუდმებით თქვენს თვალებს ეძებს, ე.ი. მეუღლე თქვენზე ძველებურად შეყვარებულია.
2. ის ყოველთვის ერთსა და იმავეს გიმეორებთ: „როგორც შენ გინდა!“

ზოგიერთი ქალბატონი სიტყვებს: „როგორც შენ გინდა“ მეუღლის მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებასთან აიგივებს. ფსიქოლოგები კი გვარწმუნებენ, რომ შეყვარებული მამაკაცები ურთიერთობისას გაცილებით ნაკლებ ენთუზიაზმს ავლენენ, ვიდრე ქალბატონები. შეყვარებულ ქალბატონებს ოგრანიზმში სეროტონინის გამომუშავება ძალიან მაღალი აქვთ, რის გამოც ისინი ბედნიერების გამოსახატად ათას ორიგინალურ ჟესტსა და ქცევას მიმართავენ. მამაკაცებში სეროტონინი ამ დოზით არ გამომუშავდება. მათთვის მთავარია საყვარელ ქალს სიამოვნება მიანიჭონ და ყველაფერი ისე გააკეთონ, როგორც ეს მათ რჩეულს სურს. ისინი თქვენთან ერთად სიამოვნებით გაატარებენ მთელ საღამოს ტელევიზორის ეკრანთან, თუ ეს გაგაბედნიერებთ. თუ პაემანისთვის იდეალური ადგილის შერჩევაში თქვენ მაქსიმალურად იხარჯებით, თქვენი ქმარი კი პასიურობს, იმედი არ უნდა გაგიცრუვდეთ. თუ ის ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც თქვენ გსურთ, ე.ი. უყვარხართ და გენდობათ. იმის ნაცვლად, რომ დეპრესიაში ჩავარდეთ, ახალი იდეების მოძიებაზე იზრუნეთ და თქვენი ურთიერთობა მაქსიმალურად გაამრავალფეროვნეთ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Mom​sEdu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


3. მეუღლე სექსის დროს სახელით მოგმართავთ
დღის განმავლობაში მეუღლეები ერთმანეთს ხშირად მიმართავენ სიტყვებით: „საყვარელო“ ან „ძვირფასო“. ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა. თუ თქვენი ქმარი სექსის დროს სახელით მოგმართავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თქვენზე თავდავიწყებით არის შეყვარებული. ინტიმური ურთიერთობისას ის მხოლოდ თქვენზე ფიქრობს და თქვენთან ურთიერთობა მისთვის ძალიან სასიამოვნოა. თქვენი სახელის ხშირი გამეორება იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენს ქმარს სხვასთან წასვლის სურვილი ნამდვილად არ აქვს და თქვენთან ურთიერთობით უზომოდ კმაყოფილია. თუ საძინებელში მისი მზერა გამუდმებით თქვენკენ არის მომართული, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის თქვენი შეგრძნებები და განცდები ძალიან მნიშვნელოვანია.
4. მას თქვენ ჩუმად უყვარხართ
შეყვარებულობის საწყის ეტაპზე თქვენი მომავალი მეუღლე ხელს ვერ გიშვებდათ. ის ყოველთვის თქვენს შეხებას ცდილობდა. ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ პერმანენტული ფიზიკური სიახლოვის მოთხოვნილება ნელ-ნელა მინელდა და თქვენ გადაწყვიტეთ, რომ მისი სიყვარული ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორიც ადრე. დროთა განმავლობაში თქვენი მეუღლე სიყვარულის გამოხატვას სხვა ფორმით იწყებს. შეყვარებულობის პერიოდში ახალი ურთიერთობით აღფრთოვანება თქვენს ორგანიზმში დიდი რაოდენობით დოფამინის გამომუშავებას უწყობს ხელს. აღნიშნული ნეიროტრანსმიტერი თქვენზე ისე მოქმედებს, როგორც ძლიერი ნარკოტიკი და მისი გავლენით გამუდმებული ფიზიკური სიახლოვის მოთხოვნილება გიჩნდებათ. აღფრთოვანება, რომელიც ურთიერთობის დაწყებას ახლავს თან დაუვიწყარია, მაგრამ დროებითი.
ეიფორიის გაქრობასთან ერთად წყვილი ნამდვილ სიყვარულს სწავლობს. რელაქსაციისა და განტვირთვის შემდეგ ურთიერთობა სხვა ფაზაში გადადის და შეყვარებულები ერთმანეთისადმი შედარებით გაწონასწორებული, მაგრამ ღრმა გრძნობით განიმსჭვალებიან. თუ თქვენი მეუღლე გამუდმებით თქვენს შეხებას არ ცდილობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას აღარ უყვარხართ. ის სიყვარულს სხვაგვარად გამოხატავს.
5. ის წვეულებაზე წუწუნის გარეშე მოგყვებათ
თუ თქვენი საუკეთესო მეგობარი წვეულებაზე გეპატიჟებათ, თქვენს მეუღლეს კი წამოსვლა არ სურს, მაგრამ მაინც წუწუნის გარეშე მოგყვებათ, ის ამ ჟესტით თქვენდამი პატივისცემასა და სიყვარულს გამოხატავს. როდესაც მეუღლეს თხოვთ, რომ წვეულებაზე გამოგვეთ, ის კი ზედმეტი კითხვების გარეშე შესაფერის ტანისამოსს იცვამს და თქვენთან ერთად მოდის, ამ საქციელით თქვენი საყვარელი მამაკაცი საკუთარ სურვილებსა და გემოვნებას არაფრად აგდებს, რაც ამტკიცებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი თქვენ ხართ. თქვენი მეუღლე მსხვერპლს არ გაიღებდა თქვენზე თავდავიწყებით რომ არ იყოს შეყვარებული.
6. ის კამათის სწრაფად დასრულებას ცდილობს
საყვარელი მამაკაცის მხრიდან სიყვარულის კიდევ ერთ უტყუარ მტკიცებულებას კამათისა და უთანხმოების სწრაფად დასრულების მცდელობა წარმოადგენს. თუ თქვენი მეუღლე საშუალებას გაძლევთ კამათში ყოველთვის მართალი გამოხვიდეთ და თქვენს საწინააღმდეგოდ არგუმენტების მოძიებას არ ცდილობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცებაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობის სიმყარის შენარჩუნებაა. თქვენს მეუღლეს არ სურს, რომ გული გატკინოთ და უსიამოვნო სიტყვებით ჭრილობა მოგაყენოთ, რადგან მან იცის, რამდენად დამანგრეველია ურთიერთობისთვის დაუფიქრებელი სიტყვებით საუბარი და ერთმანეთისთვის მოუშუშებელი სულიერი იარების მიყენება. შემდეგ ჯერზე, როდესაც მეუღლესთან კამათს დაიწყებთ, იმის ნაცვლად, რომ თქვენი სიმართლის დამტკიცებაზე იზრუნოთ, ეცადეთ დათმობაზე წახვიდეთ და პრობლემების ერთობლივად მოგვარება სცადოთ.
7. თქვენთან დროის სასიამოვნოდ გატარების მიზნით, ის ტელეფონსა და კომპიუტერს თავს ანებებს
თანამედროვე ადამიანების უდიდესი ნაწილი ტელეფონსა და ინტერნეტს არის მიჯაჭვული. თუ თქვენი მეუღლე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე დროებით უარს ამბობს, რათა თქვენთან ერთად დრო სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატაროს, ე.ი. ის თქვენზე თავდავიწყებით არის შეყვარებული. როდესაც მამაკაცს ქალი უყვარს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, ის აუცილებლად გამონახავს დროს, რათა ტელეფონი და კომპიუტერი დროებით გვერდით გადადოს და მეუღლეს სათანადო ყურადღება დაუთმოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს მეორე ნახევარს სამსახურისთვის თავის დანებება უნდა მოთხოვოთ. თუ ის დროის რაციონალურად გადანაწილებას ახერხებს და კარიერული მიზნების გამო უყურადღებოდ არ გტოვებთ, ე.ი. უყვარხართ.
8. თუ სამზარეულოში ფუსფუსი არ გიყვართ, ის თეფშებს თქვენს ნაცვლად რეცხავს
ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ თქვენმა მეუღლემ თქვენ შესახებ ყველაფერი იცის. მისთვის ცნობილია, რა მოგწონთ და რა გაღიზიანებთ. შეყვარებული მეუღლე ყოველთვის ეცდება თავიდან აგარიდოთ ისეთი საქმის გაკეთება, რომელიც არ მოგწონთ. თუ ქმარს ძველებურად უყვარხართ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავი კარგად გაგრძნობინოთ. თუ თქვენმა მეუღლემ იცის, რომ თეფშების რეცხვა საშინლად არ გიყვართ, ის ყველანაირად ეცდება, რომ ეს საქმე თქვენს ნაცვლად გააკეთოს. მოსიყვარულე მეუღლე სკანდალს არ მოგიწყობთ, თუ საღამოს სამზარეულოს ნიჟარა გაურეცხავი თეფშებით გექნებათ სავსე. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ქმარი თეფშებს თქვენს ნაცვლად რეცხავს მადლობა აუცილებლად უნდა გადაუხადოთ. ეცადეთ, თქვენ ისეთი საოჯარო საქმით დაკავდეთ, რომელიც თქვენს მეუღლეს არ ხიბლავს. ერთმანეთის თანადგომა და გაფრთხილება სიყვარულის უმთავრესი ნიშანია.
9. ის სიტყვა „განქორწინებას“ არასდროს ახსენებს
ნებისმიერ წყვილს ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს სერიოზული უთანხმოება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მძაფრია თქვენს შორის დაპირისპირება, თუ თქვენს მეუღლეს უყვარხართ, ის სიტყვა „განქორწინებას“ არასდროს ახსენებს. შეყვარებული მამაკაცი ურთიერთობის დანგრევაზე არასდროს იფიქრებს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გულნატკენი, გაბრაზებული ან იმედგაცრუებულია იგი. განქორწინებაზე საუბარი ურთიერთობას სიკეთეს არასდროს მოუტანს. განცდა იმისა, რომ თქვენი ერთად ყოფნა, შესაძლოა, დროებითი მოვლენა იყოს და სამომავლოდ ცხოვრება ცალ-ცალკე უნდა გააგრძელოთ, თქვენს ურთიერთობას ანგრევს. შეყვარებულმა მამაკაცმა ყოველთვის იცის, რომ კონფლიქტის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს. წყვილის ცხოვრებაში უსიამოვნება არაერთხელ იჩენს თავს. ღირსეული მამაკაცი ნებისმიერი დაპირისპირებისთვის მზად უნდა იყოს.
10. მას თქვენთვის სიურპრიზების მოწყობა ძველებურად სიამოვნებს
თუ თქვენი მეუღლე ძველებურად ცდილობს თქვენს გახარებას და თქვენი ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებას, ე.ი. მას ძველებურად უყვარხართ. არ არის აუცილებელი, რომ მან გამუდმებით ძვირადღირებული ნივთებით დაგასაჩუქროთ. თქვენი საყვარელი ტკბილეულის ან ნაყინის შეძენაც კი მის სიყვარულსა და მზრუნველობაში დაგარწმუნებთ. შეყვარებულ მამაკაცს არ დაავიწყდება, რომელი ფილმის ნახვა გსურთ ახლო მომავალში. ის სასურველი კინოსეანსის ბილეთით აუცილებლად დაგასაჩუქრებთ. თუ მეუღლისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, ის ეცდება თქვენი ურთიერთობა სიახლეებითა და სიურპრიზებით გაამდიდროს. შეყვარებული მამაკაცი გამუდმებით გაგრძნობინებთ, რომ თქვენზე ფიქრობს და ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა გაღიმებული და ბედნიერი გნახოთ. 
მომზადებულია ​www.womansday.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად